"როგორი საწყლები ვართ, როდესაც თავს ვიტვირთავთ ცხოვრებისეული საზრუნავებით"
"როგორი საწყლები ვართ, როდესაც თავს ვიტვირთავთ ცხოვრებისეული საზრუნავებით"
"შეუძლებელია ვიცხოვროთ ჭეშმარიტი და ღირსეული ცხოვრებით აქ, დედამიწაზე, ისე, რომ არ მოვემზადოთ სიკვდილისთვის, რომ არ ვფიქრობდეთ მუდმივად სიკვდილზე, მარადიულ ცხოვრებაზე".

***
"როგორი საწყლები ვართ, როდესაც თავს ვიტვირთავთ ცხოვრებისეული საზრუნავებით".
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

"რაც უფრო მეტად შორდებიან ადამიანები უბრალო, ბუნებრივ ცხოვრებას და მიელტვიან ფუფუნებას, მით უფრო იზრდება მათი მოუსვენრობა და რაც უფრო იხვეწება ამსოფლიური თავაზიანობა, მით უფრო იკარგება უბრალოებაც, სიხარულიც და ბუნებრივი ადამიანური ღიმილიც".

***
"ტკბილ ცხოვრებას გრძნობენ არა ისინი, ვინც ამსოფლიურად ხარობს, არამედ ისინი, ვინც სულიერად ცხოვრობს და სულის სიჯანსაღისთვის მწარესაც სიხარულით იღებს, როგორც სამკურნალო ბალახს, და საზრდოს მხოლოდ სხეულის განსამტკიცებლად იხმევს".

***
"ადრე გულწრფელობით, პატიოსნებით ფასობდა ადამიანი, ხოლო ნივთები იაფი იყო. დღეს კი, სამწუხაროდ, ადამიანის პატიოსნებას, გულწრფელობას დაეკარგა ფასი, ნივთები კი გაძვირდა".

***
"მატერიალური სიმდიდრის პატრონი მუდამ დარდიანი და შეწუხებულია: ან ქონებას დაჰკანკალებს, არავინ წამართვასო, ან სული არ წამართვანო. ასეთია ძუნწი კაცი, რომელსაც სტკივა მაგრად მოკუმული ხელი. მას გულიც შეკუმშული და ქვადქცეული აქვს. იმისთვის, რომ განიკურნოს, ტანჯული ადამიანი უნდა შეხვდეს და შინაგანად შეძრას. მაშინ იძულებული გახდება, ხელი ნელ-ნელა გაშალოს, გაქვავებული გულიც მოულბება, ადამიანის გულად იქცევა და სამოთხის კარიც გაეხსნება".
ბერი პაისი ათონელი

"ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად ტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დატკბებიან ცათა შინა".

***
"აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის".

***
"რა ზომითაც მზის სხივია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით უფრო მეტადაც მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი".

***
"ამქვეყნიური ჩვენი დაშვრომა და ტანვა დროის მიერაა სამძიმო, მოსვენება კი მათ შემდგომ დაუსრულებელია, დროის გარეშეა სანეტარო. მაშ, დავშვრეთ მცირეოდენ, რათა სამარადისოდ მოვისვენოთ. აქ, ამქვეყნად, ნუ ვეძიებთ მოსვენებას, რადგან ჭეშმარიტ მოსვენებას ვერ ვიპოვით მასში, არამედ იმქვეყნად, ცათა შინა მოველოდეთ მას, სადაც საუკუნოდ დავიმკვიდრებთ ნეტარ სიმშვიდესა და მოსვენებას".

***
"უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისთვის".
წმინდა იოანე ოქროპირი

"გინახავთ, რა ტანჯვით იხუთება ნაპირზე გადმოგდებული თევზი?! ასეთივე ტანჯვა ელოდება მძიმედ შეჭირვებულ ჩვენს სულსაც, როცა იგი, მანამდე მხოლოდ ამა ქვეყნისთვის მცხოვრები, პირისპირ დადგება მისი დატოვების აუცილებლობის წინაშე. მაშინ ძალიან ვინანებთ ყოველი იმ წუთის გამო, რომელიც შეგვეძლო სულის სარგებლობისთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და უქმად დაგვეკარგა. მაშინ ძალიან ვინანებთ ყოველი იმ უზაკველი სიხარულის გამო, რომლითაც შეგვეძლო დავმტკბარიყავით, მაგრამ არ დავტკბით, რადგან ამაო, წარმავალი გრძნობისმიერი სიამენი გვიშლიდა ხელს და თავისკენ გვიზიდავდა მაცდუნებელი მომხიბლაობით. მაშინ ძალიან ვინანებთ ყოველი იმ შემთხვევისთვის, რომელიც ღმერთისგან მოგვემალდა სათნოებაში ჩვენს განსამტკიცებლად და ხელიდან გავუშვით. მაშინ ჩვენ სრულად შევიცნობთ, თუ რა კნინ ფასად გაგვიყიდია ამქვეყნად ჩვენი უფლება ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე და რა ძვირად მოგვისყიდია გეენიის ცეცხლი! და მაშინ ცხადად შეიცნობ შენ, ჰოი, ცოდვილო ადამიანო, თუ რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგიკარგავს. მაგრამ იმ მძიმე ჟამს, როცა იძულებული იქნები დატოვო ეს ქვეყანა, უკვე მეტისმეტად გვიან იქნება რაიმე გამოასწორო! მაშინ კი ისურვებდი, ნებისმიერ ფასად გეყიდა იგი, მაგრამ ვერ კი შეიძლებ!"

***
"ნუ დატკბები ამქვეყნიური შვება-სიამით, რადგან იგი ყველაზე სავალალო სიკვდილით მოგვაკვდინებს".

***
"ყოველთვის ასე იფიქრე და შეაგონე საკუთარ თავს: ამქვეყნად მხოლოდ დღევანდელი დღეღა დამრჩა საცხოვრებლადო და აღარასოდეს შესცოდავ ღმერთის წინაშე".
წმინდა ანტონი დიდი

"თუკი იხილავ, რომ კაცს ვისმე უდიდესი ღირსებისთვის მიუღწევია ამქვეყნად, ნუ გაგიკვირდება, რამეთუ გასაკვირი მხოლოდ ის არის, როცა ვინმე ქვეყნიურ დიდება-პატივს მოიძულებს".
წმინდა ეფრემ ასური

"თითოეული ჭეშმარიტი ქრისტიანი ცხოვრების ზღვის წყლებზე მოგზაურობს და მარადისობისკენ მიისწრაფვის. ნივთიერ ზღვაზე მუდმივი საცხოვრებლის ქონა შეუძლებელია. მასზე მხოლოდ და მხოლოდ მოგზაურობა შეიძლება. ცხოვრების ზღვაზეც არაფერია მუდმივი და ისეთი, რაც შეიძლება ადამიანს საკუთრებაში მუდმივად დარჩეს და სიკვდილის შემდგომ მისი თანამზგავრი გახდეს. მას მარადისობაში მხოლოდ მისი კეთილი და ბოროტი საქმეები გაჰყვება თან, ამქვეყნიურ ცხოვრებაში შიშველი მიაბიჯებს და მისგან გასვლისას სხეულსაც კი ტოვებს.

ამას წუთისოფლისა და ცოდვის მონები ვერ ხედავენ. მას მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი ჭვრეტს. ის შეიძლება შევადაროთ ნაირგვარი სულიერი საუნჯით აღსავსე ხომალდს, რომელიც გზადაგზა ამ საუნჯეს ამრავლებს. ის იმდენად ძვირფასია, რომ ქვეყნიერების მთელი სიმდიდრე მასთან შედარებით არაფერია. წუთისოფელს შურს ეს სიმდიდრე და მისი მომხვეჭელისადმი სიძულვილითაა განმსჭვალული".

***
"ხომალდი ნავსაყუდლისკენ ისწრაფვის, გზაში მცირე ხნით, უკიდურესი აუცილებლობის გამო ჩერდება. ჩვენც ზეცისკენ, მარადისობაში, მთელი ძალისხმევით უნდა ვისწრაფოდეთ. რაიმე დროებითისკენ გულით არ უნდა ვილტვოდეთ ჩვენში მცხოვრები და გარემომცველი თავის მოტყუების მოქმედებით. დაე, ნუ "აღეკვრება" ჩვენი სული რაიმე ამქვეყნიურს, არამედ ზეცისა და მარადისობისკენ მივისწრაფოდეთ!"
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
ბეჭდვა
1კ1