მამა პაისი ათონელი - ვიფიქროთ სიკვდილზე
მამა პაისი ათონელი - ვიფიქროთ სიკვდილზე
- მამაო, თავისი დაბადების დღეზე კაცმა რაზე უნდა იფიქროს?
- მომავალ გარდაცვალების დღეზე და მოემზადოს ამ დიდი მოგზაურობისთვის.

- მამაო, სიკვდილი უეჭველი ამბავია, რომელიც კაცს თავს გარდახდება. მაშინ რატომ ვივიწყებთ მას?

- ადრე ერთად ცხოვრებულთა მონასტრებში ერთ-ერთ ბერს მორჩილებად აძლევდნენ, სხვა მამებისთვის სიკვდილი შეეხსენებინა. როცა სხვა ძმები სამორჩილო საქმეს ასრულებდნენ, ეს ბერი თითოეულთან მიდიოდა და ეუბნებოდა: "ძმაო, ჩვენ სიკვდილი მოგველის". ჩვენი სიცოცხლე შეფუთულია მოკვდავი ხორცით. ეს დიდი საიდუმლო ადვილად გასაგები არ არის მათთვის, რომელნიც მხოლოდ ხორციელნი არიან. ამიტომაც არ უნდათ სიტყვა სიკვდილის გაგონება და არც მასზე რამის გაგება. ასეთთათვის სიკვდილი სიკვდილად და ორმაგ მწუხარებად იქცევა.

მაგრამ, საბედნიეროდ, სახიერმა ღმერთმა ისე მოაწყო, რომ უკიდურეს შემთხვევაში ხნიერმა ხალხმა მაინც ნახოს სიკეთე სიბერის ნიშნებიდან. მოხუცებულები ხომ ისედაც უფრო ახლოს არიან სიკვდილთან, ვიდრე ახალგაზრდები. თმა უთერთდებათ, თავსაც ძველებურად მხნედ ვერ გრძნობენ, ძალა ნელ-ნელა ეცლებათ, უფრო მდაბლდებიან და იძულებულნი ხდებიან, ისიბრძნისმეტყველონ ამა სოფლის ამაოებაზე. ანდა როცა ესმით, რომ ვინმე გარდაიცვალა, მაშინვე თავიანთი სიკვდილი გაახსენდებათ. გინახავთ სოფლებში ყავახანაში მსხდომი მოხუცები? როცა ეკლესიაში დაკრძალვის (სამგლოვიარო) ზარს ჩამოჰკრავენ, ისინი ჯვარს გამოისახავენ და იკითხავენ, - ვინ გარდაიცვალა, რომელ წელს იყო დაბადებულიო. "ჰოო, ერთი შეხედე, ჩვენი დროც მოსულა! ყველა დავტოვებთ ამ სოფელს", - იტყვიან მოხუცები. მათ იციან, რომ წლები გავიდა, სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდა, მასთან ერთად მოახლოვდა სიკვდილიც. სცადე და უთხარი პატარა ბავშვს: "სიკვდილის ხსოვნა გქონდესო". პასუხად მოგიგებს, მოგცლიაო და ბურთის სათამაშოდ გაიქცევა. ღმერთი თუ დაეხმარებოდა ამ პატარა ბავშვს იმის გაგებაში, რომ ერთხელაც იქნება მოკვდება, მაშინ საცოდავს გული გაუტყდებოდა, აღარაფერი მიიზიდავდა და სრულიად წახდებოდა. ამიტომაც ღმერთი, ვითარცა კეთილი მამა, ყველაფერს ისე აკეთებს, ბავშვი რომ ვერ ხვდებოდეს, რა არის სიკვდილი და ბურთს ხალისიანად, უზრუნველად თამაშობდეს. მაგრამ რაც უფრო იზრდება პატარა, უფრო მეტად ხვდება, რა არის სიკვდილი.

ახალბედა ბერსაც, მით უფრო, თუ ის ახალგაზრდაა, არ ძალუძს ჰქონდეს სიკვდილის ხსოვნა, ის ფიქრობს, რომ წინ ცხოვრების წლები უძევს და სიკვდილის ცნება არ აწუხებს.

გახსოვთ, როგორ თქვა პეტრე მოციქულმა: "დაუძახეთ ახალგაზრდებს, ანანიასა და საფირას გვამები რომ გაიტანონ" (საქმე მოციქ. 5,6-10)? მონასტერში მიცვალებულს ჩვეულებისამებრ ახალგაზრდა ბერები მარხავენ. მოხუცი მონაზვნები ჩაფიქრებულნი ცხედარს პეშვით მიწას მდუმარედ აყრიან.

- მამაო, ექიმებმა საბოლოო დიაგნოზი დაგისვეს - ავთვისებიანი სიმსივნე, კიბოს ყველაზე უარესი ფორმა.

- მომიტანეთ ბაღდადი, ხელები უნდა გავშალო და ვიცეკვო. "მშვიდობით, კრულო სოფელო!" სიცოცხლეში არასოდეს მიცეკვია, მაგრამ ახლა ვიცეკვებ სიხარულისგან, რომ სიკვდილი მიახლოვდება.

***
სიკვდილი მცირე ხნით განშორებაა.

ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ადამიანი სინამდვილეში არ კვდება. სიკვდილი მხოლოდ გადასახლებაა ერთი ცხოვრებიდან მეორეში. ესაა განშორება მცირე ხნით. მაგალითად, თუ კაცი საზღვარგარეთ ერთი წლით მიდის, ახლობლები შეწუხდებიან, რადგან საყვარელ ადამიანს ერთი წლით უნდა განშორდნენ, მაგრამ თუ ათი წლით მიდის, მაშინ ამ ათწლიან განშორებაზე იდარდებენ. ამის მსგავსადვე უნდა ვუყუროთ ახლობელთან განშორებას, სიკვდილს რომ მოაქვს. მაგალითად, თუ ხანშიშესულებს უკვდებათ ახლობელი, მაშინ მათ უნდა თქვან: "თხუთმეტი წლის შემდეგ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს". თუ ადამიანები, რომელთაც ახლობელი მოუკვდებათ, ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, უნდა თქვან: "ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ორმოცდაათი წლის შემდეგ". რა თქმა უნდა, ახლობლის სიკვდილი კაცს ამწუხრებს, მაგრამ სიკვდილს სულიერად უნდა შევხედოთ. გახსოვთ, რას ამბობს პავლე მოციქული: "რაითა არა სწუხდეთ, ვითარცა იგი სხვანი, რომელთა აქვს სასოებაი" (1 თეს. 4,13). მაგალითად, რამდენად ხშირად ვნახავდი ჩემს ახლობელ ადამიანს, ცოცხალი რომ დარჩენილიყო? თვეში ერთხელ? ასე უნდა ვიფიქროთ, რომ იქ, საუკუნო სიცოცხლეში ის მუდამ თვალწინ გვეყოლება. ჩვენი შიში გამართლებულია მაშინ, თუ არაქრისტიანულად მცხოვრები გარდაიცვლება. მაგალითად, ულმობლის სულისთვის ბევრი უნდა ვილოცოთ, თუ ის მართლა გვიყვარს და გვინდა, იმ ცხოვრებაშიც შევხვდეთ.

***
- მამაო, რა ძალაა აუცილებელი ადამიანისთვის, უეცარი სიკვდილის რომ არ შეეშინდეს?

- თუ ადამიანები ცხოვრების ღრმა აზრს ჩასწვდნენ, მაშინ ისინი ადვილად იპოვიან ძალას, სწორად შეხედონ სიკვდილს. იცით, რამდენი მოზარდი იმტვრევა მოპედით, რამდენი ახალგაზრდა ხვდება ავარიაში მოტოციკლით? ბიჭები მოტოციკლს აყენებენ ხოლმე უკანა თვალზე. ასეთ დროს ადვილია გადაბრუნდეს, დაეცეს და ასფალტზე თავი გაუტყდეს. ისინი კი გმირად თვლიან მას, ვინც ერთ თვალზე ყველაზე მაღლა შეაყენებს მოტოციკლს. ხედავთ, რას ასწავლის მათ ეშმაკი! ჩვეულებრივ, ორ თვალზე რომ ევლოთ, თუნდაც მოხვედრილიყვნენ ავარიაში, ასე არ დაშავდებოდნენ...

- მამაო, ჩვენთან ერთი დედა მოდის ხოლმე და უნუგეშოდ ტირის. შვილი გაუგზავნია საქმეზე, მას კი მანქანა დასჯახებია და მოუკლავს.

- ჰკითხე იმ ქალბატონს: - მძღოლმა შენს შვილს ძალით დააჯახა მანქანა-თქო? არა. შენ ხომ იმისთვის არ გაგიგზავნია, რომ მანქანა დასჯახებოდა? არა. მაშინ უნდა თქვა: "დიდება შენდა, ღმერთო", რადგან მანქანას რომ არ მოეკლა შენი შვილი, შეიძლება ცუდი გზით წასულიყო. ღმერთმა კი შესაფერის მომენტში წაიყვანა. ახლა ის ზეცაშია და მისი დაკარგვის საშიშროება აღარ არის. რატომ ტირი? ნუთუ არ იცი, რომ შენი მოთქმით შვილს ტანჯავ, იმის მაგივრად, რომ ხარობდეს. შეეცადე, დაეხმარო ღვთისგან შორს მყოფ შენს დანარჩენ შვილებს. გუშინაც მოვიდა ჩემთან ერთი აცრემლებული დედა: - უფალმა ჩემი ერთადერთი ვაჟი წამართვაო - და ღმერთს ამუნათებდა. "შენ თუ ჯეროვნად იფიქრებ, მიხვდები, რომ ღმერთმა პატივი გცა. მან თავისთან პატარა ანგელოზი წაიყვანა, მონათლული ყრმა წაიყვანა და არ დაუშვა, ცოდვაში ჩავარდნილიყო. მალე თვითონვე მიხვდები, რომ შენი ვაჟი ღმერთს შენთვის ევედრება".

თუ ღმერთი ხედავს, რომ ბავშვი სწორ გზას ასცდება, წარსაწყმედელისკენ წავა და სხვა გზა აღარ რჩება მისი ხსნისა, იგი უეცარი სიკვდილით მიჰყავს. მაგალითად, დაუშვებს, რომ მთვრალმა მძღოლმა მანქანა დააჯახოს და ამგვარად მიჰყავს ის თავისთან. თუ ბავშვის გაუკეთესების შესაძლებლობა იქნებოდა, მაშინ ღმერთი ალბათ შეუშლიდა ხელს უბედურ შემთხვევას. როცა მძღოლი გონს მოვა, მთელი სიცოცხლე სინდისი შეაწუხებს და მუდმივად ცოდვათა მიტევებას შეევედრება ღმერთს. ამგვარად, ეს კაციც ცხონდება. გარდაცვლილი ვაჟის დედას სულიერი ტკივილი ტანჯავს. უფრო გონივრულად განაგრძობს ცხოვრებას, ჩაფიქრდება სიკვდილზე და მომავალი ცხოვრებისთვის დაიწყებს მზადებას. ამგვარად გადარჩება. ხედავ, დედის ლოცვით ადამიანთა სულები როგორც ცხონდებიან? მაგრამ დედას ეს არ ესმის და ღვთის დადანაშაულებას იწყებს. ღმერთს ჩვენგან რისი მოსმენა აღარ უწევს!

თუ ადამიანი საგნებს ერისკაცულად აღარ მოეპყრობა, მაშინ ის სულიერ სიმშვიდეს პოვებს. როგორ უნდა პოვო ჭეშმარიტი ნუგეშისცემა, თუ ღმერთი არ გწამს და არც სიკვდილის შემდგომი, ნამდვილი, საუკუნო სიცოცხლე? სტომიონის მონასტერში, კონიცის სიახლოვეს, ქვრივი ქალი ცხოვრობდა, რომელიც ყოველდღე დადიოდა სასაფლაოზე, გულისმომკვლელად ტიროდა და გარშემო ყველას აშფოთებდა. ხალხი მოდიოდა და შინ მიჰყავდა, ის კი კვლავ ბრუნდებოდა. ასე გრძელდებოდა წლობით. ქალს ქმარი გერმანელებმა მოუკლეს. მამის სიკვდილის შემდეგ 19 წლის ქალიშვილი გულის ავადმყოფობით გარდაეცვალა. დარჩა მარტო ეს საცოდავი ქალი. თუ ვინმე ამ ამბავს გარეგნულად შეხედავს, იკითხავს, ღმერთმა ეს რატომ დაუშვაო. ქალიც ამას წუწუნებდა და ვეღარ მშვიდდებოდა. ერთხელ საფლავთან მეც მივედი. ქალმა შემომტირა: - ღმერთი ასე რატომ მომექცა? ქმარი ომში დამეღუპა. ერთადერთი ქალიშვილი წამართვაო... ცოტა ხანს ვაცალე ლაპარაკი და მერე ვუთხარი: - შენს ქმარს ვიცნობდი. კარგი ადამიანი იყო. ის ომში მამულისთვის დაიღუპა და ამით თავისი წმინდა ვალი აღასრულა. ღმერთი მას უსამართლოდ არ მოქცევია. შენი ქმრის სიკვდილის შემდგომ ქალიშვილი რამდენიმე წლით დაგიტოვა. მერე კი დაინახა, რომ ის შესაძლოა სულ მალე გზას ასცდენოდა, ამიტომაც წაიყვანა. ღმერთმა ეს მისი სულის სახსნელად ჩაიდინა. ვკითხე: - გიყვარს ეს სოფელი-მეთქი? არაფრის და არავის დანახვა არ მინდაო, - მიპასუხა. "ხომ ხედავ, -
ვუთხარი, - სოფელი შენთვისაც მოკვდა. ტკივილი გეხმარება და არაფერი ამქვეყნიური აღარ გაინტერესებს. მალე ყველანი ერთად იქნებით სამოთხეში. ღმერთმა სხვას ვის სცა ამგვარი პატივი? ხვდები ამას?" ამ საუბრის შემდეგ ქალმა შეწყვიტა სასაფლაოზე სიარული. როგორც კი სხვისი დახმარებით ჩასწვდა ცხოვრების ღრმა აზრს, მაშინვე დამშვიდდა.
ბეჭდვა
1კ1