ლოცვის წარმოთქმის წინ გულწრფელად ამოიოხრე და თქვი: "ცოდვილი ვარ"
ლოცვის წარმოთქმის წინ გულწრფელად ამოიოხრე და თქვი: "ცოდვილი ვარ"
უჩუმრად იარე, ჩუმად ისაუბრე, რაც მთავარია, შინაგანად იყავი მშვიდი და მდაბალი
წმინდა იოანე კრონშტადტელი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #23-24

დამრიგებლობითი თავნი. მღვდლობის პატივზე, ვალსა და მოვალეობაზე

"უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისვლად შენდა წყალთა ზედა" (მათე, 14,28). მოვედ, უთხრა პეტრეს უფალმა და წავიდა ისიც წყალთა ზედა, მაგრამ შეეჭვდა და იწყო ჩაძირვა. ამნაირივე ხდება მცირედმორწმუნე მღვდლების თავს. ლოცვები - ის წყალია, რომელსა ზედა მივდივართ მაცხოვრისკენ. თუ რწმენით მივიწევთ, მაშინ ჩვენი სვლა მშვიდია და მსუბუქი, როგორც კი შევვეჭვდებით, მაშინვე მასში ვიწყებთ ჩაძირვას (გულით, გონებით და ენით)...

ყველანაირად სცადეთ, ღვთისმსახურებისას სრულიად მშვიდად ილოცოთ და იმოქმედოთ.

კარგი იქნებოდა, ლიტურგია ცრემლების გარეშე არასოდეს შეგესრულებინათ, სული ამ დროს უფრო მეტად წარემატებოდა.

ლოცვისას ღმერთს მიმართავ, იმდენად ყურადღებით მაინც იყავი, როგორიც ხარ უფროსებთან საუბრისას, აღარას ვიტყვი მეფესთან საუბარზე.

აუჩქარებლად თუ გინდა ნაცნობი ლოცვების წარმოთქმა, ნუ იფიქრებ კაცთაგან დიდებაზე, ადამიანთა მიმართ სათნოყოფაზე, მხოლოდ იმაზე იფიქრე, ღმერთს როგორ მოაწონო თავი.

წმინდა წერილის შემდეგ მცირე და დიდი კურთხევანი, საეკლესიო წიგნები უნდა იყოს შენთვის მთავარი წყარო და სახელმძღვანელო კატეხიზმური საუბრების შედგენისას.

ყოველთვის გახსოვდეს, წირვისა და ზიარების შემდეგ აუჩქარებლად და ზომიერად უნდა ისადილო და ივახშმო.

თუ ვინმე გეტყვის: - მამაო, როგორ გამხდარხარო, - უპასუხე მათ: "ვითარცა მოსიკუდნი და აჰა, ესერა, ცხოველ ვართ". მადლითა ღმრთისაითა.

წესად გქონდეს, ცნობილ და შეძლებულ ადამიანთა წინაშე ეკლესიაში დგახარ თუ შინ ლოცულობ, საზეიმოდ და ძლიერად აღიმაღლე ხმა, რათა თუ ეს შესაძლებელი იქნება, ჭეშმარიტებისა და ქრისტიანული სიმდაბლის სიტყვებით დაამდაბლო მათი სიამაყე.

მშვიდად, უშფოთველად წაიკითხე ლოცვები, იყავი წყნარი და მდაბალი ყველგან, ყველაფერში, შინ, სახლეულთან, სახლის გარეთ - ყველასთან. უჩუმრად იარე, ჩუმად ისაუბრე, რაც მთავარია, შინაგანად იყავი მშვიდი და მდაბალი. როცა შიგნით მყუდროებაა, ეს გარეგანზეც აისახება.

როცა საეკლესიო ლოცვებში სხვებისთვის, შენი სულიერი სამწყსოსთვის შესთხოვ ღმერთს რაიმე სიკეთეს, ისე გულწრფელად შეჰვედრე, თითქოს საკუთარი თავისთვის გინდოდეს. მწყემსს თავისი სამწყსო განსაკუთრებით უნდა უყვარდეს ყველაზე გულწრფელი სიყვარულით, შეიძლება ითქვას, როგორც დედას ყრმა, მკერდზე უნდა ჰყავდეს მიკრული და გაათბოს გამუდმებული ლოცვით, რწმენით და სიყვარულით...

ლოცვის წარმოთქმის წინ გულწრფელად ამოიოხრე და თქვი: "ცოდვილი ვარ".

როცა მრევლში ბევრი გთხოვს სხვადასხვა ლოცვის შესრულებას, თუ გინდა, რომ არ გაჯავრდე ამის გამო, თქვი შენთვის: "გმადლობ, უფალო, რომ მაძლევ საშუალებას, აღვასრულო მცნება შენი მოციქულისა: "მოუკლებლად ილოცევდეთ, ყოველსა შინა ჰმადლობდით" (1. თესალ. 5-17-18). გიხაროდეს, როცა ლოცვას აღავლენ მაცხოვრისა თუ ნებისმიერი წმინდანის მიმართ, სამადლობელო ლოცვა იქნება თუ წყალკურთხევისა, ასე ხომ შენს გულში ყოველთვის გექნება სიმშვიდე და სიტკბოება, რაც აუცილებელია ყოველი პირადი ანდა საზოგადო ლოცვისას...

როცა ვნებები შეგაშფოთებენ, შემოაბრძანე გულში ჩვენთვის ჯვარცმული სიყვარული და ეს შფოთი გაქრება.

ღვთის სიტყვის ანდა წმინდა მამათა ნაწერების კითხვისას დასაწყისში, ანდა ლოცვის დაწყებისას ხანდახან ვგრძნობ უცნაურ გაჯიუტებულ წინააღმდეგობას გულისას, კითხვისა და ლოცვის მიმართ უსურველობას. ამ დროს ჩვეულებისამებრ გულზე თითქოს რაღაც ლოდი მაწევს, რომელიც მთრგუნავს წუხილითა და კაეშნით. გულზე ლოდიც და კაეშანიც თანდათან მოგშორდება, რაც მეტად აიძულებ თავს კეთილის ქმნისკენ, წინ თავმდაბლად აღუდგები ნაღველს. ამ დროს შემიმჩნევია, როგორ მწყდება გულიდან რაღაც და უეცარ სიმსუბუქეს ვგძრნობ.

შენ ბევრი მწუხარება განგიცდია საეკლესიო ლოცვების აჩქარებით წაკითხვის გამო. ისწავლე ღვთის შეწევნით, რომ არ იჩქარო. დაამდაბლე ლოცვის სული, რის გამოც ღმერთმა დაამდაბლა შენი სული, ლოცვისას ხომ სულიწმინდა მოქმედებს.

მხოლოდ ეს საქმე გაბარია (იგულისხმება ღვთისმსახურება და საეკლესიო წესების აღსრულება) და სად გეჩქარება? რაც შეიძლება მშვიდად აღასრულე და გულშიც სიმშვიდე - სიხარული დაისადგურებს. გახსოვდეს ეს, ჩემო უგუნურო თავო!

გეშინოდეს, რაიმე არ ამჯობინო უტკბილესსა და ყოვლადსასურველ უფალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლიტურგიის შესასრულებლად მიდიხარ და გსურს დასტკბე მისი ცხოველმყოფელი საიდუმლოთი. დაე, ნურაფერი დაიპყრობს შენს გულს, ამ საშინელ საიდუმლოთა გარდა.

იცოდე, მხოლოდ მარტო შენ არ შეგმთხვევია დაბრკოლება ღვთისმსახურებისას, ამ დროს შეშფოთდე და სასოწარიკვეთო - ცოდვაა და სასაცილო. არ შეიძლება დაბრკოლების გულთან მიტანა, რაც შეიძლება ნაკლები უნდა იფიქრო მასზე.

უფალო, მასწავლე, რომ სწორად, წმინდად, უბრალოდ, მტკიცედ ვუცქერდე შენს წმინდა საიდუმლოებებს და ისინი ყოველთვის სათანადო კეთილკრძალულებით აღვასრულო. გულუხვო და მრავალმოწყალეო, მიბოძე მე ამის მადლი. ქორწინებისას სიძეს და სასძლოს ისე უცქერდე, როგორც ქრისტეს და ეკლესიას.

წმინდა წერილი, ყველა საეკლესიო წიგნი ყველა საიდულოთი და წესებით - ღვთის საგანძურია, რომელსაც მიჩენილი ჰყავს მღვდელი, რომ გონივრულად და კეთილმოკრძალებით მოიხმაროს თავის და სხვათა ცხონებისთვის, დაიცვას გულმოდგინედ, ვერ გაბედოს უპატიოდ მასთან მიკარება, მით უმეტეს, მათი ბოროტად გამოყენება.

როცა იტანჯები ნაჩქარევი, შფოთიანი ლოცვის შემდეგ, ამას, როგორც ღვთის სასჯელს, ისე უნდა უცქერდე... ღმერთია მსაჯული ფიქრებისა და აზრებისა. ფრთხილად უნდა მოიქცე ყველგან, მით უმეტეს, წმინდა საიდუმლოთა და წმინდა მსახურებათა აღვლენისას.

როცა ლოცვისას, განსაკუთრებით წმინდა საიდუმლოს მიღებისას (ზიარებისას) გული ურწმუნოებით აგევსება, შეეცადე, აიძულო თავი და მთელი გულით წარმოთქვა: იესო, ტკბილო, მაცხოვნე - და ცოცხალი რწმენა დაისადგურებს შენს გულში.

როცა ხალხისთვის ლოცვის წასაკითხად გამოდიხარ, ღვთისმშობლის ადგილობრივი ხატის წინ ყოველთვის მოიდრიკე გულიც და მუხლიც.

როცა ლოცვების წარმოთქმის წინ გულში მწუხარება დაისადგურებს, მარჯვენა ხელის თითებით გამოსახე სახელი მაცხოვრისა და იესოს სახელით განაგდე ეშმაკები, უფალი ხომ დაგვპირდა: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ (მარკ. 16,17).

როცა მიცვალებულთა მოსახსენიებელს კითხულობ, გახსოვდეს, რომ თითოეული სახელის ქვეშ უკვდავი სულია, რომელსაც შეწყალება და განსვენება სჭირდება, დაიდევ გულზე და დაათბე სარწმუნოებრივი ლოცვით თითოეული სახელი, რათა სიყვარულის ღმერთმა დაინახოს ლოცვა სიყვარულისა, მიიღოს ის და განუსვენოს თავის სასუფეველში. ბოროტად ნუ გამოიყენებ გარდაცვლილის მეგობრების, ნაცნობების, ნათესავების ნდობას და შემოწირულობას.

მხოლოდ ღვთისადმი გულითადი ლოცვით ვიღებ დაუბრკოლებელი მსახურების ძალას. "უკეთუმცა კაცთა სათნოვეყოფოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალ. 1,10), - ბრძანებს მოციქული. შენც ასევე ვერასოდეს იქნები ქრისტეს მონა, თუ ადამიანებს სათნო ეყოფი.

ყოველი ღვთისმსახურებისას ანდა საეკლესიო წესის შესრულებისას, შინ, ანდა ქუჩაში უთხარი საკუთარ თავს: მე ახლა მიცქერს ზეცათა მეუფე, ყოვადწმინდა დედაი მისი, ზეციური მხედრობა (ისინი ხომ ყოველთვის გვხედავენ - არამატერიალურ გონებათაგან კედლები ვერ დაგვფარავენ) და ყოველნი წმინდანი, შეეცადე, რაც შეიძლება წმინდად მოიქცე და რაც შეიძლება ფრთხილად.

შფოთი გულისა ანდა შიში გვაქვს იმიტომ, რომ გული სხვა რამით ივსება და არა ქრისტეთი. როცა არ არის მასში ქრისტე ანდა ვკარგავთ ჩვენი ურწმუნოებით. ქრისტეა მშვიდობა ჩვენი. შფოთი ძახილია იმ გულისა, რომელიც გოდებს უტკბილესი იესოს დაკარგვას.

როცა რაიმე საეკლესიო ლოცვას ხმამაღლა უკითხავ ხალხს, უღირსად ჩათვალე თავი, იმეორებ ღვთის წმინდანთა აღმონათქვამს, წმინდას და დიდებულს.

ძმანო უსმინეთ ცოდვილ მღვდელს! რათა ცხოველმყოფელმა საიდუმლოებებმა ცხოველმყოფლად იმოქმედოს ჩვენზე - ამისთვის ჩვენი გულწრფელი, გულითადი რწმენა გვაკლია. რამდენად მართალია მაცხოვრის ნათქვამი: "ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა" (მარკ. 9,23). ცხოველმყოფელ საიდუმლოთა სარწმუნოებით მზიარებელში, არა მარტო სამოთხე დაისადგურებს მის გულში, არამედ თვით ღმერთი, და მშვიდობა ღმრთისა "რომე ჰმატს ყოველთა გონებათა" (ფილიპ. 4,7).

საჭმელითა და სასმელით დამძიმებული გული უგრძნობია და უხეშია ლოცვის მიმართ... სახიფათოა, რომ გამაძღარი კუჭით შეასრულო საზოგადო ღვთისმსახურება. ეშმაკს ხელსაყრელი შემთხვევა ეძლევა იმოქმედოს ჩვენს საჭმლითა და სასმლით დამძიმებულ გულზე.

გახსოვდეს, როცა ღვთისმსახურების აღსრულებისას ლოცულობ, შენ მსახური ხარ სიყვარულისა, ანუ ღმერთისა, რომელიც სიყვარულია, შეძლებისდაგვარად ეცადე, გული სიყვარულით და სიკეთით გქონდეს სავსე.

ეადვილება ღვთისადმი ლოცვა გულს, როცა კუჭი საჭმლით არ არის ამოვსებული, მაშინ გულწრფელი სარწმუნოება ადვილად შედის მასში.

თუ მტერი ცოდვისკენ გიბიძგებს საზოგადო ლოცვისას და კაცობრივ შიშს მოგგვრის, უთხარი მას: არავინ არის საშიში ჩემს მრისხანე უფალზე მეტად...

თუ საღმრთო საქმის აღსრულებისას ადამიანური შექებით ცდილობს შენს მოხიბვლას, უთხარი: ადამიანური დიდება არის ვითარცა ველის ყვავილი, რომელიც მალე განქარდება, ღვთის დიდება კი საუკუნოა. თუ კაცთაგან დიდებას მიიღებ, მაშინ ღვთისგან დიდებას დაჰკარგავ. "მიუღებიეს სასყიდელი მათი"(მათე 6,2), - ამბობს მაცხოვარი. ჩემს ღმერთზე დიდებული არავინაა.

საზოგადო ლოცვისას უნდა დაივიწყო საკუთარი თავი, გარშემომყოფნი და მხოლოდ ღმერთზე იფიქრო.

ღმერთს ყოველთვის სიხარულით უნდა ემსახურო. შენ წინამძღოლი ხარ ღვთისმსახურებისას. უხილავ მტერს მტკიცედ აღუდექი, განმაგრდი და განმტკიცდი. ცუდია, როცა წინამძღოლი წაიფორხილებს და დაეცემა. ეს გამოიწვევს მლოცველთა სულის დაცემასაც.

ღვთის წმინდანები ხელის ერთი აპყრობით გამოითხოვდნენ ხალხისთვის ღვთის დიდ წყალობას. შენი ხელის აპყრობა ასეთივე ძლიერია თუ სულაც არაფრის ძალა არა აქვს? ეს რისგან ხდება? - რისგან და ურწმუნოებისგან.

თუ შენს გულში შემოვა ცოდვის არაწმინდება, მაშინ იესო ქრისტე მამასთან და სულიწმინდასთან ერთად დასტოვებს მას, რამეთუ არ აქვს საერთო ნათელსა ბნელთან. ამიტომაც ყოველთვის, ყველანაირად გაუფრთხილდი გულს, განსაკუთრებით ლოცვისას, უმეტესად კი ლიტურგიის შესრულების ჟამს - წმინდა საიდუმლოს მიღებამდე და მას შემდეგაც. თუ შენ შესცოდავ ზიარებამდე, მაშინ შეიძლება დაჰკარგო ღვთის წინაშე კადნიერება და უღირსად ეზიარო, ზიარების მერე შეცოდებით კი დაგტოვებს ქრისტე, რომელიც ესესაა წმინდა საიდუმლოთა მიერ შემოვიდა შენში. "ეკრძალებოდეთ, ვითარძი განკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი" (ეფეს. 5,15). მსახურებისას განსაკუთრებით მცირედ მორწმუნეობის გეშინოდეს და განერიდე ყოველგვარ ლაჩრულ შიშსა, რომელიც შედეგია სასოწარკვეთისა და მცირედმორწმუნეობისა.

როცა ლოცვის ჟამს წარმოთქვამ სახელებს: უფლისა, მისი ყოვლადწმინდა დედის, წმინდა პატრიარქთა, წინასწარმეტყველთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, ღირსთა და ყველა წმინდანთა და გულში ვერ გრძნობ მათდამი დიდ სიყვარულსა და პატივისცემას, არამედ მათდამი მხოლოდ ზედაპირული, ცივი, უკრძალველი, ოდნავი კრძალვა გაქვს, მაშინ იცოდე, რომ ძალზე ბევრი სულიერი სიამაყეა შენში, ყველანაირად უნდა დაიმდაბლო გული და ააღორძინო მასში გულწრფელი პატივისცემა და სიყვარული.

ლოცვის სწრაფი კითხვა, სიამაყისა და უკრძალველობისგანაა.

თუ ღვთისმსახურებისას ანდა წესის შესრულებისას ეშმაკი ცდილობს, გულიდან მოგპაროს რწმენა და მინდობა ღვთის ნებისადმი, მაშინ უთხარი ღმერთს: "მომხედე, უფალო! აღვასრულებ შენსა სამსახურს, ნუ დამიტევებ". ზიარების წინ, როცა ეშმაკი ცდილობს ურწმუნოების ფიქრით მოგტაცოს რწმენა და გული და გონება ბნელით დაგიფაროს, აღმოთქვი: "მომხედე მე, უფალო, რამეთუ რწმენა მისუსტდება. ამ დიდებულ და საშინელ წუთებში მომხედე შენი კეთილმოწყალე თვალით. შენია ეს საიდუმლოებანი, დაე, შენ მიერ მებოძოს მასთან ერთად ცოცხალი რწმენაც".

ასე რომ, საიდუმლოებათა აღსრულებისას ნუ დაიმედდები საკუთარ თავზე, შენს მოქმედებაზე, გონებისმიერ დასკვნებზე, წმინდა წერილის ტექსტსაც კი ნუ მოიხსენებ, მხოლოდ ღმერთის იმედი გქონდეს. რწმენა - მისი ნიჭია, მით უმეტეს, არ უნდა გეშინოდეს ზიარების წინ, რომ ეშმაკი ეს-ესაა, რწმენას მოგტაცებს: "რამეთუ უფროის არს, რომელი თქვენ შორის არს, ვიდრეღა რომელი იგი სოფლისაგან (1 იოანე, 4,4)", ანუ ეშმაკი. ასეთი შიში ურწმუნოებისგან, ანდა მცირე რწმენისგანაა. თუ ძალუძს ღმერთს პური და ღვინო სისხლად და ხორცად აქციოს, მით უფრო ძალუძს, მოგვცეს ცოცალი, უეჭველი რწმენა...
ბეჭდვა
1კ1