ნუ შეეხებით მოყვასის ღირსებას თქვენი ენით, არამედ გამოიყენეთ იგი მხოლოდ ღმერთის სადიდებლად
ნუ შეეხებით მოყვასის ღირსებას თქვენი ენით, არამედ გამოიყენეთ იგი მხოლოდ ღმერთის სადიდებლად
"შეიძლება ვიყოთ ანგელოზებივით კეთილნი მათ მიმართ, ვინც ნდობით და სიყვარულით გვეპყრობა, მაგრამ საკმარისია წავაწყდეთ, შევეხოთ ბოროტებას, განკითხვას, შუღლს, რომ სიკეთე უკუ გრძნობაში გადადის. ეს ნათლად გვიჩვენებს ჩვენს სრულ უძლურებას ბოროტების წინაშე, უპირველესად ჩვენში არსებული ბოროტების წინაშე, რომელიც თავს იჩენს მყისვე, როცა უცხო გვაკრიტიკებს. განკითხვა, კრიტიკა - მწარე წამალია ჩვენი პატივმოყვარეობისა, თვითკმაყოფილებისა".

* * *
"ადამიანთან ურთიერთობების სქემა ასეთია: ადამიანი ძალიან მოგწონს, აიდეალებ, ვერ ხედავ ვერაფერს ცუდს და უცებ რაღაც ეშლება - იცრუებს, იტრაბახებს, ლაჩრობას გამოიჩენს, შეიძლება შენც კი გაგყიდოს. და აი, გადააფასებ, გადახაზავ ყველაფერს, რაც ადრე მოგწონდა და რასაც ხედავდი, განაგდებ კაცს შენი გულიდან. მე დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ეს მეთოდი ადამიანებთან ურთიერთობისა არასწორია. ადამიანებთან ასეთ დამოკიდებულებას საფუძვლად უდევს ორი შენდაუნებური აზრი: 1. მე უცოდველი ვარ და 2. ადამიანი, რომელიც მე შევიყვარე, ასევე უცოდველია. აბა, სხვაგვარად როგორ ავხსნით სხვების მკვეთრ განკითხვას და გაკვირვებას, როცა კარგი, კეთილი, კეთილშობილი ადამიანი სცოდავს? ეს დასკვნები სამწუხარო ფაქტია იმისა, რომ შენც ყველა ცოდვის ჩამდენი ხარ. ამავე დროს ახლობლებთან ურთიერთობის ნორმაა: ვაპატიოთ უსასრულოდ, რადგან თვითონ ჩვენც უსასრულოდ ვსაჭიროებთ პატიებას. მთავარია, არ დაგვავიწდეს - ის, რაც კეთილია, რასაც ჩვენ ვაფასებთ, რჩება, ხოლო ცოდვა ყოველთვის იყო, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვამჩნევდით".
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

"კაცთაგან ლანძღვა გულს მწუხარებით ავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია".

* * *
"თუ ვინმე გაწყენინებს, გლანძღავს ან გდევნის, იფიქრე არა აწმყოზე, არამედ დაელოდე მომავალს და დაინახავ, რომ ის შენთვის მრავალი სიკეთის მიზეზი ყოფილა არა მარტო ახლა, არამედ მომავალ ცხოვრებაშიც".

* * *
"ნუ ისურვებ შენი მტრების უბედურების გაგებას, რამეთუ ამგვარი საუბრის მსმენელნი საკუთარი ნების ნაყოფს იმკიან".

* * *
"ნიშანი არაპირფერული სიყვარულისა - წყენის მიტევებაა, რამეთუ სწორედ ამგვარად შეიყვარა უფალმა ეს სოფელი".

* * *
"უდიდესი სათნოებაა მოწევნულის დათმენა და ღვთის სიტყვისამებრ, მოყვასის სიყვარული, რომელსაც ვძულვართ".

* * *
"შეუძლებელია ვინმეს შეცდომების მთელი გულით პატიება ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე, რამეთუ ის უჩვენებს თითოეულს, რომ ეს შეცდომა მისივე საკუთარია".
წმინდა მარკოზ განშორებული

"რითაც შეიძლება, რომ დააბრკოლოთ ან შეურაცხყოთ მოყვასი, იმას საერთოდ ნუ გააკეთებთ; ხოლო თუ იგი შეურაცხგყოფთ, ეს მიიღეთ არა შეურაცხყოფად, არამედ ღვთისგან თქვენთვის გამზადებულ იარაღად, რომლითაც, თუკი ისურვებთ, შეგიძლიათ მოსპოთ თქვენში არსებული ყოველგვარი უწმინდურება გულისა".

* * *
"ნურავის ატკენთ გულს და ნუ მიაგებთ გინებას გინებისა წილ, მწუხარებას მწუხარებისა წილ და ცხოვრების წიგნში ღირს მამათა გვერდით ჩაიწერება თქვენი სახელი".

* * *
"როდესაც აღმოაჩენთ თქვენში ვინმეს მიმართ უნებურ ზიზღს, შეეცადეთ დაამარცხოთ ეს ცოდვიანი შეგრძნება: აიძულეთ თავი, ილოცოთ ასე: "უფალო, იხსენ მონა შენი (სახელი) და მისი წმინდა ლოცვებით მოალბე გული ჩემი". აიძულეთ თავი, მოემსახუროთ თქვენთვის სასურველ ადამიანს და გამოიჩინოთ მისადმი ყოველგვარი ყურადღება და უფალი, დაინახავს რა თქვენს კეთილ განზრახვას, არა მარტო ამოძირკვავს ზიზღს თქვენი გულიდან, არამედ თვით მასაც წმინდა სიყვარულით აღავსებს".

* * *
"ნუ შეეხებით მოყვასის ღირსებას თქვენი ენით, არამედ გამოიყენეთ იგი მხოლოდ ღმერთის სადიდებლად ანდა ვინმეს სასარგებლოდ და დასამოძღვრად. ხოლო თუ მოინდომებთ ბოროტსიტყვაობას, გაიხსენეთ სიჭაბუკიდან ჩადენილი თქვენი ცოდვები და ამხილეთ საკუთარი თავი მათი ჩადენისთვის".
უხუცესის რჩევები ერში მცხოვრებ ქრისტიანს

"თვით სულიერი ცხოვრების წარმატება სიმდაბლის სიღრმით განისაზღვრება. ამიტომ ყოველგვარი დამცირება, შეურაცხყოფა, წყენა, დაცემაც კი ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფლის ხელით გამოგზავნილი, რაც ხელს უწყობს ჩვენი "მეს" დათრგუნვას არა დრტვინვით, არამედ მადლიერებით".

* * *
"სიმდაბლე ვერ ითავისებს მოყვასის განკითხვას და წყენას. თუ ჩვენ განვიკითხავთ სხვებს, ანდა გვწყინს, როცა რაიმეთი შეურაცხგვყოფენ, მაშინ არანაირი სიმდაბლე არ გაგვაჩნია. წმინდა მოღვაწენი ყოველთვის გულწრფელად მადლობდნენ მათ, ვინც აწყენინებდა და შეურაცხყოფდა, რადგან წყენის დათმენით სიმდაბლეს სწავლობდნენ... მხოლოდ სიმდაბლის წყალობით იქცევა ადამიანი "ერთ სულ" ღვთისა, რომელმაც ფურთხების, ყვრიმალცემისა და ჯვარცმისთვისაც კი დაიმდაბლა თავი".
იღუმენი ნიკონი

"მიიღე უსამართლობა, როგორც უდიდესი კურთხევა, ვინაიდან ამით ზეციურ კურთხევას იუნჯებ. მაგრამ ნუ ისწრაფვი, რომ უსამართლოდ მოგექცნენ, ვინაიდან ამით ინიღბება თავაზიანი ბოღმა".

* * *
"როდესაც უსამართლოდ გეპყრობიან, ნუ იტყვი: "ღმერთმა მოგიზღოს!", რადგან მაშინ შენ ზრდილობიანად წყევლი".

* * *
"ადამიანს, როცა სცოდავს და გულწრფელად გთხოვს შენდობას, შეუნდე იმდენჯერ, რამდენჯერაც შესცოდავს და ახლოდანაც გიყვარდეს იგი. ხოლო ვერაგს, რომელიც ვითომდა გთხოვს შენდობას, რომ საქმე გაიკეთოს, მუდამ კი გითრევს თავისი ჩანაფიქრის ხლართებში, რომლებიც ვნებენ სხვა ადამიანების სულებსაც, შეუნდე სამოცდაათგზის შვიდჯერ და შემდეგ გიყვარდეს შორიდან და ილოცე მისთვის".

* * *
"სიხარულით მიიღე უსამართლობა, როდესაც იგი არ გვნებს სულიერად. რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით უფრო ნაკლები უფლებები აქვს ამ ცხოვრებაში, რადგან მართლის უფლებებს ქრისტე ზეციური ცხოვრებისთვის ინახავს".
ბერი პაისი ათონელი

"თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულს. თუ არ იქნებით მადლიერი ბოროტისმყოფელისა, დიდად ავნებთ თავს! ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმენდელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი ქრისტეს მიერ მოვლინებული".

* * *
"მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმინდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელთ, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმინდა მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? - მათმა მკვლელებმა. ვინ მიუბოძა წმინდა სტეფანეს ესოდენი დიდება? - მათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლა".

* * *
"მე არ ვადანაშაულებ ჩემს მაგინებელთ, არამედ კეთილისმყოფლად მივიჩნევ და ზურგს არ ვაქცევ მათ, ვინც მკურნალია ჩემი ამპარტავანი სულისა, იმის შიშით, რომ უფალმა არ უთხრას ოდესმე ჩემს სულს: "ვკურნავდი ბაბილონს და არა განიკურნა".

* * *
"უწყოდეთ, რომ ვერავინ გვეტყვის ჩვენს ნაკლს ისე ცხადად, როგორც ჩვენი მაძაგებელნი და შეურაცხმყოფელნი, და არავინ გვიზამს ცუდს, როგორც ჩვენი მაქებელნი, და ბოროტისმყოფელნიც ვერ იტყვიან სრულად ჩვენს ნაკლს, რადგანაც თუკი იხილეს ჩვენი ბოროტების სიღრმე, მაშინვე ზურგს გვაქცევენ, როგორც სიმყრალეს, არაწმინდა სულით სავსე გუბეს... ყოველი განმკითხველი რაიმე ერთ ნაწილს განიკითხავს მხოლოდ, ყოველივე კი მაინც არ იცის და თუ იობ მართალი იტყოდა: "სავსე ვარ გინებითა" (იობი 10,15), რაღა გვეთქმის ჩვენ, რომელნიც უფსკრულნი ვართ ვნებებისა. ეშმაკმა ჩვენ ყოველგვარ ლოცვასთან დაგვაზავა და ამიტომ მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, ვინც დამცირებას გვაზიარა, რამეთუ ისინი, ვინც მიხვდა თავის სიგლახაკეს და იდანაშაულებს თავს, შემუსრავენ ბოროტ სულებს, როგორც თქვეს წმინდა მამებმა: "შთათუხდეს სიმდაბლე ჯოჯოხეთად, ზეცად ამაღლდების და აღთუხდეს ამპარტავნება ცამდე, ჯოჯოხეთად შთავალს".
წმინდა ზოსიმე პალესტინელი
ბეჭდვა
1კ1