იყავ მდაბალი ყველას წინაშე და უბოროტო
იყავ მდაბალი ყველას წინაშე და უბოროტო
ყოვლისშემძლე უფალი და თვალნი მისნი ყველგან მხედავენ
წმინდა იოანე კრონშტადტელი
დამრიგებლობითი თავნი. მღვდლობის პატივზე, ვალსა და მოვალეობაზე

გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##23-26
* ყოველთვის გახსოვდეს, რომ ღმერთი შეგვიწყნარებს თავისი მხოლოდშობილი ძისა და მისი მადლის და შენ გამო. თორემ სხვაგვარად უფალი არც მოგისმენდა და არ აგისრულებდა ლოცვებს, განრისხდებოდა კიდეც შენზე, როგორც ცოდვილზე. ამიტომ ღვთის წყალობის იმედი ყოველთვის გქონდეს. თუნდაც ღმერთს საჭმელად და სასმელად მისი მხოლოდშობილი ძის სისხლსა და ხორცს სთხოვდე - აუცილებლად გიბოძებს ანუ შენთვის პურსა და ღვინოს შექმნის თავის ძის სისხლად და ხორცად. შეხედე შენს თავს ღვთისმსახურებისას, გარემოცული ხარ მადლისმიერი სიმბოლოებით, რომელიც გეუბნება, რომ მსახურობ არა შენ, სუსტი და ცოდვილი ადამიანი, არამედ ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი, შენ კი მსახურების ჟამს მის სახეს წარმოადგენ.

* ღვთისმსახურებას და საიდუმლოთა აღსრულებას შეუდექი მტკიცე რწმენით და სრული სიმშვიდით, როგორც ყველაზე ჩვეულებრივ საქმეს, როგორც ყველაზე საიმედოს და კეთილნაყოფიერს შენი სულისა და მათთვის, ვინც განღებული გულით უსმენს ღვთისმსახურებას და ეზიარება. იყავი ყოველთვის მტკიცე და გაწონასწორებული, უცვალებელი ღვთის მსახურებისას. გახსოვდეს, რომ ჩვენი რწმენა თვით ამ სამყაროზე მტკიცე და შეურყეველია: "უადვილეს არს ცისა და ქვეყანისა წარსვლაი, ვიდრეღა სჯულისა ერთი რქაი დავრდომად" (ლუკა 16,17). "იოტაი ერთი გინა რქაი ერთი არა წარხდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყველთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს" (მათ. 5,18).

* მღვდლის სულმოკლეობა და ყოყმანი - უგუნურებაა და დამცირებაა სულისა: განა ის ყოვლისშემძლე ღმერთის ნაცვლად ვინმე უძლურს ემსახურება, ზოგჯერ რომ ერთიანად მოუძლურდება ხოლმე სულით, ღვთისმსახურებისას ეშმაკის მიერ მოგვრილი იჭვნეულობით რწმენაშერყეული? განა ღმერთი უცვალებელი არსება კი არა, ცვალებადია - მღვდელიც რომ ასე ხშირად იცვლება მისი მსახურებისას ათასფერად, ანუ იღებს სხვადასხვანაირ სულიერ განწყობილებას და მდგომარეობას?

უნდა გქონდეს გაწონასწორებული სული, მტკიცე და მამაცური, ყოვლის დამმარცხებელი, ყოვლისშემძლე ღმერთის სახელით; მითხარი მაშინ, რად სულმოკლეობ? შესცოდე განა? მწუხარება გიხუთავს გულს? მაგრამ უფალი ღმერთისთვის ჩვეულებრივი ამბავია - მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები. მხოლოდ შესთხოვე მას ეს მთელი გულით. სიდიადე და უჩვეულობა საშინელი მსხვერპლშეწირვისა, რომლის აღმასრულებლადაც შენ სუსტი, ცოდვილი და არარაობა დაგადგინა ღმერთმა, ეს გაშინებს და გიმღვრევს გონებას? - იდექი მტკიცედ, არ შეგეშინდეს: ნუთუ მას მხოლოდ ღმერთი არ მოიმოქმედებს ჩვენი უძლურების მიერ? მისთვის ჩვეულებრივი ამბავია გამოგვზარდოს თავისი სისხლით და ხორცით, თუმცა ბოროტი მტერი კი შთაგვაგონებს ეჭვს უფალი იესო ქრისტეს ჭეშმარიტი სიტყვების მიმართ, თითქოს რაიმე დაუჯერებელი იყოს. ასევე ჩვეულებრივი ამბავია ნათლისღების წყლითა და სულით კაცი ხელახლა შობოს, მიუტევოს ცოდვები აღსარების საიდუმლოში და სხვა.

უკვე დიდი ხანია, რაც დრო დაგიდგა, სულიერი ხედვის ჰორიზონტი რომ გაიფართოვო და ღვთის მიერ აღსრულებულ საქმეებს ღვთისვე თვალებით უყურო და არა ადამიანურით. ხელს რა გიშლის ამაში? შენ მუდმივად იხმევ ღმერთის უხილავ და საოცარ საქმეთა ნაყოფს! მეფესთან დაახლოებული პირნი რას ფიქრობენ თავიანთგან აღსრულებულ მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეებზე? სჯერათ, ისევე როგორც მრავლისშემძლე მეფეს, უფლება აქვთ, გამოიყენონ უზარმაზარი მატერიალური საშუალება და ურიცხვი ხალხის ძალა, ამიტომაც განზრახულ საქმეს ადვილად აღასრულებენ, და მით უფრო ადვილი არ იქნება ეს ყოვლისშემძლე მეუფისთვის?

* ყოველთვის ყველგან ყველაფერს უფალი მოიმოქმედებს, ჩვენ მხოლოდ იარაღი ვართ. ის კი, მოწყალე და ყოვლადძლიერი, ყველგან არის.

* ჩვენი საქმეა, გამზადებული კანონებით მშვიდად ვიმოქმედოთ, ღმერთი კი ყველაფერს ადვილად აღასრულებს. მღვდელი წმინდა საიდუმლოთა ჩატარებისას კითხულობს ლოცვებს, ასრულებს ცნობილ ხილულ მოქმედებებს, დანარჩენს კი - უხილავს და მთავარს ღმერთი მაშინვე აკეთებს. მაგალითად, ნათლისღებისას მღვდელი კითხულობს გამზადებულ ლოცვებს, ასრულებს შეფუცვას, ნათლისღებას, მირონცხებას, თმის კვეცას, უფალი კი ყველაფერს აკეთებს, რაზეც მღვდელი ლოცულობს: განაგდებს ყრმისგან ეშმაკს, უბოძებს მას მეორე, სულიერ სიცოცხლეს, განამტკიცებს მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, განაგდებს მისგან ბოროტსა და ყოველსა ძალსა მისსა.

მნიშვნელოვანი პირია მღვდელი, განსაკუთრებით - ღირსეული მღვდელი. მე, ცოდვილი, არა ვარ ღირსი ამ დიდებული ხარისხისა. იგივე უნდა ითქვას ქრისტეს სისხლის და ხორცის უდიდეს საიდუმლოზე. მღვდელი ლოცულობს საგანგებო ლოცვებს, აღასრულებს ნაცნობ მოქმედებებს. უფალი კი თავისი უზომო სიყვარულით, მისთვის ყველაზე ჩვეულებრივი სახით, პურსა და ღვინოს გარდასახავს თავის უწმინდეს ცხოველმყოფელ სხეულად (ხორცად) და თავის ღვთაებრივ ცხოველმყოფელ სისხლად, ცოდვათა ჩვენთა მოსატევებლად და გულწრფელად შესაერთებლად ჩვენთან, რომელნიც აგრერიგად შეგვიყვარა. მისი სიტყვა - თვითონ საქმეა.

* თუ კარგი ხმა გაქვს, წმინდა, წკრიალა - შინაგანად ნუ დატკბები, არამედ ღვთის წყალობად ჩათვალე და გულში მსხვერპლად შესწირე ღმერთს.

* თუ ლიტურგიის წინ ათასნაირი წვრილმანი გაგაღიზიანებს, ანდა წირვის ჟამს გული დამძიმებული გაქვს, ხოლო ზიარების წინ ეკლესიის მსახურთა უწესრიგობა შეგაწუხებს, ანდა დაგაფრთხობს ურწმუნოება - იცოდე, რომ ეს ეშმაკის ხრიკებია, ნუ მიაქცევ მას ყურადღებას, რწმენაში გამტკიცდი და მშვიდად იყავი.

* იცოდე, ნათლისღება საღვთო საქმეა, როცა მას ასრულებ, შინაგანად დიდებული და ამაღლებული იყავი, საღმრთო საქმეს ნურავის წინაშე ნუ დაამცირებ. არ უნდა შეგრცხვეს საღმრთო საქმის, რომ არ შეგარცხვინოს ღმერთმა.

* იყავი დამოუკიდებელი და თავისუფალი; ნუ იქნები დამოკიდებული რაიმე გარეგნულ საგნებსა თუ უწესრიგობაზე, ანუ ისინი ნუ აღგაშფოთებენ და ვნებას ნუ მოგგვრიან. დაიმარხე სულის თავისუფლება და სიმშვიდე.

* მეურნეობის გაძღოლა მიანდე მეუღლეს, ღვთისგან ბოძებულ თანაშემწეს, თვითონ კი "წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაი" (ლუკა 9,60).

* თუ გინდა კარგი ქადაგება დაწერო, მანამდე მხურვალედ შეინანე ცოდვაში დაცემა და მკვეთრი, ძლიერი, სულიერი ქადაგება გექნება - ამას მოწმობს გამოცდილება. ასევე ეცადე, ყველა საშუალებით დაიმარხო გულის სიწმინდე.

KARIBCHE* კადნიერებად და დიდი რწმენით თუ გინდა, მოიწვიო სულიწმინდა, ნუგეშინისმცემელი, ამისთვის გონებრივი თვალით მიხედე წმინდანებს, ღვთის კაცებს. ნახე, რარიგ სახიერი და მდაბალი, იმავდროულად მკაცრი და დიდებული სული აღავსებდა მათ, რარიგ უხვი ნიჭებით სუფევდა სულიწმინდა მათზე. ილოცე, გამზადებულია ღვთის უხვი წყალობა შენზეც გადმოსაღვრელად.

* როცა ევედრები სულიწმინდას, მოვიდეს და დაემკვიდროს შენში, მაშინ გქონდეს სრული და მტკიცე სასოება იმისა, რომ ღმერთს ქრისტიანთათვის ჩვეულებრივ ნიჭსა სთხოვ, ვითარცა არსობის პურსა და წყალს, ნუ შეგაშფოთებს სიდიადე უფლის სულისა, ცხოველმყოფელისა, რომელსაც "ვიდრემცა უნებნ, ჰქრის" - გწამდეს მთელი გულით, რომ მოვა და დაემკვიდრება შენში, რადგან შენ ქრისტეს ნაწილი ხარ, მისი სისხლით გამოსყიდული და განწმენდილი მის სისხლსა და ხორცთან ზიარებით. "არა უწყითა, რომ ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენ შორის?" (1 კორ. 3,16).

* როცა რაიმე სამღვდელო ლოცვას ასრულებ, მდაბალი იყოს შენი ფიქრები და გულის განწყობა, იყავ მდაბალი ფიქრებით ლოცვისას, წიგნის კითხვისას, დიდებისმეტყველებისა თუ მღვდელმოქმედებისას. რატომ? იმიტომ, რომ საკითხავი წიგნების თუ ლოცვის სიტყვები, დიდებისმეტყველება თუ სამღვდელო მოქმედებები დასაბამს იღებენ: 1) თვით უფალი იესო ქრისტესგან, ანდა 2) მისი მოციქულებისგან, ანდა 3) წმინდანებისა და ეკლესიის ღირსი მამებისგან, რომელთა ხამლის საკრავთა გახსნის ღირსიც კი არა ხარ. ნურასოდეს გაკადნიერდები და ფიქრებით მათ თავს ნუ გაუტოლებ, მით უმეტეს, გონებით ნუ აღიმაღლებ თავს მათზე, ამგვარად წაიბილწავ თავს ეშმაკის სიამაყით, რომელიც ყოველთვის გვიკლავს სულს ჩვენთვის ხილულად თუ უხილავად. ისწავლე სიმდაბლით იარო ღვთის წინაშე და მოიპოვო უძვირფასესი სიმშვიდე სულისა.

* ასევე, ყველა კაცთა წინაშე რაც შეიძლება მდაბალი იყავი: ნურავის ჩათვლი მცირედ და არარაობად, თუნდაც ხალხის აზრით ის უკანასკნელი ადამიანი იყოს. ყველას მიმართ იყავი ალერსიანი, მდაბალი, პატივისმცემელი, დამდაბლდი ყველას წინაშე, რომ უფალმა ყველას წინაშევე აღგამაღლოს. "ყოველი, რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (ლუკა 18,14).

* გამოცდილებით იცი, რომ მხოლოდ უფალს შეუძლია მიმართოს შენი გული ყოველი სულიერი სიკეთისკენ: წარმიმართე გული ჩემი, უფალო, შენდა განუბზარავ და კეთილნაყოფიერ მსახურებად. ამინ.

* როცა მძიმედ ავადმყოფის საზიარებლად ანდა ზეთის კურთხევისთვის მოგიხმობენ, შენს სულს მცირედმორწმუნეობა და შფოთი მოაშორე, გააძლიერე იგი უეჭველ რწმენაში. ჩვენ ვიცვლებით, ღმერთი კი ყოველთვის უცვალებელია. ყველა საიდუმლოს აღსრულებისას იყავი მშვიდი და რწმენით სავსე.

* როცა მკვდრებისთვის ანდა ცოცხლებისთვის ლოცულობ, მტკიცედ გჯეროდეს ღვთისგან შენთვის მოცემული მადლისა. ილოცე მათთვის და შენი სახით წარმოადგინე მლოცველი ქრისტეს ეკლესია, რომლის თავია უტკბესი სიძე იესო ქრისტე, ვინც ის დაწინდა საუკუნოდ ჯვარზე ვნებისას და აღსრულებისას დათხეული სისხლით. შენთვის მოცემული მადლისადმი რწმენის გარეშე თუ ილოცებ მკვდრებისა და ცოცხლებისთვის, იქნები უღირსი, უსულგულო მლოცველი.

* როცა ღარიბის ქოხში მშობიარე ქალისთვის ლოცვის წასაკითხად მოგიხმობენ, თავს უფლებას ნუ მისცემ, წამითაც შეყოყმანდე, მაშინვე დიდი სიყვარულით წადი მათთან. როცა მიხვალ და ქოხში გამეფებულ სიღატაკეს ნახავ, ნუ მისცემ უფლებას მზაკვრულ და დამამცირებელ ფიქრებს, შენში შემოვიდეს, ფიქრებს, რომლებიც აბუჩად იგდებენ იმ ღარიბულ გარემოს და მის მკვიდრთ. ღარიბის სახლი დაე იყოს შენთვის მდიდარი კაცის პალატთა დარი. თვითონ ღარიბსაც მდიდარივით მოექეცი. რას ნიშნავს ჩემი ნათქვამი? შენს გულისთქმებში ღარიბს თავისი ქოხით და ოჯახით მეტი პატივი მიაგე, ვიდრე მდიდარს და მის დარბაზებს. გახსოვდეს, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენი ხსნისთვის ბოსელში იშვა და ბაგაში მიაწვინეს. მთელი ცხოვრება კი ადგილი არ ჰქონდა, სად მიედრიკა თავი (მათე 8,20). დაე, შენი შეხედულებები და მსჯელობანი სხვადასხვა საგანზე განსხვავებული იყოს ამ სოფლის შეხედულებისა და მსჯელობისგან. დაე, შენი აზრი იყოს პირუთვნელი, წმინდა, ღვთიური. ყოველთვის ასე უცქერდე მრევლის ღარიბ წევრს და მის საცხოვრებელს. "ძმანო ჩემნო, ნუ თვალღებით გაქუნ სარწმუნოებაი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს დიდებისაი" (იაკობ. 2,1).

* წმინდა სახარების და მოციქულთა სიტყვები დიდი სურვილით, ცოცხლად და თანაგრძნობით უნდა წაიკითხო. წიგნის მკითხველი მთელი სულით საკითხავს უნდა იყოს მიცემული. იგივე შეიძლება ითქვას ფსალმუნებისა და სხვა წმინდა ტექსტების წაკითხვაზე, ყველა მსახურებასა და საიდუმლოთა აღსრულებაზე.

* მღვდელს მტკიცედ უნდა სჯეროდეს თავისი ლოცვების წარმატებისა, ისევე როგორც სჯეროდათ წინასწარმეტყველებს (იერემიას), ამისთვის კი ყველა საშუალებით გულის სიწმინდეზე უნდა იზრუნო, იმიტომ რომ მხოლოდ წმინდა გულით აღვლენილი ლოცვა არის ძლიერი ღვთის წინაშე.

ლოცვისას, მტკიცე რწმენით ანთებულმა, ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეშმაკი ჩაგჩურჩულებს ღვთის წინაშე, განარჩიე თვითონ ჭეშმარიტებისგან და იყავ მტკიცე ღმრთივ გარდამოცემულ სარწმუნოებაში.

გულში გქონდეს სიტყვები: ყოვლისმპყრობელი, ყოვლადსახიერი და ყოვლისშემძლე უფალი და თვალნი მისნი ყველგან მხედავენ (შეადარე იგავთა 15,3).

სიმართლით და პირუთვნელად ემსახურე ყოვლისმპყრობელ უფალს, ყველაფერში დაემორჩილე მას და ადამიანებს - მისი სამწყსოს ცხოვართ. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ნუ დაზოგავ შენს სიცოცხლეს მათი მსახურებისას. იყავ მდაბალი ყველას წინაშე და უბოროტო.

* ზოგიერთი მღვდელი, როცა ხალხს წმინდა ბარძიმიდან აზიარებს, ავლენს გაბოროტებულ სიფიცხეს და გაღიზიანებას. ამით მიგვანიშნებს თავის თავზე, რომ მის გულში არ არის მდაბალი და მშვიდი იესო, რომ უღირსად ეზიარა, რწმენის გარეშე - დაგვიფაროს ამისგან ღმერთმა!

* შესთხოვე ღმერთს და იმის ფიქრს ნუ დაიწყებ, ღმერთი ამას როგორ შეგისრულებს ანდა როგორ გიბოძებს შენ თუ სხვას რაიმე ნიჭს (საჩუქარს). მთლიანად მის განგებულებას მიენდე, მან ეს უკეთ იცის. უნდა ვიყოთ უბრალონი, ბავშვივით დამჯერნი.

* ყველას, ვინც სხვის გამოსწორებას შეუდგება, უნდა ახსოვდეს, თუ როგორი დიდი მოთმინებით ცდილობდა და მთელი ცხოვრება ცდილობს უფალი მისვე გამოსწორებას. უნდა ახსოვდეს ეს, რომ უზომოდ არ გაუწყრეს ცოდვილს და უწყალოდ არ დასაჯოს ის, არამედ სიმდაბლით და სიყვარულით გამოასწოროს.

* "განამზადენით გზანი უფლისანი (ფიქრებით, გულით) და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი (პირდაპირობით, გულის სიწრფელით)" (მათე 3,3). ეკლესიაში ღვთისმსახურებისთვის როცა მიხვალ, გადადე გვერდზე ყოველგვარი ცხოვრებისეული საზრუნავი, დატოვე ის ზღურბლზე. სულიერი მეუფის წინაშე წარდგომისას სულმა ხორცი უნდა დაუტევოს, ანუ თავი ანებოს ყოველგვარ ხორციელ ბრძნობას. რამეთუ ხორციელი სურვილებით და ვნებებით შებორკილი კაცი არ არის ღირსი, მიუახლოვდეს დიდების მეუფეს. ზეციურსა და საუკუნო საგნებზე ფიქრს მთლიანად უნდა მიეცე.

* როგორც უხილავად, მაგრამ საგრძნობლად შედის სულში სულიწმინდა, ასევე უხილავად და ჭეშმარიტად შედის ის წმინდა საიდუმლოებებში.

* ყოველთვის ალერსიანად, სასიამოვნოდ და მხიარულად გამოიყურებოდე.

* შენს წილ კვირაში ნაკლები ჭამე, განსაკუთრებით ეს ხორცის ჭამას ეხება.

* გამაძღარ მუცელში ეშმაკი ადვილად ჩაბუდდება.
გაგრძელება იქნება
ბეჭდვა
1კ1