სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
(ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან)
წმინდა წერილის სწორად გაგება ძალუძთ მხოლოდ წმინდა გულის მქონეთ, რომელნიც მასში ღვთის ნებასა და განგებას შეიცნობენ, ვნებათაგან განუწმენდელ ადამიანს კი ის დაბრკოლებად ექცევა. ამიტომ იკითხეთ წმინდა მამათა თხზულებები, სადაც ისინი წმინდა წერილს განმარტავენ.

***
მოძღვართან ურთიერთობისას ხშირად უნებლიეთ მხოლოდ მის პიროვნებაზე ვამახვილებთ ყურადღებას, - მუდამ მისი ხატება გვიდგას თვალწინ, გული მისდამი ადამიანური გრძნობებით გვაქვს სავსე, - ქრისტე კი, ჩვენი მაცხოვარი, განზე რჩება. აი, სწორედ მაშინ იჩენს თავს მრევლში ეჭვიანობა, შური, ჯიბრი, არაკეთილმოსურნეობა... გარდაიცვლება საყვარელი მოძღვარი და გვგონია, ყველაფერი დასრულდა. სადღაა ქრისტე? ან იყო კი ის ოდესმე ჩვენთან?! სამწუხაროდ, არა. რომ ყოფილიყო, არც ასეთი სულმოკლეები აღმოვჩნდებოდით და არც ასე გაგვიცრუვდებოდა იმედი.

***
ვინც წმინდა საიდუმლოებებს გაურბის, ის მადლისაგან განძარცულია, ე.ი. სულიწმიდა არ არის მასში, ხოლო ვისთანაც სულიწმიდა არ არის, ის არც ქრისტესია.

***
თუ ცდუნებათა დაძლევა და მათთვის თავის არიდება გსურთ, ასე მოიქეცით:

1. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ადამიანთა საქციელს, არამედ უფლის სიტყვა ისმინეთ და გულისხმაჰყავით;

2. მიბაძეთ მაცხოვრისა და მის რჩეულთა ცხოვრებას;

3. მოარიდეთ ყური და თვალი გარყვნილებას, ვინაიდან მათგან, როგორც კარიდან, ისე შემოდის გულში ყოველგვარი ბოროტება.

***
როცა თქვენი თანდასწრებით ვინმე მოყვასს განიკითხავს, მიბაძეთ ბერ ილიადორს, რომელსაც ასეთ დროს საუბარი ფრთხილად გადაჰქონდა სულისთვის სასარგებლო თემაზე.

***
მრუშობის ცოდვას რომ სძლიო, ყურად იღე ეს რჩევები:

1. თავი შეიკავე ზედმეტი ჭამა-სმისგან, იძინე ცოტა, ისიც - უთუოდ მაგარ საწოლზე;

2. არასოდეს გაიხსენო ადრე ჩადენილი ხორციელი ცოდვები;

3. მოერიდე საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობას;

4. ევედრე უფალს, გულისთქმისაგან გიხსნას;

5. საიქიო სასჯელის შიშით თავი შეიკავე არაწმინდა სურვილებისგან;

6. ხშირად გადაიწერე პირჯვარი, რადგან ჯვრის გადასახვა იარაღია, რომელიც გულისთქმას განდევნის;

7. ხშირად იფიქრე სიკვდილზე;

8. აღსარება უთხარი და გაენდე სულიერ მამას;

9. ხელი მოჰკიდე ფიზიკურ შრომას;

10. იკითხე წმინდა სახარება;

11. მოარიდე მზერა და სმენა ყოველივე იმას, რაც მრუშობის ცოდვას იწვევს - გარყვნილ წიგნებს, ფოტოებს, საუბარს; ერიდე შეხებას ტრანსპორტით მგზავრობისას.

***
მოიძაგე და შეიძულე ყველა, ვინც ღმერთთან მიახლოებასა და სიკეთის კეთებას გიშლის. ნუ მოუსმენ და ნუ იმეგობრებ მათთან. მათ გვერდით სუფრასთანაც კი ნუ დაჯდები.

***
სიყვარულის გამო ნუ შეუსრულებთ მოყვასს, რასაც ის ახირების, ვნების ან მავნე ჩვევის გამო ითხოვს, ნუ გამოიჩენთ ქვეშევრდომთა მიმართ უადგილო სინაზესა და მეტისმეტ მოთმინებას, ნუ წააქეზებთ მათ.

***
მოყვასის არა მარტო სულზე, არამედ სხეულზეც იზრუნე: შეაგონე, ურჩიე, სასარგებლო წიგნებზე მიუთითე, ანუგეშე, გააძლიერე.

***
ადამიანისთვის მთავარი საქმე ლოცვაა; სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

***
თავს ნუ აარიდებ მათ, ვინც ღმერთზე საუბრით სარგებელს ეძიებს შენგან, ვინაიდან სიყვარული ლოცვაზე მეტია.

***
ყველა, ვინც შენთან სულიერი მიზნით მოდის, გულთბილად, მხიარული სახით მიიღე, გულში კი თავი დაიმდაბლე და მათზე დაბლა დააყენე. მნახველი საჩუქრით, ბავშვებისთვის ტკბილეულით გაისტუმრე. კარგი იქნება, თუ, სულიერ მოთხოვილებათა და განვითარების შესაბამისად, საღვთისმეტყველო წიგნებსაც გაატან. ხოლო მათ, ვინც გასართობად მოდის, განერიდე. მათი უქმმეტყველება ჩვენს სულს ვნებს და ანგრევს.

***
ნუ იტყვით უარს სხვისთვის ლოცვაზე, აქაოდა, ლოცვა საკუთარი თავისთვისაც არ შემიძლიაო; გეშინოდეთ იმისა, რომ თუ სხვისთვის არ ილოცებთ, ვერც საკუთარი თავისთვის შეძლებთ ლოცვას.

***
წმინდა წერილისა და წმინდა მამების მოსმენა და კითხვა ჭეშმარიტი აზროვნების შეძენის დასაბამია. ამ დროს გამოსწორების გზას ვადგებით, სული ვნებათაგან განგვეწმინდება, გონება გვინათლდება და გულს ღვთის სიყვარული გვითბობს.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვა
1კ1