სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
(ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან)
სინანულს, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ორი სახე აქვს - იგი წარსულშიც იყურება და მომავალშიც. წარსულში - რათა ჩადენილი ცოდვების გამო იგლოვოს, მომავალში კი - იმიტომ, რომ ეს ცოდვები აღარ განმეორდეს.

***
ღმერთმა ცოდვები რომ მოგვიტევოთ, ორი-სამი დღის ლოცვა საკმარისი არ არის. ამისთვის მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა შევცვალოთ, ცოდვა დავტოვოთ და სათნოება ვამრავლოთ.

***
რატომ არ დაბრუნდა ეგვიპტეში მარიამ მეგვიპტელი იერუსალიმიდან, სადაც მან თავისი ცოდვილი ცხოვრება მოინანია, და იორდანიის უდაბნოში გადაიხვეწა? იმიტომ, რომ სანამ ეგვიპტეს მიაღწევდა, გზად ის ადგილები უნდა გაევლო, რომლებიც მის წარსულთან იყო დაკავშირებული და ეშინოდა, მათგან აღძრული გულისთქმით არ დაცემულიყო. ყველა ასე უნდა ვიქცეოდეთ. თუკი გამოსწორებას გადავწყვეტთ, უნდა განვაგდოთ ყველაფერი, რაც ცოდვილ ცხოვრებასთან გვაკავშირებს და საკუთარ თავს ახალი წესრიგი და კანონები დავუდგინოთ. ამით ცოდვიან მიდრეკილებებს და ვნებებს შევავიწროებთ და თითქოსდა წნეხში მოვაქცევთ.

***
ღვთის სამსჯავრო ადამიანის სამსჯავროსგან განსხვავებულია: მოწყალე და კაცთმოყვარე უფალი მრისხანების ვნებას რომ ემორჩილებოდეს და მისი ღვთიური დიდების ყოველ შეურაცხყოფას მაშინვე რომ სჯიდეს, ადამის მოდგმა დიდი ხნის გადაშენებული იქნებოდა.

***
ცოდვით რომ არ დაეცე, ღვთის სამსჯავროსი უნდა გეშინოდეს; ხოლო ცოდვით დაცემის შემდეგ სასოწარკვეთილება რომ არ დაგეუფლოს, ღვთის მოწყალების იმედად უნდა იყო.

***
მართალია, ღვთის განგებულების მიზეზები ჩვენთვის დაფარულია, მაგრამ ყველაფერი, რაც ყოვლადბრძენი და კაცთმოყვარე ღვთის დაშვებით ხდება, რაოდენ საძნელოც გინდა იყოს, ჩვენთვის უეჭველად საამო უნდა იყოს.

***
სანამ საღვთო წერილის კითხვას დაიწყებ, ჯერ უფალს მოუხმე, რომ გულის სარკმელი გაგიხსნას, რათა არა მხოლოდ ჩაწვდე წაკითხულს, არამედ აღასრულო კიდეც ის, იმიტომ, რომ მას, ვინც კითხულობს, მაგრამ არ აღასრულებს, სძულს წმინდა წერილი.

***
მადლი ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის იგივეა, რაც სუნთქვა - სხეულისთვის. სუნთქვის გარეშე სხეული მკვდარია. ასევე, ქრისტიანი მადლის გარეშე ქრისტიანი არ არის, ის სულიერად მკვდარია.

***
ვისაც სურს, ღვთის მადლი შეინარჩუნოს, უნდა მადლობდეს უფალს მადლისთვის: როცა ის ეძლევა, დაითმინოს, როცა ერთმევა, ილოცოს მის დასაბრუნებლად, თვალყური ადევნოს საკუთარ თავს და დამდაბლდეს, რომ ისევ არ დაკარგოს მადლი.

***
ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც ღვთისა და სულის უკვდავების რწმენა არა აქვს, გონიერი ველური მხეცების ხროვას ემსგავსება, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ერთმანეთის საჯიჯგნად და გასანადგურებლად.

***
ერთ ბერს ალექსანდრიის მახლობლად წარმართების ბრბო შემოერტყა გარს და როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. დაბოლოს, როცა დაცინვით ჰკითხეს: რა გაგიკეთათ ისეთი საოცარი იესო ქრისტემ, თაყვანს რომ სცემთო, - ბერმა უპასუხა: ის, რომ არ შევშფოთდები და არ მწყინს ის შეურაცხყოფა, რომელსაც მაყენებთ, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ის.

***
სასწაულები ბუნების კანონებს არღვევენ. მაგრამ ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ მათი წყარო არის არა ბუნება, არა ბუნების კანონებს დაქვემდებარებული ძალა, არამედ შემოქმედი, რომელმაც შექმნა ბუნებაც და მისი კანონებიც.

***
ღვთისთვის არაფერია სიყვარულზე უფრო სათნო. არაფერი არ აამებს მას იმაზე მეტად, ვიდრე მისადმი სიყვარულით ანთებული ადამიანის გული. სიყვარულის გარეშე კი ადამიანის ყოველგვარი მოქმედება, როგორი კეთილი და დიადიც არ უნდა გვეჩვენებოდეს იგი, არაფერს ნიშნავს ღვთის წინაშე და მისი საწინააღმდეგოც კია.

***
გარეგნული ღვთისმოსაობა შინაგანის გარეშე იგივეა, რაც ქარქაში - უხმლოდ. სასაცილო იქნებოდა ის მეომარი, რომელიც მხოლოდ ქარქაშით შეეცდებოდა მტერთან შებმას. სასაცილონი არიან ის ადამიანებიც, რომელთაც ხორცსა და სოფელზე გამარჯვება მხოლოდ გარეგნული ღვთისმოსაობით სწადიათ. ხოლო თუ ჰგონიათ, რომ ასეთი ღვთისმოსაობით ღმერთს აამებენ, ამასთან ერთად საცოდავნიც ყოფილან.

***
ჭეშმარიტად სასარგებლოა ის, რაც ემსახურება მარადიული სიცოცხლის მოპოვებას და არა მიწიერი კეთილდღეობისა და სიხარულისას.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვა
1კ1