მცირეოდენი უკმაყოფილება არათუ ნუ დასცდება შენს ბაგეს, გულშიც არ გაივლო
მცირეოდენი უკმაყოფილება არათუ ნუ დასცდება შენს ბაგეს, გულშიც არ გაივლო
როცა სხვებს ასწავლი დიდებულ სათნოებებს, პირველად შენ იყავი მისით განმსჭვალული
წმინდა იოანე კრონშტადტელი

დარიგებანი სამღვდელო პირებს
* მღვდელი არის ცოცხალი ორგანო ჭეშმარიტებისა. ეს ყოველთვის გახსოვდეს და გულმოდგინედ ემსახურე ჭეშმარიტებას.

* მღვდელს, როგორც სიმშვიდისა და მყუდროების მეუფის ამქვეყნიურ წარმომადგენელს, როგორც ხატებას იესო ქრისტესი, გულში ყოველთვის სიმშვიდე და განუწყვეტელი ლოცვის განწყობა უნდა ჰქონდეს, რათა ხალხს ღვთის მშვიდობა და კურთხევა მისცეს, სულიერი მყუდროების გარემოში აღასრულოს ყველა მსახურება, საიდუმლოება და საგალობელი, ყოველთვის მზად იყოს ლოცვისათვის, რომელიც უპირატესად მღვდლის კუთვნილებაა.

* მღვდელი კაცთათვის უნდა იყოს ღვთის წყალობის გამტარი, რომელსაც ის ცოცხალი რწმენით აღვლენილი ლოცვისას იღებს. უფრო მეტად უნდა მიემსგავსოს ღმერთს სიკეთით, რომ მერე თვითონაც კეთილს, შეეძლოს, გამოითხოვოს ყოველგვარი სიკეთე ყოვლადსახიერი ღვთისგან მისთვის მიბარებული ერისთვის - იმიტომ ხომ არ არის, რომ თვითონვე უკეთურებს ჩვენი სიბრმავით და ბოროტებით ღმერთიც ავი გვგონია, რადგან არ გვწამს, რომ უფალი, როგორც მამა, მზადაა, ჩვენი რწმენისა და ლოცვის მიხედვით ყველაფერი გვიბოძოს? ის ჩვენგან, როგორც კარგი შვილებისგან, მხოლოდ ასეთ რწმენასა და ლოცვას ელის. გახდი კეთილი და დაიჯერებ, რომ ღმერთი შენი ლოცვით ყველაფერს გიბოძებს.

* "არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობესსა, არამედ მრავალთასა, რაითა ცნობდნენ" (1 კორ. 10,33). ამიერიდან ეს სიტყვები დევიზად გაიხადე.

* კარგია მუდამ მეფესთან ყოფნა, მაგრამ მაშინ საკუთარი თავის მიმართ დიდი ყურადღება მოგეთხოვება. უნდა იფრთხილო სიტყვის წარმოთქმისას, მოქმედებისას, სიმივით მუდამ დაჭიმული უნდა იდგე. თხემით ტერფამდე ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებული უნდა გქონდეს; ასევე კარგად გრძნობს კაცი თავს ზეცათა მეუფესთან, მაგალითად, მღვდელი, მაგრამ ამისთვის უსათუოდ ყურადღებით უნდა იყოს საკუთარი თავის, ფიქრებისა და გულის მიმართ: სული ყოველთვის დაჭიმული უნდა იდგეს ზეციური მეუფის წინაშე. ცუდია, როცა კარისკაცი მეფის წინაშე შესცოდავს ხოლმე. მეფე კი, როცა შეამჩნევს მას რაიმე დანაშაულს, დასჯის ანდა უსაყვედურებს. მეფეს შეუძლია შეამჩნიოს მისი თითქმის ყოველი საქციელი. ცუდად უბრუნდება საქმე მას, ვინც ზეცათა მეუფეს ამნაირადვე ემსახურება და სცოდავს. მაშინ მეუფე მას ხშირად ძალზე სჯის ხოლმე, მაგრამ ასე არ ექცევა მისგან შორს მყოფთ. "რამეთუ რომელი უყვარან უფალსა, სწავლის და ტანჯის ყოველი შვილი" (ებრაელთა12,6).

* "ნუ ზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ; ნუცა ხორცთა თქვენთათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა და გვამი სამოსლისა?" (მათე 6,25). განსაკუთრებით შენ არ უნდა ზრუნავდე ამისთვის, მოძღვარო. თვით ღვთისმსახურებაში პოვებ საიმედო და საკმარის საზრდელს. დაკმაყოფილდი. იყავ სტუმართმოყვარე.

* "არამედ აღვიკრძალავ ხორცთა და დავიმონებ, ნუუკვე სხვათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო" (1 კორ. 9,27). აი, შენი დევიზი.

* გახსოვდეს დიდებულება შენი მსახურებისა და ისიც გახსოვდეს, რომ შეგიძლია ღმერთს მადლიერება და სიყვარული გამოუცხადო ბოძებული ნიჭებისა და მღვდლად მოწოდების გამო და ღირსი შეიქმნე მის სასუფეველში უდიდესი ჯილდოსი. მთელი შენი ცხოვრება ღვთისმსახურებაა, მაშინ როცა სხვები თავიანთი წოდებითა და ჩვევებით ისე არიან მოწყობილნი, რომ თავიანთი სიცოცხლით მხოლოდ საკუთარ ხრწნად სხეულს ემსახურებიან, ღმერთს კი სიცოცხლის უმნიშვნელო ნაწილს უთმობენ. მაშინაც კი უდროობის გამო გულისყურს ვერ იკრებენ ღვთისმსახურებისას და ფიქრებითა და სურვილებით მიწიერ საგნებზე ფიქრობენ.

* ქრისტე მიწაზე ხილულად არ იმყოფება, მაგრამ ჩვენ ვართ მისი ნაცვალნი. უხილავად გვესაუბრება, ჩვენ კი მისი სახელით ხილულად უნდა ვილაპარაკოთ. ის ცოდვილებს ხილული სასჯელით არ გვემუქრება, ჩვენ კი ვალად გვაქვს, ვიმუქრებოდეთ მისი სასჯელით. უფალი ხილულად არ შეკრავს და არ გახსნის, ჩვენ შევკრავთ და გავხსნით ხილულად. რასაც ის გააკეთებდა ხილულად მიწაზე ყოფნისას, ჩვენ ვაკეთებთ მის არყოფნაში. მან მთელი ძალაუფლება მღვდლებს მისცა. ასე რომ, მოგვისმინეთ ჩვენ, ვით თვით ქრისტეს, მეუფეთა მეუფეს და უფალთა უფალს. თუ არ დაგვიჯერებთ, უფალი სამსჯავროზე ისე განგსჯით, როგორც ურჩებს. ეს არ არის გასაკვირი - თუ ის გლახაკის სახით მოწყალებას იღებს, მის კეთილადმსურველ გამცემთაგან სახითა მღვდლისა, ნუთუ არ მიიღებს მორჩილებას? რომელმან თქვენი ისმინოს, ჩემი ისმინა (ლუკა 10,16).

* როგორ უქადაგებ სიყვარულს, როცა თვითონ სიძულვილით საზრდოობ, როგორ იქადაგებ თავმდაბლობას, როცა თვითონ ამპარტავნობ? მკურნალო, განიკურნე თავი შენი (ლუკა 4,23). როცა სხვებს ასწავლი დიდებულ სათნოებებს, პირველად შენ იყავი მისით განმსჭვალული, რომ არ მიიღო სასჯელი ღვთისა. "რომელი ეგე ასწავებ მოყვასსა, თავსა თვისსა არ ასწავებ" (რომ. 2,21).

* დიდი პიროვნებაა ღირსეული მღვდელი - ის მეგობარია ღვთისა, მისი ნების აღმასრულებლად დადგინებული. თუ საიდუმლოს ატარებს, მაშინ ის პირდაპირი, უახლოესი და უშუალო აღმასრულებელია უფლის ნებისა. როცა ნათლავს, უფლის ბრძანებას ასრულებს: წარვედით, ნათელს სცემდით (მათე 28,19), როცა ლიტურგიას ატარებს, მაშინ ღვთის სახეს წარმოადგენს, აღასრულებს მის სიყვარულის სიტყვებს: "ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა"(ლუკა 22,19); როცა ასწავლის, მაშინაც პირდაპირ უფლის მცნებას ასრულებს. როცა მწყემსავს - მწყემსმთავარს და სახიერ მწყემსს წარმოადგენს, რომელიც ღვთის სულით არის დადგენილი.

* მღვდელი დიდი პიროვნებაა - ის ჭეშმარიტად მეგობარია ქრისტესი, ზეციური მეუფისა: "თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნებ თქვენ" (იოანე 15,14). მაგრამ ყველა მღვდელს უნდა ახსოვდეს, რომ მას ღირსეულ მწყემსად, მასწავლებლად და ღვთისმსახურად გადააქცევს იესო ქრისტესადმი ცოცხალი რწმენა და სიყვარული უფლისა და მის სიტყვიერ ცხოვართა - შენ ხარ კლდე (პეტრე) და ამ კლდესა ზედა (მათე 16,18)... გიყვარ მეა? (იოანე 21,15-17). ასე რომ, წარემატეთ, მღვდელნო ღმრთისნო, რწმენასა და სიყვარულში.

"ნურავინ ნურარაით დაბრკოლებასა ვის სცემთ (ნურც ერთი ცოდვით), რაითა არა იგმოს მსახურებაი ეგე თქვენი (2 კორ. 6,3) - გახსოვდეს ეს სიტყვა, ყოვლადწმინდა ღმერთის მსახურო, ცოდვისაებრ გულში გაჩენილი მცირედი წადილისასაც რომ საძაგლობ.

* ნუ იფიქრებთ, თითქოს ჩვენი რწმენა ჩვენთვისვე ცხოველმყოფელი არ იყოს და ფარისევლურად ვმსახურებთ ღმერთს! არაა ასე. სწორედ რომ პირველნი ჩვენ ვსარგებლოთ ღვთის წყალობით ყველაზე მეტად და გამოცდილებით ვიცით, თუ რა არის ჩვენთვის უფალი თავისი საიდუმლოებებით, მისი ყოვლადწმინდა დედა და წმინდანები. მაგალითად, როცა ვეზიარებით უფლის ცხოველმყოფელი სისხლის და ხორცის საიდუმლოს, ძალზე ხშირად განვიცდით მის ცხოველმყოფელობას, ზეციურ ნიჭებს, სიმართლეს, მშვიდობას და სიხარულს სულითა წმიდითა (რომაელთა 14,17), ვიცით, რომ ისე არ ახარებს მეფის მოწყალე შემოხედვა მის უმოქვენოეს მსახურს, როგორც ახალისებს გულს ჩვენი ზეციური მეუფის კეთილმოწყალე მოხედვა და მისი საიდუმლოებები; უმადურნი და გულქვანი გამოვჩნდებოდით ღვთის წინაშე, საყვარელნო უფლისანო, თუ არ მოგითხრობდით ცხოველმყოფელი საიდუმლოს დიდებულებაზე და ყოველი საღმრთო ლიტურგიისას აღსრულებულ საღმრთო სასწაულებს არ განვადიდებდით! ხშირად საკუთარ თავში განვიცდით იმ დაუძლეველ საღმრთო ძალას უფლის წმინდა და ცხოველმყოფელი ჯვრისას და მისი ძალით განვაგდებთ გულებიდან ვნებებს, სასოწარკვეთას, სულმოკლეობას და ეშმაკის ყველა საფრთხეს. ის ჩვენი მეგობარი და კეთილისმყოფელია. ამას ვამბობთ გულწრფელად, საკუთარი სიტყვების ჭეშმარიტებასა და ძალაში დარწმუნებულნი.

* როგორც ობობა ქსოვს ქსელს, ასევე ღმერთმა გადაჭიმა ხილული სამყარო. ღმერთი კაცთათვის ასეთ დიდებულ საქმეებს მღვდლების მიერ მოიმოქმედებს, რათა ისინი განუწყვეტლივ განცვიფრდებოდნენ და კეთილმოკრძალეობდნენ ღვთის სახიერებისა და სიბრძნის წინაშე, მადლიერებით განადიდებდნენ ჩვენდამი მის უსაზღვრო სიყვარულს და სიხარულით ისწრაფოდნენ თავიანთი წოდების წმინდა საქმეთა შესასრულებლად.

* მსახურება ღვთისა არის მსახურება ცხოვრებისა (მე ვარ ცხოვრება, - ამბობს უფალი, - კ.კ.), რომელსაც სიმშვიდე და სიხარული მოაქვს ჩვენი სულებისთვის. როგორც მზე ათბობს სხეულს, ასევე თბება ღვთისკენ გულწრფელად მიქცეული სული, გრძნობს ცხოველმყოფელ სითბოს და სიხარულს, რომელიც მას ამშვიდებს, ხდის კმაყოფილს და ჭეშმარიტად ნეტარს - გამოგვიცდია ეს ყველაფერი.

* ღვთისმსახურება, რა სახისაც უნდა იყოს (უპირატესად, როცა საეკლესიო წესებს ასრულებ), მიიჩნიე შენი ბედნიერებისა და კმაყოფილების წყაროდ. ღვთისმსახურებისთვის დაივიწყე საჭმელიც, სახლიც, ცოლიც, ხორციელი განსვენებაც და ყველა ამქვეყნიური სიამოვნება, ნუ დაიღლები დღედაღამ უფლის სამსახურში. მცირეოდენი უკმაყოფილება არათუ ნუ დასცდება შენს ბაგეს, გულშიც არ გაივლო. გახსოვდეს, რომ ღირს ღვთისთვის სიცოცხლის დათმობა. ჩვენი ცხონებისთვის, ჩვენი განსვენებისთვის, ჩვენი ნეტარებისთვის ნუთუ არ ღირს, შევწიროთ ყველაფერი? თუ ზოგჯერ შენი მცირედმორწმუნეობით და დაუთმენლობით შეგიძლია მოუთმენლობა და უკმაყოფილება აჩვენო პირებს, რომლებიც ღვთისმსახურებისკენ მოგიწოდებენ (რაიმე საეკლესიო წესის შესრულებას გთხოვენ), ეს ღვთისსაწინააღმდეგო მოუთმენლობა მალევე განაქარვე გულითადი მზადყოფნით (თუ არა გაქვს, აღიძარი ასეთი გრძნობა), რომ აღუსრულო ყველა თხოვნა ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს. თუ არა გაქვს დრო, ყველა საეკლესიო წესი შეასრულო - ცოდვა არ არის, უარი უთხარი. ღმერთო გულისა ჩემისაო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო, განმაძლიერე შენს მსახურებაში.

* შენი ძლიერი ღვაწლი დაე გაგრძელდეს მთელი ცხოვრება, ნუ დაჰყვები ეშმაკის ძალისხმევას, რომ ჭეშმარიტებას მოგაშოროს და თავისი სიცრუისკენ მიგდრიკოს. მტკიცედ იპყარ წმინდა სარწმუნოება და ყველა საღმრთო გარდამოცემა. "რაითა სცნა, რომელთათვის იგი ისწავე სიტყვათა მათ კრძალულებაი" (ლუკა 1,4). სიცოცხლის ბოლომდე ისე აღიარე ყოვლადწმინდა სამება, როგორც გისწავლია. აღიარე ქრისტე, მისი ყველა სწავლება და საიდუმლოებები ისე, როგორც გასწავლეს. ყველა საეკლესიო გარდამოცემა ჭეშმარიტად შერაცხე, ილოცე სულით და ჭეშმარიტებით. წმინდა მამათა ნაბოძები ღვთისმსახურების წესნი სათანადოდ შეასრულე. მათ ღვთივგაბრწყინებულ ნაწერებს პატივი მიაგე და გულმოდგინედ კითხულობდე.

* გახსოვდეს, რომ ყოველთვის დადიხარ უტკბესი იესოს თვალთა წინაშე. ხშირად უთხარი საკუთარ თავს, მე მინდა ვიცხოვრო ისე, რომ ჩემი ცხოვრება ახარებდეს ჩემს სიყვარულს, ჩემთვის ჯვარცმულს. ცხოვრების მეგობრად და თანამგზავრად ავირჩევ წმინდა სიყვარულს, რომელიც დასტევს ჩემს გულში, ყველას ცხონებას მოისურვებს, გაიხარებს მოხარულთა თანა და იტირებს მტირალთა თანა - ეს კი განსაკუთრებით ანუგეშებს ჩემს მანუგეშებელ ქრისტეს.

* სრულიად განაგდე სიზარმაცე და სიხარულით ისწრაფე საღვთო საქმისკენ. თუ მცირეში ურწმუნო ექმნები უფალს, სხვა რამ ბევრშიც ურწმუნო იქმნები. შენი მსახურების ყოველ საქმეს რწმენით მოეპყარ და მიიღე ისე, როგორც შემთხვევა, რომლითაც შეგიძლია გულმოდგინება და სიყვარული აჩვენო უფალს, არა ისე ურწმუნოდ, როგორც ერთფეროვან მოსაწყენ საქმიანობას, რომელსაც უფალი თითქოს ყურადღებას არ აქცევდეს.

* თუ ენასაღათუ კაცთასა და ანგელოზთასა იტყოდე, ანუ შენი სიტყვა სრულყოფილების მწვერვალია, ნათელი, ძლიერი, ტკბილი, დამარწმუნებელი, მაგრამ სიყვარული არა გაქვს, არავინ ხარ (შეადარე 1 კორ. 13,1-2).

* "მნებავს თქვენი, რაითა უზრუნველ იყვნეთ" (1 კორ. 7,32), - ამბობს მოციქული. განსაკუთრებით ღმერთს უნდა შენგან ეს უზრუნველობა საერო საგნების მიმართ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაგრძნობინებს, რომ ყოველივე ამქვეყნიური საზრუნავი დაუთმო მეუღლეს და თვითონ მხოლოდ სულიერზე იფიქრო.

* დაჰპირდი, აღასრულე ყოველი ქრისტიანისთვის, განსაკუთრებით შენთვის, მღვდლისათვის წმინდა წესი. შენ მსახური ხარ ჭეშმარიტების ღმერთისა, რომელმაც ყველა დაპირება ან აღასრულა, ანდა აუცილებლად აღასრულებს - "იოტაი ერთი გინა რქაი ერთი არა წარხდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყველთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს" (მათე 5,18). მიიღე - მაშინვე მადლობა შესწირე. ღმერთს არ უყვარს უმადურები. უმადურობა - უგრძნობელობაა და ურწმუნოება.

* მოსაწონი კია ჩემი მსახურება? - ხშირად წუხან ამქვეყნიური მსახურნი და ცდილობენ, უკეთესად ემსახურონ, მაგრამ ზეციურ მეფეთა მსახურთაგან ცოტა თუ ფიქრობს ასე, უმეტესობა არ ჩაუფიქრდება, მოსაწონია კი ღვთისთვის მისი მსახურება, ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც მისთვის სასურველია, არ გამოცდის, "რაი იგი არს ნებაი ღვთისაი: კეთილი, სათნოი და სრული" (რომ. 12,2). რაოდენ ცუდია ასე მოქცევა!

* მღვდლის მგრძნობიარე მსახურება მისი ცოცხალი რწმენიდან, ღვთისადმი მადლიერების გრძნობიდან მოდის. მან თვითონ გამოსცადა ის, რაზეც ქადაგებს და რაზეც უფალს ევედრება. ღმერთი მისთვის წყალობისა და სიუხვის ღმერთია, ისეთი, როგორიც სინამდვილეშიც.

ხოლო ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს (ფსალ. 72,28) - აი, ჩემი ღვთისმეტყველება, ჩემი ზნეობა, ფილოსოფია, მასშია მთელი ჩემი ცოდნა.

* "ანგელოზსა ეფესოისა ეკლესიისასა არქუ" (გამოცხ. 2,1). მღვდლები - ანგელოზები არიან. ღვთისმსახურებისას მათ ზედა სამღვდელო სამოსს სახე აქვს ჩამოშვებული ფრთებისა. მღვდელნო უფლისანო! რამდენად ამაღლებულია თქვენი წოდება!

* სამღვდელო ხარისხის სიმაღლეს გვიჩვენებს მღვდლების მიერ წარმოთქმული სიტყვები, როცა სამღვდელო შესამოსლით იმოსებიან, ასევე ლოცვები მწუხრის, ცისკრის, ლიტურგიისა და სხვა მსახურების დროს.

* "მომკალმან სასყიდელი თვისი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხოვრებად საუკუნოდ" (იოანე 4,36). რამდენად მაღალი დანიშნულება აქვთ მწყემსებს: ისინი ზეციურმა მეუფემ "ცხოვრებად საუკუნოდ" ნაყოფთა შესაგროვებლად დაადგინა. ნაყოფნი კი უფლის გონიერი ცხოვარნი არიან!
ბეჭდვა
1კ1