ნუთუ ეს სასჯელია ცოდვისთვის?
ნუთუ ეს სასჯელია ცოდვისთვის?
ვინც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, საუკუნო ცხოვრებას გაურბის
"აროდეს დამიდგამს მსუბუქი ტერფი მტკიცედ მიწაზე, არამედ მხოლოდ უბედურებანი მიმაცილებდნენ განუწყვეტლივ კიდევ უფრო დიდი უბედურებებისკენ. მასწავლე, უფალო (დიდო სიბრძნეო), რადაა ჩემზე ამგვარი ტვირთი? რად არიან ღვთისმოსავნი შრომაში, დაღუპვის გზაზე შემდგართ კი არ უწყიან, რა არის შრომა? ნუთუ ეს სასჯელია ცოდვისთვის? ან ეგებ ნაკვერჩხლებია, რითაც ცხოვრება განიწმინდება, როგორც ოქრო ბრძმედში? ან ეგებ, როგორც იობი, გამომიწვია ბოროტმა და შურიანმა მტერმა ორთაბრძოლაში და როგორც ფალავანი შენი, წინასწარ უხვად რომ დამზილე ზეთით, დიდი გმირობისთვის გამოგყავარ გაშიშვლებული, რათა შემდგომ დამაჯილდოო და დიდებით შემმოსო მებრძოლი? - ყოველივე ეს მხოლოდ შენ უწყი, მეუფეო ჩემო სიტყვაო, რამეთუ შენ განაგებ მთელ სამყაროს დიდი და დაფარული კანონებით, რომელთაგან უმნიშვნელო ანარეკლი თუ აღწევს ჩვენამდე, ვისაც ხრწნილება შეგვიმოსავს და ახლომხედველობა გვახასიათებს".
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

* * *
"შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფვოდი მონებად უფლისა, განჰმზადე თავი შენი ყოვლისათვის განსაცდელისა".
ზირაქ. 2,1

* * *
"დღეს, მწუხარებანი რომ არა, ვერაფრით ვცხონდებოდით. ღვაწლი აღარ არის, ჭეშმარიტი მონაზვნობა აღარ არის, სულიერი წინამძღვრები აღარ არიან და მხოლოდ მწუხარებანი ცვლიან ყველაფერს".

* * *
"ჩვენი ცხოვრება მწუხარებით, უბედურებითა და განსაცდელითაა აღვსილი. ჩვენივე გონება გვეწინააღმდეგება: ეს გზის გამკვალავი ხშირად თვითონვე გადასცდება გზას და მთელ ჩვენს ცხოვრებას ცდომილებაში ითრევს. გვეწინააღმდეგება გული, რომელიც თავისი შეგონებების აღსრულებისკენ მიდრკება და ღვთის ნების აღსრულებას თავს არიდებს; გვეწინააღმდეგება ცოდვა: ის ცოდვაც, რომელიც ჩვენში დაცემითაა დანერგილი და ისიც, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმული საცდურებიდან მოქმედებს; გვეწინააღმდეგება წუთისოფელი, რომელიც ამაოებას, ხრწნილებას ემსახურება და ყველას, როგორც დაყვავებით, ისე დევნით, ამგვარ მსახურებაზე დათანხმებას აიძულებს; გვეწინააღმდეგებიან მტრები - უხილავი სულები და მათ დამონებული ადამიანები; ხშირად თვით მეგობრებიც კი უნებურად ჩვენს მოწინააღმდეგეებად იქცევიან.

უფალმა სათნოებებში ვარჯიშით, ღვთის სიტყვით, ლოცვით, რწმენით, თავმდაბლობით, ცოდვისაგან გამიჯვნით საკუთარი თავის მიმართ განუწყვეტლივ ფხიზლად ყოფნა გვამცნო".
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

* * *
"უბედურება, რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს, ბედნიერებაზე უკეთესია, საკუთარი თავისთვის რომ ვაშენებთ. თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელს. ეს მეგობრის ხმაა, რომელიც შუაღამისას გვაღვიძებს მძინარეთ: ხანძარია!

გონიერი ტოვებს ცეცხლწაკიდებულ სახლს და გარბის, რათა საკუთარი სიცოცხლე იხსნას. უგუნური კი ზის და კვნესის ცეცხლის კვამლში გახვეული, სანამ აალებულ სახლთან ერთად არ დაიღუპება".

* * *
"მებაღე ხეს ტოტებს აჭრის, სწრაფად რომ გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი გამოიღოს. თუ გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება.

გწამდეს, შენი ტანჯვა ზღვარს არასდროს გადასცდება. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე.

"თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა იგი არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?" (ღირსი ნილოს სინელი). გჯეროდეს, ღმერთს ადამიანზე მეტი განსჯის უნარი აქვს".
წმინდა ნიკოლოზ სერბი

* * *
"მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმინდა, რამეთუ ვინც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, საუკუნო ცხოვრებას გაურბის. ვინ მიანიჭა წმინდა მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? - მათმა მკვლელებმა. ვინ მიუბოძა წმინდა სტეფანეს ესოდენი დიდება? - მათ, ვინც იგი ჩაქოლა".
წმინდა ზოსიმე პალესტინელი

* * *
"არ არსებობს ტანჯვასა და განსაცდელში სხვა ნუგეში, თუ არა ის, რომ შევხედოთ მათ "სხვა სამყაროდან". ეს ერთადერთი სწორი შეხედულებაა. თუ ჩავთვლით, რომ მხოლოდ მიწიერი სამყარო არსებობს, მაშინ ყველაფერი - განშორება, ავადმყოფობა, უსამართლობა, სიკვდილი - უაზრობა იქნება. ყოველივე აზრს იძენს ოდენ უხილავი ცხოვრების უკიდეგანო ოკეანის ფონზე, რომლითაც გარშემორტყმულია ჩვენი მიწიერი არსებობის პაწაწინა კუნძული. ვის არ განუცდია სულთქმა "იქიდან" ძილში, ლოცვებში! როდესაც ადამიანი პოულობს თავის თავში ძალას, მიიღოს ღვთის მიერ მოვლენილი გამოცდა, უზარმაზარ ნაბიჯს დგამს წინ სულიერ ცხოვრებაში".

* * *
"რა ამრავლებს ჩვენში სულიერ ძალებს? - განსაცდელის გადალახვა, დაძლევა. ჩემი ცხოვრების მაგალითზე მკაფიოდ ვხედავ, რომ ყველა ეკალი, ჩხვლეტა ღვთის მიერაა მოწყობილი ჩვენი სულის საკურნებლად".
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

* * *
"მწუხარებით გამოცდას, რომელსაც ღმერთი უშვებს ადამიანზე, მიზნად აქვს მართალთა აღზრდა მიწაზე და მათი დაჯილდოება იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ცხადია, ამსოფლიური მწუხარება სამზადისია. იგი ათვინიერებს ადამიანს, განარიდებს მას წუთისოფელს, განუმტკიცებს ხასიათს, ასუფთავებს და ამაღლებს. როცა მართალი ავადდება, იოლად მაღლდება ზეცად; როცა ცილს სწამებენ, გაურბის ადამიანებს და ეძიებს თავის მხსნელს - ქრისტეს; ხოლო როცა სიღარიბეში ვარდება, უფრო მომთმენი ხდება და ლოცულობს ღვთის წინაშე. კაცი მარმარილოს უფორმო ნატეხს ჰგავს, რომელსაც მოქანდაკის საჭრეთელი სჭირდება. ასევე სჭირდება ადამიანს მწუხარების საღვთო საჭრეთელი".
ბერი იოილი

* * *
"მოითმინე ყოველი ბრალდება, ლანძღვა, ცილისწამება, სამართლიანიც და უსამართლოც, რადგან ისინი სასარგებლო არიან - სულს წმენდენ ცოდვათაგან და ხელს უწყობენ სიმდაბლის ზრდას, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა მათ არ უარყოფ. როგორც ავაზაკმა თქვა: "და ჩვენ სამართლად ღირსი, რომელ ვქმენით, მოგვეგების; მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა".

* * *
"მრავალი განსაცდელის დათმენით გვმართებს ღვთის სასუფეველში შესვლა". უფლის უსაზღვრო სიბრძნის წყალობით, ყოველ ადამიანს განკურნების, განწმენდისა და ცხონებისათვის, ხასიათის თავისებურებებისა და ძალის შესაბამისად, ეგზავნება თავისი ჯვარი. თუ უდრტვინველად ვატარებთ მას, ვინანიებთ ცოდვებს და არ ვიმართლებთ თავს, კეთილგონიერი ავაზაკის მსგავსად, ღვთის სასუფეველში შევალთ. თუ დრტვინვას მივეცემით, ვაძაგებთ ადამიანებსა და ღმერთს, ბოროტი ავაზაკის დარად, უფრო დიდი ტანჯვით წარვწყმდებით, ცხონების იმედისა და განსაცდელის შემსუბუქების გარეშე. არჩევანი ჩვენს ხელთაა.

კეთილგონიერება გვმართებს. ჯვარი ყველასთვის გარდაუვალია. მას კი ღვთის რწმენით, ცოდვებთან ბრძოლით, სინანულით, მოყვასისთვის მიტევებით, განსაცდელის უდრტვინველად გადატანითა და უფლისადმი ლოცვით შევიმსუბუქებთ. ღვთის სიყვარულს ჩვენი ცხონება ნებავს, ამიტომ არ დაუშვებს ჩვენზე ისეთ განსაცდელს, რომელიც ჩვენს ძალებს აღემატება და ჩვენთვის აუცილებელი არაა. განსაცდელი აუცილებელია, მაგრამ მისი აუცილებლობის დანახვა ადამიანს მხოლოდ სინანულით, ცოდვათაგან თავის შეკავებითა და წმინდა წერილის კითხვით მოპოვებული განწმენდით შეუძლია".
იღუმენი ნიკონი
ბეჭდვა
1კ1