ნურასდროს იტყვი, დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო
ნურასდროს იტყვი, დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო
ნუ გაამყარებ უწინ ჩადენილ ცოდვებს შენს სულში მათი ხშირი გახსენებით, რათა კვლავ და კვლავ არ განგიახლდეს მათი დაგემოვნების სურვილი. მტკიცედ გჯეროდეს, რომ ისინი იმავე წამს მოგეტევა, როცა ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი და გულწრფელად შეინანე. ამაში ნურასოდეს დაეჭვდები.

***
გეშინოდეს იმავე ცოდვით დაცემისა, რომელიც უკვე მიუტევებია შენთვის ღვთის მოწყალებას სინანულის საიდუმლოთი, მაგრამ თუკი შენი უძლურების გამო კვლავაც დაეცემი უწინდელი შეცოდებით, მაინც ნუ წარიკვეთ სასოს! უფლის მოწყალება უსაზღვროა, წრფელი სინანულის ძალა კი - განუზომელი.

***
ქრისტეს ეკლესია მონანულთა ეკლესიაა, მათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.

***
სინანული კიბეა, რომელსაც იმ სანეტარო ადგილას ავყავართ, საიდანაც ოდესღაც დავეცით.

***
უწმინდესმა ღმერთმა, რომელიც ერთადერთია უცოდველი, თავისი მხოლოდშობილი ძე არ დაინანა შენთვის. შენ კი, ჰოი, ბედკრულო ცოდვილო, საკუთარი თავიც კი არ გებრალება და შენივე ცოდვების მონანიება არ გსურს!

***
როგორც ძლიერი ქარი ფანტავს მტვერს, ასევე გაიდევნება და გაცამტვერდება ჩვენი უბოროტესი მტერი - ეშმაკი, როცა უფლის დიდებას ვღაღადებთ, ლოცვა-ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლსაც დავღვრით.

***
ნურასდროს იტყვი, დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო. სჯობს, დღესვე მოინანიო ცოდვები, რადგან არ იცი, იცოცხლებ თუ არა ხვალ.

***
ათასგზისაც რომ შესცოდო (ოღონდ არა შეგნებულად და განზრახ), მერე კი გულწრფელი სინანულით მიეახლო ღმერთს, იცოდე, რომ კვლავ და კვლავ განიწმინდები სიბილწისგან და შენ მიერ ჩადენილ უსჯულოებათაგან.
წმინდა ეფრემ ასური

შეუნდე სხვას ყველაფერი, საკუთარ თავს კი - არაფერი.

***
კეთილ გზას ის ადგას და ცოდვების შენდობის იმედი მას შეუძლია ჰქონდეს, ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა.

***
საკმარისი არ არის, თვით ღმერთს წარვუდგეთ წრფელი აღსარებითა და ცოდვათა მონანიებით, - აუცილებელია, იმასაც ჩავაბაროთ აღსარება, ვისაც თვით ღმერთისგან მიუღია ხელმწიფება აღსარების მიღებისა და ცოდვათა მოტევებისა.
ნეტარი ავგუსტინე

თუ სული თავს უფლის წინაშე დაიდანაშაულებს, უფალი შეიყვარებს მას.
ამბა პიმენი

ვინც თავს იმართლებს, იგი სინანულს განეშორება.
ამბა ესაია

ზღვაში გადაგდებული ქვა იძირება და ყველასთვის უხილავი ხდება. ასევე ქრებიან ღვთის მოწყალებაში ჩაძირული ჩვენი ცოდვებიც ზეციური მართლმსაჯულების თვალთა წინაშე, თუკი გულწრფელად მოვინანიებთ მათ.

***
ერთმა მეომარმა ჰკითხა ამბა მოსეს: "იღებს თუ არა უფალი სინანულს?" ბერმა მიუგო: "მითხარი, საყვარელო, თუ მოსასხამი გაგეხა, გადააგდებ?" მეომარმა უპასუხა: "არა! დავკემსავ და კვლავ გამოვიყენებ". "შენ თუ ასე უფრთხილდები შენს ტანსაცმელს, - უთხრა ბერმა, - განა უფალი არ დაინდობს თავის ქმნილებას?!"

***
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება - თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულით შეიძლება საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოთი მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.
წმინდა კირილე იერუსალიმელი

ცოდვის ჩადენა იმხელა დანაშაული არ არის, რამხელაც უსირცხვილობა ცოდვის ქმნის შემდეგ.

***
როცა ამბობ, ღმერთი კაცთმოყვარეა და არ დამსჯისო, ამით უნებლიეთ იმას ამტკიცებ, რომ ღმერთი აღარ იქნება კაცმოყვარე, თუკი ვინმეს, თუნდ შეუნანებელ ცოდვილს, დასჯის.

***
საყვარელნო! სინანული არის მოქცევა ბოროტებისგან და ქმნა კეთილი საქმისა, როგორც იტყვის წმინდა სახარება: "ჰყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა".

***
ჰეი, კაცო! თუ ცოდვაში ხარ ჩავარდნილი, ნუ წარიკვეთ სასოს, არამედ თქვი: კაცთმოყვარეა ღმერთი და სურს ჩვენი ცხონება, რამეთუ იტყვის, "უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო". თქვი ეს, განშორდი ცოდვას და მოიქეცი სინანულისკენ; ღმერთი მზადაა, შეგიწყალოს.

***
სინანული განმაახლებელია დაძველებული კაცისა. სინანული სულის განმწმენდელია. სინანული დაცემულის აღდგომაა. აწ შევიცნოთ ჩვენი თავი, დავინახოთ ჩვენი წყლულები, რათა წამალი მოვუძებნოთ მათ.
წმინდა იოანე ოქროპირი

მოამზადა
შალვა კეკელიამ
ბეჭდვა
1კ1