სხვებს ვუთმობ ცხოვრების სიამტკბილობებს, თვით კი სიამოვნებით გავექცევი მათ
სხვებს ვუთმობ ცხოვრების სიამტკბილობებს, თვით კი სიამოვნებით გავექცევი მათ
გოდებანი გრიგოლისანი
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
კაცთათვის ერთი მხოლოა სიკეთე, და სიკეთე მდგრადი, - ესაა ზეციური იმედები. მით მიდგას სული რამდენადმე; სხვა სიკეთეთა მიმართ კი უდიდეს ზიზღსა ვგრძნობ და მზად ვარ, ერთდღიან არსებებს მივუბოძო ყოველივე ის, რაც მიწაზე ეთრევა, მამული და სხვისი მხარე, საყდარნი და მათთან დაკავშირებული პატივი, ახლობელნი, უცხონი, ღვთისმოსავნი, მანკიერნი, გულწრფელნი, გულდახურულნი, მომზირალნი ყოველგვარი შურის გარეშე, დახრულნი შინაგანი თვითმკვლელი ცოდვით. სხვებს ვუთმობ ცხოვრების სიამტკბილობებს, თვით კი სიამოვნებით გავექცევი მათ.

***
ჰოი, რაოდენ ხანგრძლივი გახადეს ეს ცხოვრება უბედურებებმა! - კიდევ დიდხანს უნდა ვიჯდე სანეხვესთან? თითქოსდა ჩვენი ცხოვრების მთელი სიკეთე ამ ერთ ნუგეშშია - დღითიდღე ხან მიიღო და ხანაც განაგდო შენგან ის, რაც განკუთვნილია შენთვის. ბევრს არ იხმარს სასა; დანარჩენი კი არაწმინდებაში გადადის. კიდევ ზამთარი, კვლავაც ზაფხული; ხან გაზაფხული, ხან შემოდგომა; დღენი და ღამენი - სიცოცხლის ორგვარი ზმანებანი; ცა, ჰაერი, ზღვა - ყველაფერ ამაში და რაც არ იძვრის და რაც იძვრისია, არაფერია ჩემთვის ახალი, ყველაფრით ავსილი ვარ. მეუფეო ჩემო, მომანიჭე სიცოცხლე სხვაგვარი და სამყარო სხვაგვარი, რისთვისაც შრომის ყოველგვარ სიძნელეს სიხარულით გადავიტანდი.

***
თვით ეს დროც, ვიდრეღა ვსუნთქავ, ნაკადულია მსწრაფლმედინი მდინარისა, რომელშიც ერთი მიდის და მეორე მოდის, და არაფერია მდგრადი. აქ ყოველივე მტვერია, რომელიც თვალებს მივსებს და ღვთიურ სინათლეს სულ უფრო და უფრო განვეშორები, კედელ-კედელ, ხან აქ, ხან იქ - ხელისცეცებით დავეხეტები დიდი ცხოვრების მიღმა. გავკადნიერდები ერთ მართალ სიტყვაზე: ღვთის თამაშია ადამიანი, ერთი იმათგანი, ქალაქებში როგორსაც ვხედავთ. სახეზე ხელით ქმნული ნიღაბი აქვს აფარებული; ხოლო როდესაც ჩამოიხსნის, სირცხვილისგან ვქვავდები, მოულოდნელად ისეთი სხვაგვარი გამოგვეცხადება. ესევითარია საბრალო მოკვდავთა მთელი ცხოვრება. ზოგიერთებს გულზე მეოცნებე იმედი მოჰფენია, თუმცაღა თავს დიდხანს არ იქცევენ.

მე კი, რომელიც ქრისტეს მოვეჭიდები, არასოდეს განვეშორები მას, ვიდრეღა შეკრული ვარ ამ მიწისაგანი ცხოვრებით.

***
ვინ ვარ მე? საიდან მოველ ამ ცხოვრებაში? და მას შემდეგ, რაც მიწა თავის წიაღში მიმიღებს, როგორი აღმოვჩნდები აღმდგარი მტვრიდან? სად დამაყენებს მაღალი ღმერთი? და აქედან წარტაცებულს, შემიყვანს კი მყუდრო ნავსაყუდელში? მრავალი გზაა მრავალსალმობიერ ცხოვრებაში და თითოეულზე თავ-თავისი წუხილი გვხვდება; არ არის კაცთათვის სიკეთე, რომელსაც ბოროტება არ ერთვოდეს. და კიდევ კარგია, თუ ჭირ-ვარამს დიდი საწყაულისთვის არ მიუღწევია! სიმდიდრე არაა საიმედო; საყდარი სიზმარას მზვაობრობაა; ქვეშევრდომობა სამძიმოა, სიღატაკე - ბორკილებია; სილამაზე - ელვის ხანმოკლე ციაგია; ახალგაზრდობა - დროებითი დუღილი; ჭაღარა - სიცოცხლის წუხილიანი ჩასვენება; სიტყვები მიფრინავენ; დიდება - კვამლია; კეთილშობილება - ძველი სისხლი; ძალა - ველური ტახის მონაპოვარიცაა; განძღომა - სითავხედეა; მეუღლეობა - უღელი; მრავალშვილიერება - გარდარეული საზრუნავი; უშვილობა - ავადმყოფობა; სახალხო შეკრებები - მანკიერებათა სასწავლებელი; უმოქმედობა ადუნებს; მოჩვენებითობა მიწაზე მხოხავთ შეჰფერით; სხვისი პური მწარეა; მიწათმოქმედება ძნელია; მეზღვაურთა დიდი ნაწილი დაიღუპა; მამული - საკუთარი ორმოა; სხვისი მხარე - კიცხევაა; მოკვდავთ ყველაფერი უძნელდებათ; ყველაფერი აქაური - სიცილია, ბურუსია, აჩრდილია, მოლანდებაა, ცვარია, სიოა, ბუმბულია, ორთქლია, სიზმარია, ტალღაა, ნაკადულია, ხომალდის კვალია, ქარია, მტვერია, წრეა მიწყივ მბრუნავი, განმაახლებელი ყოველი უწინდელის მსგავსისა, უძრავიცა და მოქანავეც, დაქცევადიც და უცვალებელიც - წლის დროებში, დღეებში, ღამეებში, შრომაში, სიკვდილებში, საზრუნავებში, თავშესაქცევებში, სნეულებებში, დაცემებში, წარმატებებში...

***
მოკვდავნო კაცნო, რომელნიც, ცხოვრობთ რა სიკვდილით, გულზვაობთ ამაოთი! კიდევ დიდხანს აპირებთ, რჩებით რა ცრუ თუ აშკარად ზმანებული სიზმრების სათამაშოდ, უმიზნოდ დაეხეტებოდეთ დედამიწაზე? შეხედე, შენივ საკუთარი გონებით ყველაზე მაღლა ასულო, როგორ აღვხდი მეც ასევე ზევით იმის გამო, რომ ღმერთმა მომანიჭა უდიდესი ცოდნა სასარგებლოსი და საზიანოსი; ხოლო ყველაზე ზევით ნანაობს გონება. ვინ ნორჩი იყო და ძლიერი, დიდება - მეგობართა, მაღლა ეჭირა თავი და მოქნილი სხეული ჰქონდა. სხვა კი განთიადის მშვენიერი ვარსკვლავი იყო, გაზაფხულის დარი მამაკაცთა შორის და ყველას ყურადღებას იქცევდა. ვინ - გმირობით სახელოვანი; სხვა - ასპარეზზე უჩინებულესი მორკინალი. ვინ ნადიმებსა და მდიდრულ ვახშმებზე იხარჯებოდა; ხმელეთს, ზღვასა და ჰაერს მისი სტომაქისთვის საზრდო მოჰქონდა. მაგრამ ამჟამად იგი ნაოჭებს დაუფარავს და დაჩაჩანაკებულა; ყველაფერს დაუკარგავს ფერი; მოვიდა სიბერე და გაფრინდა სილამაზე; სტომაქმა მომსახურებაზე უარი თქვა; ადამიანის რაღაც ნაწილი ჯერაც ცოცხალია, უმეტესი კი უკვე საფლავშია. ვიღაც ყოველგვარი განსწავლულობით ქედმაღლობს, ვინ თავისი კეთილშობლების მდიდრულ აკლდამებზე მაღალი აზრისაა, ან იმაზე, რომ მაინც მოახერხა, პატარა გრაგნილებზე თავისი სისხლი და მოდგმა აღებეჭდა; ვინ თავისი მტკიცე რჩევებით დიდგულობს ქალაქებში და იმით, რომ ყველას პირზე მისი სახელი აკერია. სხვამ უსაზომო ქონება შეიკრიბა და გონებაში კიდევ ახალს ამატებს; ვინ მაღალ სკამზე ზის და აღფრთოვანებულია, რომ ხელთ მართლმსაჯულების სასწორი უპყრია; სხვა მეწამული სამოსლით შემოსილა და თავზე სამეფო დიადემა ადგას, მბრძანებლობს დედამიწაზე, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად და, თუმცაღა მოკვდავია, გაბღენძილია არა მოკვდავური იმედებით. ეს ყოველივე ამჟამად, რაღაც დროის შემდეგ კი - მტვერი; მონანი და სკიპტრისმპყრობელნი, ლუკმაპურის მაძიებელნი და სიმდიდრით თვითკმაყოფილნი - ყველანი თანასწორნი გახდებიან, ყველა მათგანისთვის ერთი წყვდიადია, საერთო სავანე... ყველა მოკვდავისთვის ერთი ხვედრია. საბოლოოდ, თითოეულისგან მხოლოდ დაფშვნეტილი, ნახევრად დალეული ძვლებიღა დარჩება და შიშველი თავის ქალა. ამოიწურა ფუფუნება; მაგრამ აღარც სიღატაკეს აწუხებს შრომა, უცნობი სნეულება, სიძულვილი, დამთხვეულობა, მეტის სურვილი, მოუთვინიერებელი თავხედობა. ყველაფერი დასამარდა, ყველაფერმა იყუჩა გარდაცვლილთან ერთად მანამდე, ვიდრე მკვდრეთით აღმდგართა კვალდაკვალ არ გამომზეურდება...

***
შვილნო, ყური მიუგდეთ ჩემს რჩევებს (შვილები შემიძლია გიწოდოთ, რაკიღა თქვენზე მეტი ხანია, მივათრევ მიწაზე სიცოცხლეს)! ზურგს ვაქცევთ რა ამ სოფელს, ყოველივეს, რაც შფოთს გვგვრის ამქვეყნად, რითაც აცთუნებს მიწისზევითა მეფე - ეს სხვისი საკუთრების მიმტაცებელი, მავნებელი და კაცისმკვლელი, ანუ სიმდიდრეს, დიდებას, პირველობას, გვარიშვილობას, მტკნარ ბედნიერებას, გავექცეთ, რაც შეიძლება სწრაფად, ზეცაში, სად გამოუთქმელი სამნათელის ირგვლივ ბრწყინავენ მრავალნი მშვენიერებანი...

***
მე მოვკვდი ამ ფათერაკიანი ცხოვრებისთვის, ევრიპოსივით რომ მიმოიქცევა, არა აქვს რა რაიმე მდგრადი, თუნდაც ერთი დღით. ვისურვებდი კი მეცხოვრა იმ ხანგრძლივი ცხოვრებით, რომელიც კეთილად მოღვაწეობისთვისაა ჯილდოდ დანიშნული. ვისთვისაც სასიამოვნოა აქაური ცხოვრება, დე, შეიქციეთ მით თავი, მე კი ვიხილავდი მეუფეს...

გახუნდა ყოველივე, მოახლოვდა მკათათვე. თმა გამითეთრდა; კალო აგროვებს თავთავს; მოსავალიც შემოვიდა; ახლოა რთველი. ჩემი ბოროტგვემულებანი საწნახელში უკვე იწურება...

დავიღუპე მე შორის განსაცდელთა; მაგრამ ვიღუპები შენთვის, შენ - ღმერთი ჩემი; შენ გაჰფანტავ წყვდიადს ბოროტგვემულებათა...
ბეჭდვა
1კ1