როგორც კი ზარს ჩამოჰკრავენ, ნუ დაიზარებ და მაშინვე ეკლესიას მიაშურე
როგორც კი ზარს ჩამოჰკრავენ, ნუ დაიზარებ და მაშინვე ეკლესიას მიაშურე
* ნუ მიატოვებ წირვა-ლოცვას მის დამთავრებამდე, რათა ეს დამაბრკოლებლად და ეშმაკის საფრთხედ არ იქცეს შენთვის.

* ეკლესიაში ყოფნის ჟამს ნუ ილაპარაკებ.

* ეკლესიაში ნუ იფიქრებ შენი მკვდრის დამარხვაზე (ანუ ეკლესიაში ყოფნისას ნუ იფიქრებ იმაზე, თუ როგორ მოაწყო შენი ცხოვრებისეული საქმეები).
წმინდა ანტონი დიდი

სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამედროვე აფორიაქებს დედაეკლესიას. განსწავლულებმა დოგმატები გონებით მიიღეს და არა წმინდა მამათა სულისკვეთებით. სხვებმა კი, უსწავლელებმა, დოგმატები კბილებით მიიღეს და დღემდე, საეკლესიო პრობლემების განხილვისას, კბილებს აღრჭიალებენ და ეკლესიისთვის მეტი ვნება მოაქვთ, ვიდრე გარეშე მტრებს.
წმინდა პაისი ათონელი

სულიერი ცხოვრება განყენებული ღვთისმეტყველება არ არის. იგი ქრისტეში ცხოვრებაა - ნამდვილი და ეჭვშეუვალი. მაგრამ როგორ დაიწყებ მას, თუ არ მიიღებ ქრისტეს სულის სისავსეს ზიარების საშინელი და უდიდესი საიდუმლოთი? როგორ იცხოვრებ ქრისტესთან, თუ მის სისხლსა და ხორცს არ ეზიარები?! აქაც, როგორც სინანულში, მტრის შემოტევები არ მოგასვენებს, იგი აქაც მოგიწყობს ათასნაირ ხრიკს; აღმართავს მრავალ შინაგან თუ გარეგან დაბრკოლებას - ხან ვერ მოიცლი, ხან უქეიფოდ იგრძნობ თავს, ხან ზიარების ცოტა ხნით გადადება მოგინდება, რათა უკეთ მოემზადო... ნუ უსმენ, წადი, თქვი აღსარება, მიიღე ზიარება. შენ ხომ არ იცი, როდის მიგიხმობს უფალი.
დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი

* წარმოიდგინე, რა საქციელი იქნება, მავანი ხელმწიფეს ესაუბრებოდეს, ამ დროს ვიღაც მონამ დაუძახოს, მან კი მეფეს ზურგი შეაქციოს და იმ მონას დაუწყოს ლაპარაკი! ზუსტად ამგვარად იქცევა ის, ვინც ღვთისმსახურების აღსრულებისას მავანთან საუბრობს, სხვა რაიმეზე ფიქრობს და გონებაგაფანტულია.

* თუკი არ იცი, ღირსია თუ არა ესა თუ ის მღვდელმსახური მისი წოდებისა, ნუ მოიძაგებ მას ქრისტეს მცნებისთვის. რამეთუ როგორც ოქროს არ აკლდება ღირსება იმის გამო, რომ ტალახითაა მოთხვრილი და როგორც პატიოსანთვლიანი მძივი არ უფასურდება უწმინდურ საგნებთან შეხებით, ასევე მღვდლობაც ვერ შეიბილწება ადამიანისგან, ეს უკანასკნელი უღირსიც რომ იყოს.
წმინდა ეფრემ ასური

* აღმოსავლეთის ეკლესიის ერთგულო შვილო! მოისმინე მეგობრული და მაცხოვნებელი რჩევა. გსურს ღვთის გზის საფუძვლიანი შემეცნება და ამ გზით მარადიულ ცხოვრებამდე მიღწევა? წმინდა ჭეშმარიტება წმინდა წერილში შეისწავლე, უპირატესად კი ახალი აღთქმისა და წმინდა მამათა ნაწერებში. ასეთი საქმიანობის ჟამს წმინდა ცხოვრებაც აუცილებლად საჭიროა, იმიტომ, რომ მხოლოდ გულით წმინდებს ძალუძთ იხილონ ღმერთი; მაშინ, თავის დროზე, ღვთისთვის ცნობილი და სათნო ზომისაებრ წმინდა ჭეშმარიტების მოწაფე, მესაიდუმლე და მასთან განუყრელი, მის მიერ ნაქადაგები სულიწმინდის თანამოზიარე შეიქმნები.

* მთელი თავისი ამქვეყნიური მოგზაურობის განმავლობაში, რომელიც საუკუნეები და ათასწლეულები გრძელდება, წმინდა ეკლესია ცხოვრებისეულ ზღვაზე დასრიალებს. ნივთიერად წუთისოფელს ეკუთვნის, მაგრამ სულით - არა. ის, როგორც ეს უფალმა მოციქულების სახით უთხრა ეკლესიას: "არა სოფლისაგანნი ხართ თქვენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქვენ სოფლისაგან" (ინ. 15,19), სხეულით, მისი მოთხოვნილებებით წუთისოფელს ეკუთვნის, რომელიც "სოფელმა მოიძულა" (ინ. 15,18). წმინდა ეკლესია ცხოვრების ზღვის ტალღებს სერავს, თავისი ღვთაებრივი მოძღვრებით ტალღებს ზემოთ იმყოფება და თავის წიაღში ღმერთზე, ადამიანზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ნივთიერ თუ დროებით, სულიერ თუ მარადიულ სამყაროებზე ჭეშმარიტ შემეცნებას იმარხავს. მთელ ქვეყნიერებაზე ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ეკუთვნის ერთ ჭეშმარიტ ეკლესიას, მის მოძღვრებას სრულად, წმინდად ინახავს და ხომალდთა იმ კრებულს შეადგენს, რომელიც ცხოვრების ზღვაზე მის ბნელ ღრმულებში ჩაუძირავად დაცურავს.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

ნათლისღების საიდუმლოთი მხოლოდ ცოდვათა მოტევება კი არ მოგვემადლება, არამედ მადლიც ღმერთის შვილობისა, მისი ძეობისა... ნათლისღება შეერთება, შეუღლებაა სულიერ სიძესთან... ეს არის სულის მეორედ შობა, მისი შემოსვა ნათლით, მისი აღბეჭდვა წმინდა დაურღვეველი ბეჭდით, რამეთუ ნათლისღება ჩვენი ზეცად მიმყვანი ეტლია, სამოთხისეული ნეტარებაა, წინასწარი განმზადებაა ცათა სასუფევლისა.
წმინდა კირილე იერუსალიმელი

ზოგიერთი დოგმატი და ქადაგება მოცემულია წერილობითი მოძღვრების სახით, ზოგიერთი მივიღეთ სამოციქულო გადმოცემით, მემკვიდრეობით საიდუმლოში. ერთსაც და მეორესაც თანაბარი ძალა აქვს კეთილმსახურებებისთვის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, თუნდაც ნაკლებად ერკვეოდეს საეკლესიო დადგენილებებში, რადგან თუკი გავბედავთ თითქოსდა ნაკლები მნიშვნელობის მქონე დაუწერელ წეს-ჩვეულებათა უარყოფას, შეფარულად ვავნებთ სახარებას სულ უმთავრესში, უარესიც: მოციქულთა ქადაგებიდან ცარიელი სახელიღა შეგვრჩება... განა ვის უსწავლებია ჩვენთვის წერილობით ჯვრის ნიშის გადასახვა? ანდა ლოცვისას აღმოსავლეთისკენ პირის მიქცევა რომელმა წერილმა შეგვაგონა? სულიწმინდის მოწოდების სიტყვები ევქარისტიის პურის და კურთხევის სასუმელის გარდასაარსებლად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა წერილობით?.. კვალად, რომელი დაწერილი სიტყვის მიხედვით ვაკურთხებთ ნათლისღების წყალს და ზეთისცხების ზეთს, ანდა თვით მოსანათლს? განა დაფარული საიდუმლო გადმოცემის მიხედვით არ ვიქმთ ამას? თვით ცხებაც ზეთისა რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? საიდან არის ადამიანის სამგზის შთაფლვა წყალში ნათლისღებისას? რომელი წიგნებიდან არის ამოღებული სატანისა და მისი ბოროტი ანგელოზების უარყოფა ნათლისღების საიდუმლოშივე? განა იმ გამოუქვეყნებელი და გამოუთქმელი მოძღვრებიდან არ არის ყოველივე, რომელიც საიდუმლოთა სიწმინდის დუმილით დაცვაში საფუძვლიანად განსწავლულმა მამათა ჩვენთა ცნობისწადილისა და გამოკითხვისთვის მიუწვდომელ მდგომარეობაში შეინახეს, რამეთუ რა ღირსსაფერი იქნებოდა წერილობით გამოქვეყნება სწავლებისა იმის შესახებ, რაზეც მოუნათლავებს შეხედვაც კი ეკრძალებათ?!
წმინდა ბასილი დიდი

ჩვენ, ქრისტიანებს, განსაკუთრებულად გვეკრძალება ცოდვით დაცემულ ადამიანთა ძალადობით გამოსწორება. ჩვენი ბრძოლა ცოცხალთ კი არ გადააქცევს მკვდრებად, არამედ მკვდრებს განაცოცხლებს, რადგან ეს ბრძოლა სიყვარულით, სიმშვიდითა და უწყინარობითაა აღსავსე... მე ქმედებებით კი არ ვდევნი მწვალებლებსა თუ ბოროტის მოქმედთ, არამედ სიტყვით, და თვით მწვალებელთ კი არ ვავიწროებ, არამედ მხოლოდ მათ სენს - მწვალებლურ სწავლებას.
წმინდა იოანე ოქროპირი
ბეჭდვა
1კ1