მცირედითაც ნუ დაზოგავ შენს სულს ღვთის მსახურებისას
მცირედითაც ნუ დაზოგავ შენს სულს ღვთის მსახურებისას
მთლიანად უნდა მივეცეთ ამ საქმეს და არ ვიფიქროთ არც ფულზე, არც საჭმელსა და ტანსაცმელზე
წმინდა იოანე კრონშტადტელი
დამრიგებლობითი თავნი. მღვდლობის პატივზე, ვალსა და მოვალეობაზე
* ჩვენ ვართ მარილნი ქვეყანისანი (მათე 5,13), უნდა ვეცადოთ, არ განვქარდეთ, არ დავკარგოთ შინაგანი ძალი.

ჩვენ ვართ ნათელი სოფლისაი, და არ უნდა დავფაროთ ჩვენი ტალანტი, ჩვენი სათნოებანი.

ჩვენი სიმართლე უნდა აღემატებოდეს მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს. ტყუილად არ უნდა ვმრისხანებდეთ. ღმერთს ძღვენი წმინდა და მოყვარული გულით უნდა მივართვათ. დედაკაცებთან არათუ კავშირი არ უნდა გვქონდეს, არამედ სურვილითაც კი არ უნდა შევხედოთ... საცთურთაგან მოვზღუდოთ გრძნობები. არაფერზე დავიფიცოთ, სიტყვა ჩვენი იყოს ჰო - ჰო და არა - არა (მათე 5,37). წყენაზე სამაგიერო არ მივუზღოთ, ყოველივე დავითმინოთ და მაწყინართ სათნოვეყოთ. დახმარებაზე უარი არ ვუთხრათ, გვიყვარდეს მტრებიც. მოწყალება არ გავცეთ იმისთვის, რომ მერე ადამიანები გვადიდებდნენ. ვილოცოთ გულწრფელად, შინაგანად, მრავლისმეტყველების გარეშე. ხშირად ვიმეოროთ "მამაო ჩვენო", მივუტევოთ სხვებს ცოდვები. მარხვისას ფარისეველივით დამწუხრებულად არ ვეჩვენოთ. ნუ დავმარხავთ საგანძურსა და სიმდიდრეს დედამიწაზე, არამედ მოწყალებად გავცეთ და ზეცაში შევინახოთ. ნათელი გონება დავიმარხოთ - ჩვენი სულიერი ცხოვრების კეთილდღეობისთვის (რათა არ დავბრკოლდეთ და დავეცეთ), ისევე, როგორც ვუფრთხილდებით თვალთა ნათელს - სხეულის ჯანმრთელობისთვის. სული არ გავყოთ უფალსა და მამონას შორის, არამედ მთლიანად ღმერთს მივუძღვნათ (ჩვენ კი როგორ უღირსად ვლოცულობთ!). ნუ ვიზრუნებთ საჭმლისთვის, სასმლისთვის, ტანსაცმლისთვის... სული ყოველივე ამაზე უმეტესია. პირველად ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე ვეძიოთ, დანარჩენი კი უცილობლად მოგვეცემა. ხვალინდელი დღისთვისაც კი არ გვინდა ზრუნვა. ნუ განვიკითხავთ სხვებს. ღვთის სიტყვას ნუ ვუქადაგებთ და წმინდა საიდუმლოებებს ნუ ვასწავლით ძაღლებს და ღორებს, ანუ თავშეუკავებლად მცხოვრებ უიმედოდ განუკურნებელ ადამიანებს. ჩვენი გასაჭირი უფალს მივანდოთ, ვეძიოთ და არ დავუტევოთ ღმერთი. გავუკეთოთ სხვებს ის, რაც გვინდა, რომ ჩვენ გაგვიკეთონ. ზეციური სასუფევლისკენ ვიწრო გზით წავიდეთ. კაცნი მათ ნაყოფთაგან (ანუ საქმეთაგან) ვიცნათ. ზეციური მამის ნება აღვასრულოთ და მარტო "უფალო, უფალო" არ ვიძახოთ, რამეთუ უშჯულოების მოქმედნი, თუნდაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, გნებავთ, ეშმაკებს განასხმიდნენ და მრავალ სასწაულს სჩადიოდნენ, წავლენ საუკუნო სატანჯველში - ღვთის ყველა მცნება უნდა აღვასრულოთ და არა მხოლოდ ვისმენდეთ.

* "აჰა, მე მიგავლინებ თქვენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა..." (მათე 10,16,20). ჩვენ უნდა ვიყოთ არა მარტო სულიერად ბრძენნი, არამედ წმინდანნი და უბოროტონი, რათა სულიწმინდამ ჩვენზე და ჩვენს მიერ იმოქმედოს. თუ ჩვენ ვძულვართ იესო ქრისტეს სახელისთვის, ეს უნდა გვახარებდეს. უნდა დავითმინოთ, ცხონება მხოლოდ მათთვის არის აღთქმული, ვინც ბოლომდე დაითმენს. ე.ი. ცხონება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან აღგვითქვა, როგორც ჯილდო ბოლომდე დათმენისთვის.

* "ნუ მოიგებთ ოქროს, ნუცა ვეცხლსა... ნუცა კვერთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა" (მათე 10,9-10).

ჩვენი საქმე - ადამიანთა ცხოვნებისთვის ზრუნვა - ფრიად დიდებული და საპატიოა. მთლიანად უნდა მივეცეთ ამ საქმეს და არ ვიფიქროთ არც ფულზე, არც საჭმელსა და ტანსაცმელზე. ვისთვისაც ჩვენ ვიღვწით, მათთვის გაწეული ფასდაუდებელი შრომის გამო უნდა დაგვაჯილდოონ თავიანთი ქონებიდან და ეს არასოდეს წამოგვაყვედრონ, უკეთუ სულიერი დავთესეთ მათ შორის, დიდი რამე იქნება, თუ მათგან ხორციელს მოვიმკით. ჩვენ მათი უკვდავი სულების საუკუნო ცხონებისთვის ვმუშაკობთ და ამისთვის ვიღებთ წარმავალ, ხრწნად ნივთებს: ფულს, საჭმელს და ტანსაცმელს.

* "რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროის ყოველნი, რომელნი შურებოდიან სიტყვითა და მოძღვრებითა" (1 ტიმ. 5,17).

იღვაწე კეთილსინდისიერად შენს მღვდლობაში და პატივი თავისთავად მოვა. სანუგეშოდ შეგიძლია გაიხსენო პავლე მოციქულის სიტყვები: "რამეთუ იტყვის წიგნი, ხარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი და ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა" (1 ტიმ. 5,18). ჩვენი შრომა განსაკუთრებით ძვირფასია ადამიანებისთვის და ღირსია მისაგებლისა.

* გზა რომელზეც ღმერთმა დაგადგინა, არის გზა სიგლახაკისა, მას უფლის შიშით და ღვთისადმი გულწრფელი მადლიერებით უნდა გადიოდე.

"ამიერითგან რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკვე დაეცეს" (1 კორ. 10,12).

* როცა ვემსახურებით ცოცხალ ღმერთს, ყველგანმყოფს, ყოვლისმხედველს, ყოვლადმართალს, გონებათა ღმერთს, თითქმის ყოველთვის ვივიწყებთ და შეურაცხვყოფთ მას.

ვაჟმა იცის, რომ ჰყავს მამა, რომელიც უყვარს და ყველაფერში ემორჩილება. მონა იცნობს თავის ბატონს, ეშინია მისი და ემორჩილება. ქვეშევრდომი მოკრძალებით დგას მეფის წინაშე და გულმოდგინედ აღასრულებს მის ბრძანებებს. მღვდელი კი, ვითარცა შვილი, ანდა მონა, ანდა მსახური, ანდა ქმნილება უფალი ღმერთისა, განა დაივიწყებს ღვთის არსებობას, განა მუდმივად არ მიმართავს მას რწმენა-იმედით, სიყვარულით აღსავსე ლოცვით? განა მუდამ და ყველგან მოკრძალებით არ იდგება უფლის წინაშე?..

* მღვდელს უნდა ჰქონდეს შინაგანი ღირსების გრძნობა, თორემ სხვანაირად მცირე იქნება როგორც საკუთარ, ისე სხვათა თვალთა წინაშე.

* საღმრთო საიდუმლოების აღსრულების დროს და სხვა მსახურებისას აღვლენილ შენს ლოცვებს მიანდო უფალმა თავისი სიტყვიერი ცხოვარნი - რათა მოწყალე იქმნეს მათზე ღმერთი, რათა აღორძინდნენ, განიწმინდონ და მოიწიოს მათზე ზეციური კურთხევა. ყურადღებით იყავ ლოცვისას: შენ აღასრულებ უდიდეს და უწმინდეს საქმეს დედამიწაზე. ნუ დაივიწყებ, ნუ გაზარმაცდები, რომ არ მოიწიოს შენზე ზეციური წყევლა. უფალი შურისმგებელი ღმერთია.

* გქონდეს საღმრთო მოშურნეობა. უმისოდ მღვდელი არაფერია, რადგან მოშურნეობის გარეშე მას რწმენაც არა აქვს.

* გინდა სულიერად მშვიდად იცხოვრო? - უფრო მეტად იშრომე. გიხმეს საეკლესიო წესის აღსასრულებლად? შეასრულე მშვიდად, აუჩქარებლად - ეს სულიერი სიმშვიდე თან გაგყვება და ლოცვის შემდეგაც დაისადგურებს შენს გულში. იცოდე, ეს შენი მოვალეობაა და მისი სათანადოდ აღსრულებით სათნოეყოფი ღმერთს და მიაღწევ მიზანს.

ნუ დაგამძიმებს მქადაგებლობა, შემთხვევაც კი ეძიე, რომ მოემზადო და რიგგარეშეც წარმოთქვა სწავლება, რათა შენს მრევლს მთლიანად განუცხადო ღვთის ნება.

* ჩემს მაცხოვარს თავის მოწაფეებთან ერთად არ ჰქონდა ადგილი, სად მიედრიკა თავი, ცხოვრობდა მათთან ერთად ნებაყოფლობითი შემოწირულობის ხარჯზე. მე რაღა დამრჩენია სანატრელი? არაფერი. მხოლოდ უნდა ვმადლობდე ღმერთს და მისი საქმე აღვასრულო. ჩემი მაცხოვარი - ჩემი მაგალითია. ის თავისი სწავლებებით, თავისი ცხოვრებით, საქმეებით გვაჩვენებს, რომ არ უნდა მივეჯაჭვოთ ამქვეყნიურ ცხოვრებას და მის სიკეთეებს, უპირველესად უნდა ვეძებოთ ღვთის სასუფეველი და სიმართლე მისი. საქმეებით აჩვენე, რომ გწამს მომავალი ცხოვრება, რომ არად მიგაჩნია ამქვეყნიური ყოფა და მისი სიკეთეები.

* მღვდლის ვალია, ყველასთვის ილოცოს. მას არ ეპატიება, მრავალგზის დანებდეს თავის სიყვარულსა და ანგარებას - ის თავგანწირული უნდა იყოს. "უარ-ყავნ თავი თვისი" (მათე 16,24), - ამბობს მაცხოვარი, - ანუ მაცხოვრის ნების აღსასრულებლად უნდა უარვყოთ საკუთარი ხორციელი ნება.

* "რამეთუ ამისთვის მოვივლინე" (ლუკა 4,43). მე ვქადაგებ, ვმსახურობ, საეკლესიო წესებს აღვასრულებ. მოვალე ვარ, ასე ვიცხოვრო და დრო მისით განვლიო. ეს ჩემი ვალია, ეს ჩემი მოწოდებაა, ნუთუ დამამძიმებს ეს ტვირთი როდისმე? დამიფარე ამისგან, ღმერთო!

* მე ვარ ღვთის დიდების საყვირი და ამიტომ, როგორც საყვირმა ჩაბერვისას, ყოველთვის უნდა აღვიმაღლო ხმა (ვიქადაგო - კ.კ.) ადამიანების წინაშე, ეკლესიასა და სახლებში.

* განა რამეა მასზე უტკბესი, ემსახურო ღმერთს - მამას მოწყალებათა და ღმერთს ყოვლისა ნუგეშისცემისა? (2 კორ. 1,3). მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურში რომ გავატაროთ, ამისთვის მხოლოდ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. კაცი უხალისოდ შეუდგება ღვთის საქმეს, მალე მოსწყინდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, თუ რამდენიმე სხვადასხვა მსახურებას და საეკლესიო წესს ზედიზედ შეასრულებს. ასე რომ არ დაგემართოს, ყოველთვის მზად იყავი ღვთის საქმისთვის და თავი ბედნიერად ჩათვალე, რომ უფლის მსახურებაში განლევ დროს. ყოველთვის მზად იყავი, მდაბლად, მშვიდად, კმაყოფილებით ემსახურო მოყვასს და ნუ იტყვი დაზარებით, ეს საქმე სხვა დროისთვის ხომ არ გადამედოო. როცა მოგიხმობენ, მაშინ დგება შენი მსახურების ჟამი. შენ მსახური ხარ ღვთისა. მსახური კი დაძახებისთანავე მზად უნდა იყოს.

არ შეიძლება ღვთის საქმის შესრულება უკრძალველად, უსურველად, მით უმეტეს, მასხარაობით - შურისმაძიებელია ღმერთი ასეთი მსახურებისთვის.

მცირედითაც ნუ დაზოგავ შენს სულს ღვთის მსახურებისას - განსაკუთრებით საკუთარ გულს, ნუ დაზოგავ და განიკითხე თითოეული ცოდვიანი ფიქრის მოძრაობისას...

* მღვდელი ხარ და ყველაზე მეტად უნდა ისიბრძნისმეტყველო ზეციურზე. შენ კი რატომ არ ზრახავ ზეცისას? (კოლ. 3,2). ასწავლე გონებას, ყოველდღე აღიჭრას ზეცად, იცხოვროს ზეცაში, ჭვრიტოს ზეციური სახილველი და იკვებოს ზეციური საზრდელით. დათრგუნე შენში ყოველი მიწიერი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შეწევნით, რომელსაც ყველანი ზეცად ავყავართ თავისი ჯვრით.

* მღვდელო უფლისა! არ გეკადრება ზედმეტად ზრუნვა ამსოფლიურზე, განსაკუთრებით - გულის მიდრეკა სოფლის სიკეთეებზე. შენ ღმერთმა ათასგზის გაგაფრთხილა და დაგსაჯა ამის გამო, მაგრამ გონს ვერ მოდიხარ. ამიტომაც იტანჯება შენი გული და ეს ტანჯვა დღითიდღე იზრდება, რადგან ძლიერ გიყვარს და გსურს ამქვეყნიური საგნები.

* ვინ არის მღვდელი? - იგია განსახიერება რწმენისა, იმედისა და სიყვარულისა.

* "არამედ აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკვე სხვათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო" (1 კორ. 9,27). ხედავ, რამდენად აუცილებელია მღვდლისთვის, რომ მან დააუძლუროს და დაიმონოს თავისი ცოდვილი, ვერაგი სხეული! თორემ სხეული ურგებს გახდის მღვდელს ცხოვრებისა და ქადაგებისთვის. შორს იყოს მღვდლისგან - ნაყროვანება და ლოთობა, გაექეცი - ნებივრობას, მოაკვდინე შენი ვნებიანი სხეული და დაუმორჩილე ის სულს. დაიღალე ღვთის საქმეთა მუშაკობაში და გიხაროდეს ეს.

* მღვდელნო უფლისანო! ღირსეულად ემსახურეთ ღმერთს. იგი წყაროა მადლისა და კეთილისმყოფელია ღირსეული მსახურებისთვის... გახსოვდეს დიდებულება შენი მსახურებისა და ისიც, რომ ღმერთის წინაშე შეგიძლია გამოხატო შენი დიდი სიყვარული და მადლიერება მისი ნიჭებისთვის და თავის მღვდლად მოწოდებისთვის. მთელი შენი ცხოვრება ერთიანად ღვთისმსახურებაა.
ბეჭდვა
1კ1