სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
(ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან)
ბავშვების საერო აღზრდის ნაყოფი, რომელიც ერთი მხრივ მხოლოდ საერო მწერლების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ხოლო მეორე მხრივ წმინდა წერილისა და ეკლესიისგან განდგომაზეა დაფუძნებული, ასეთია: ეკლესიისადმი უპატივცემულობა, უხალისობა ღვთისმსახურებისა და ლოცვის დროს, მშობლებისა და უფროსების დაუფასებლობა, სწრაფვა გარეგნულისადმი, ამქვეყნად არსებობის მიზნის დავიწყება და მისი დამახინჯება, ურწმუნოება, უმიზნოდ ცხოვრება, ლტოლვა სანახაობებისა და სხვა საერო გასართობებისკენ.

***
შვილების მიმართ დაუდევრობა უდიდესია ცოდვათა შორის და უკიდურესი ხარისხია ურჯულოებისა. ერთი დედა, დროებით გადაყვანილი იმქვეყნიურ ცხოვრებაში, საკუთარზე მეტად ვაჟიშვილის ცოდვების გამო დაისაჯა. ბავშვებს უნდა ვაპატიოთ ცელქობა და უყურადღებობა და არა ბოროტება და მზაკვრობა. იმ შვილების გამო, რომელთა ატირებისაც ეშინოდათ და ამიტომ ცუდ საქციელს მიუტევებდნენ ხოლმე, შემდგომში თვითონ მშობლები ღვრიან ცრემლს. ბავშვის აღზრდისას არც მეტისმეტი ლმობიერება გვმართებს და არც მეტისმეტი სიმკაცრე, არამედ გონიერება. ის კი არ არის გონიერი, ვისაც დასჯა შეუძლია, არამედ ის, ვისაც ცუდი საქციელისგან დაცვა ძალუძს. ვაჟიშვილს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძნე, არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი, არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები.

***
მოყვასი ყოველთვის ალერსით, წყნარად და სიყვარულით უნდა შევაგონოთ და დავარწმუნოთ და, რაც მთავარია, შინაგანად უფალს უნდა ვთხოვოთ შეწევნა.

***
მხოლოდ მას შეუძლია, ურწმუნოს რწმენაზე დაელაპარაკოს, ვინც მტკიცედ დგას სარწმუნოებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ურწმუნო მასთან მოსაუბრის სულს დააზიანებს.

***
ცდუნებისას ხშირად გაიხსენე სიკვდილი, განკითხვის დღე და საუკუნო სატანჯველი.

***
ყველაზე მეტად სხვის ცდუნებას უნდა ვერიდოთ, რათა სხვა მაცდუნებლებთან ერთად სასუფევლიდან არ გამოგვაძეონ.

***
როდესაც ღვთის მგმობელი აზრები მოგვდის, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამაში ჩვენ მიგვიძღვის ბრალი. მით უფრო - როცა მათ არ ვეთანხმებით. ეს ბოროტის მოქმედებას უნდა მივაწეროთ და ვეცადოთ, ყურადღება არ მივაქციოთ.

***
დიდი სათნოებაა უპოვარება, უმანკოება - მასზე მეტი, უდიდესი კი მორჩილებაა, ვინაიდან პირველი ნივთებზე ბატონობს, მეორე - სხეულზე, ხოლო მესამე - სულზე.

***
როცა გაქებენ, საკუთარი ცოდვები გაიხსენე.

***
ვინც სიზარმაცის გამო უფალს არ უგალობს და არ ადიდებს, ის ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.

***
ჩვენ არ ვუმეგობრდებით, სახლში არ ვუშვებთ, ახლოსაც არ ვიკარებთ ისეთ ხალხს, ვინც ჩვენი საწინააღმდეგო ცხოვრებით ცხოვრობს. მით უფრო არ მიიღებს წმინდა და სამართლიანი უფალი ზეციურ სასუფეველში ურჩ და ბოროტი ნების ადამიანებს.

***
როდესაც რაიმე საქმეს ხელს მოჰკიდებ, პირველად იმას კი ნუ იკითხავ, საამო და სასარგებლო იქნება თუ არა ეს შენთვის და საქები სხვათა თვალში, არამედ ის გამოიძიე, სათნო თუა ღვთისთვის და ხომ არ ეწინააღმდეგება მის მცნებებს.

***
ბრძენმა თქვა: მე მეშინია ღვთისა და კიდევ - ისეთი ადამიანისა, რომელსაც უფლისა არ ეშინია.

***
სიყვარულის ორი სახე ორგვარ მოქალაქეობას შობს: ღვთის სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეობას გვანიჭებს, ამა სოფლისა - ბაბილონისას (ცოდვილი ქალაქისას). ამიტომ ყველამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რა უყვარს და გაიგებს, რომელი ქალაქის მკვიდრია.

***
ყოველ ადამიანს სამი გული უნდა ჰქონდეს: წრფელი - უფლისთვის, მოწყალე - მოყვასისთვის და მკაცრი - საკუთარი თავისთვის.

***
საკუთარი თავის სიყვარული მოყვასის სიყვარულს უნდა შევწიროთ მსხვერპლად, ხოლო ორივე ერთად - ღვთისას.

***
"როგორ დავიცვათ თავი საცთურისაგან?" - ჰკითხეს ამბა პიმენს. წმინდა მამამ მიუგო: "ქვაბში, რომელიც გამუდმებით ცეცხლზე დგას და დუღს, ბუზი არ ჩაფრინდება. ასევეა სულიც; თუ იგი მარადის ღვთის სიყვარულით იქნება ანთებული, ვერაფერი შებილწავს.

***
უფლის გარეშე, რასაც არ უნდა მივეჯაჭვოთ, მაინც ყოველთვის რაღაც გვაკლია, მაინც ყოველთვის რაღაცას ეძებს გული და, ნეტარი ავგუსტინეს ბრწყინვალე სიტყვებით, "მანამდე ვერ ისვენებს, სანამ ღვთის სიყვარულს არ მიაღწევს".

***
როგორც იუდა ვერ იხსნა მოციქულის სახელმა მარადიული სასჯელისაგან მის ბოროტ ზრახვათა და საქმეთა გამო, ვერც ჩვენ გვიხსნის სასჯელისაგან ის, რომ ქრისტიანები გვქვია, თუ იესო ქრისტეს მცნებების მიხედვით არ ვიცხოვრებთ.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვა
1კ1