თუკი ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა, შეგიყვარდება კიდეც
თუკი ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა, შეგიყვარდება კიდეც
***
"ვინ იქნება, მუდამ ძილი რომ სურდეს? საყოველთაო და საღი განსჯით, ღვიძილი უმჯობესია. მაგრამ კაცი მაინც ძნელად ელევა ძილს: ასოებდამძიმებულისთვის ძილი საამო როდია; თუმცა დიდი ხანია ადგომის დროა, მაგრამ მაინც განაგრძობს თვლემას. მეც ასევე დაბეჯითებით ვიცოდი, რომ ჯობდა, შენი (ღმერთის) სიყვარულისთვის მიმეძღვნა თავი, ვიდრე გულისთქმის მონა-მორჩილი ვყოფილიყავი. პირველი მხიბლავდა და მატყვევებდა, მეორე კი მიყვარდა და ხელ-ფეხს მიკრავდა. ვერაფერს ვიტყოდი შენი სიტყვების პასუხად: "გაიღვიძე, მძინარევ; აღსდეგ მკვდრეთით და ქრისტე ნათელს გფენს შენ". ყველგან თვალნათლივ მიჩვენებდი შენი სიტყვების ჭეშმარიტებას; ამ ჭეშმარიტებით ძლეულს საპასუხო არა მქონდა რა, მხოლოდ უმწეოდ ვლუღლუღებდი: "ახლავე", "ამ წუთას", "ცოტაც მაცალე", მაგრამ ეს "ახლავე" და "ამ წუთას" სულაც არ ნიშნავდა რაიმე განსაზღვრულ ჟამს, ხოლო "ცოტაც მაცალე" უსაშველოდ აჭიანურებდა დროს".
ნეტარი ავგუსტინე

"ყოველი აღსასრულებელი საქმის დაწყებას ნუ დააყოვნებ, იმიტომ, რომ პირველი ხანმოკლე დაყოვნება მიგვიყვანს მეორე, უფრო ხანგრძლივ დაყოვნებამდე, მეორე - მესამემდე, კიდევ უფრო ხანგრძლივამდე და ა.შ. ამის გამო საქმე იწყება ძალიან გვიან და არ ესწრება დროულადო ან სრულიად მიტოვებულია, როგორც მძიმე ტვირთი. თუკი ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა, შეგიყვარდება კიდეც, შეგიყვარდება საქმიანობაზე მეტადაც, ხოლო როდესაც მოიკლავ ამ სურვილს, თანდათან ჩვევად გექცევა - არ აკეთო, ან მცონარებაში შთავარდები და უსაქმურობის ვნება იმდენად დაგეუფლება, რომ ვერ გაიგებ, როგორი უმსგავსო და დამღუპველია იგი შენთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც მცონარებით დამძიმებული, შერცხვენილი ისევ მთელი მონდომებით შეუდგები საქმის კეთებას, დაინახავ, როგორი დაუდევარი იყავი მანამდე და რამდენი სასარგებლო საქმე დაუტევე აღუსრულებელი, უსარგებლო "რაც მინდა, იმას გავაკეთებ" გამო".

***
"უწყოდე, თუკი გონებით არ იმოქმედებ და არ შეებრძოლები სიმძიმისა და სიძნელის შეგრძნებას, რომელსაც მტერი წარმოგიდგენს აღსასრულებელ საქმეთა გამო, მაშინ დაუდევრობა საბოლოოდ დაგრევს ხელს და არა მარტო მაშინ, როცა საქმე გაქვს შესასრულებელი, არამედ როდესაც ჯერ კიდევ შორს მოჩანს იგი, გექნება ისეთი გრძნობა, თითქოს მთა გაწევს მხრებზე, დამძიმდები და დაიტანჯები. ასე იქნები მოსვენების დროსაც, არ გექნება სიმშვიდე და საქმის გარეშეც თავს დამძიმებულად იგრძნობ".

***
"შენი ცხოვრების ყოველი ჟამი ღმერთისთვის სათნოდ წარმართე, მუდამ გახსოვდეს, რომ აწინდელი დღის შემდეგ დრო აღარ მოგეცემა და განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისთვის პასუხი უნდა აგო. შეუფასებელია ის ჟამი, რომელიც შენს ხელთ არის და თუ ამაოდ გაფლანგავ, მოვა დრო, ძებნას დაუწყებ და ვეღარ ჰპოვებ".

***
"მოიღვაწე ღვაწლი იგი კეთილი" (I ტიმ. 6,12), რამეთუ ხშირად მომხდარა, რომ ერთი საათის შრომას სამოთხე მოუპოვებია და პირიქით, დაუდევრობის გამო ერთ საათში დაუკარგავთ იგი".
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

***
"თუ ქრისტიანი დაიძინებს და მღვიძარ არ იქნება, განსაცდელში ადვილად ჩავარდება და თავის სულიერ საუნჯეს - სარწმუნოებას მოაკლდება".

***
"მხნეობა, ისევე როგორც მღვიძარება, ისე არავის სჭირდება, როგორც ქრისტიანს. ქრისტეს მცნებათა აღსრულება ჩვენგან დაუძინებელ შრომასა და შეურყეველ მხნეობას მოითხოვს, რადგან ამ დროს ადამიანი არა მხოლოდ გარეგან შემთხვევებსა და განსაცდელებს, არამედ თავის თავსაც უნდა ებრძოდეს".
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)

***
"უკეთუ უდებ ხარ და მცონარ, მოიხსენენ, რომელმან იგი ქანქარი ქვეყანასა დაჰფლა და რაი-იგი შეემთხვია, და განიღვიძო ძილისა მისგან უდებებისა".

***
"არარაი მძიმე და შეუძლებელი განუწესებიეს ჩვენდა ქრისტესა. ვინაი უკუე ესრეთ მძიმედ გვიჩნს მცნებათა მისთა აღსრულება? უდებებისაგან ჩვენისა და დახსნილობისა. ხოლო გან-თუ-ვიფრთხოთ, ყოველთა უძნელესნიცა მცნებანი ადვილად აღგვიჩნდეს".
წმიდა იოანე ოქროპირი

***
"ვიზრუნოთ, ძმანო, თავთა ჩვენთათვის, განვიფრთხოთ და შევიგნოთ, რა უნდა მოგვცეს ჟამმან ამან. ნუთუ ვკარგვიდეთ ამაოდ? ჭეშმარიტად უწყოდეთ, რომ ვეძიებდეთ დღეთა ამათ და ვერ ვპოვებდეთ".
ამბა დოროთე

***
"სხეული ჩვენი ხანგრძლივი შრომით უნდა დავიმორჩილოთ, რათა მისით საცთურს არ ვეწიოთ".

***
"განუწყვეტლივ მღვიძარე იყავ სულით, რათა მცონარება არ დაგეუფლოს და გულმოდგინებას არ მოაკლდე".

***
"ყოველთვის მხნედ იყავი, რასაც არ უნდა აკეთებდე ღმერთის ნებით".
წმიდა ანტონი დიდი

***
"სულიერ ზრდასა და მრავალსიტყვაობას შორის უკუპროპორციულობაა. იოლი და მაცდუნებელია სულიერი დაძაბულობის შეცვლა ყბედობით. ეს არის საცდური ყოველი "მასწავლებლობისა". ამიტომაც მანამდე, სანამ რაიმეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა სულიერად მას ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო".
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი
ბეჭდვა
1კ1