სწავლებანი
სწავლებანი
ქრისტე ჩვენთვის ყველაფერია
ბერი პორფირე ამბობდა: "ქრისტე ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმა, ეს არის ყველაფერი მშვენიერი. ქრისტე არ არის პირქუში, სევდიანი, არა აქვს შინაგანი შფოთი. ადამიანი ხომ იტანჯება ფიქრებით და გარემოებებით, რომლებიც თანდათან ამძიმებს და აავადებს მას. ქრისტე სიხარულია, ცხოვრებაა, ნათელი, რომელიც ახარებს, ფრთებს ასხამს ადამიანს, აძლევს ძალას, დაინახოს ყველა და ყველაფერი, თანაუგრძნოს, აძლევს სურვილს, რომ ყველა მის გვერდით იყოს და ხარობდეს".

***
ადამიანებზე, რომლებიც ამქვეყნიური საზრუნავის გამო ქრისტეს ივიწყებენ, ბერი ამფილოქე ამბობდა: "მრავალგზის მობრძანდება ქრისტე და გიკაკუნებს კარზე. შენ დასვამ მას შენი სულის სასტუმრო ოთახში და საზრუნავში ჩაფლული ივიწყებ ძვირფას სტუმარს. ის გელოდება და როდესაც ძალიან იგვიანებ, დგება და მიდის. მეორედ უკვე ისეთი დაკავებული ხარ, რომ პასუხობ სარკმლიდან - კარის გაღების დროც კი აღარ გაქვს".

***
ბერი ამფილოქე ამბობდა: "ვის გულშიც ქრისტე არ არის, მისთვის ყველაფერი რთული და ბნელია. როდესაც გულში ქრისტე არ არის, მაშინ იქ ბევრი ადგილია ფულის, მამულების და ადამიანებისთვის".

***
ბერი ანთიმოზი ამბობდა: "ღმერთი არ განასხვავებს მართალს ცოდვილისგან და არც ათანაბრებს მზაკვრობას სათნოებასთან. ფუტკარი თუ იპოვის შაქრის ნატეხს ან რაიმე ტკბილს ნაგვის გროვაზე, არ ერიდება ნაგავს, მიფრინდება სიტკბოს ასაღებად და მისგან თაფლს ამზადებს. ასევეა ღმერთიც. ის არ აქცევს ყურადღებას, ადამიანი ცოდვილია თუ სათნო, ბოროტებაშია თუ სიკეთეში. უფალი, ადამიანის დასახმარებლად, ხედავს მხოლოდ იმ წუთებს, რომლებიც კაცს მასთან აახლოვებს".


სიყვარულზე
ბერი იოსები ამბობდა: "რასაც უფალს არ მოვახმართ, მოიხმარს სხვა. ამიტომ მოგვცა უფალმა მცნება - "გვიყვარდეს მთელი სულით და გულით, რათა ბოროტმა არ იპოვოს ჩვენში ბინა".

***
სიყვარულის ღირსებაზე ბერი ფილოთეოსი ამბობდა: "თუ ადამიანი ააშენებს სახლს და დატოვებს უსახურავოდ - ეს სახლი საცხოვრებლად არ ივარგებს. ასევეა ადამიანიც. ყველანაირი სათნოებით რომ შეიმკოს, თუ სიყვარული ვერ მოიპოვა, მაშინ მისი სათნოების სახლი უსახურავოდ დარჩება და გამოუსადეგარია".

***
ბერი პორფირე ამბობდა: "იმისათვის, რომ სხვებს უყვარდე, ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი".

კითხვის შესახებ
დღეს აუარებელი ლიტერატურა გამოდის, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს წასაკითხი წიგნის შერჩევისას. ამის შესახებ ბერი იოელი გვირჩევს: "საჭიროა დიდი სიფრთხილე წასაკითხი წიგნის შერჩევისას, რადგან დრო ძალიან ძვირფასია და არ უნდა დავხარჯოთ უღიმღამო და უგემოვნო წიგნებისთვის. წიგნი, რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს, არ უნდა წაიკითხო არცერთხელ".

მოამზადა
ირინე იაკობიშვილმა
ბეჭდვა
1კ1