უფალო! შემეწიენ ჩვენ, გამოგვაღვიძე ცოდვილი ძილისაგან
უფალო! შემეწიენ ჩვენ, გამოგვაღვიძე ცოდვილი ძილისაგან
* "მე დავსწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე" (ფს. 3,5).
* "მომიხილე და შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თვალნი ჩემნი, ნუ უკვე დავიძინო მე სიკვდიდ. ნუ სადა სთქვას მტერმან ჩემმან, მრე ვეყავ მას" (ფს. 12,3)

* "განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე ფსალმუნითა და ებნითა, მე განვიღვიძო განთიად" (ფს. 56,8).

* "მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა, დამამტკიცე მე სიტყვითა შენითა" (ფს. 116,28).

* "ნუ მისცემ შეძვრად ფერხსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა" (ფს. 120,3).

* "მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. ვითარ იგი ეფუცა უფალსა და აღუთქვა ღმერთსა იაკობისსა. უკეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვხდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა, ანუ თუ ვსცე ძილი თვალთა ჩემთა და რული წამთა ჩემთა და განსვენება ხორცთა ჩემთა, ვიდრემდის ვპოვო მე ადგილი უფლისა და საყოფელი ღვთისა იაკობისი" (ფს. 131, 1-5).

"ცხოვრება ძვირფასი და ერთადერთი ძღვენია, ჩვენ კი უაზროდ და უდიერად ვფლანგავთ მას, ვივიწყებთ მის ხანმოკლეობას. ან სევდიანად ვიგონებთ წარსულს, ან ველით იმ მომავალს, როცა თითქოს დაიწყება ნამდვილი ცხოვრება. ნამდვილი ცხოვრება კი, ანუ ის, რაც ჩვენს რეალურ ცხოვრებას წარმოადგენს, ამ უნაყოფო წუხილსა და ოცნებებში გადის"
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

"მღვიძარე იყვენით, მტკიცედ სდექით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით" (I კორინ. 16, 13-14).

"არაფრისთვის ისე საჭირო და სასარგებლო არ არის მღვიძარება, როგორც სარწმუნოებისთვის, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თავი დაიცვა სჯულისა და სარწმუნოების საწინააღმდეგო და მავნებელი აზრებისა და შეგონებებისაგან, მეორეც, რათა შეიძინო და მოიპოვო ყოველი, რაც შენს სულიერ ცხოვრებას, ესე იგი სარწმუნოებასა და სასოებას გააღვიძებს, გააცოცხლებს და განამტკიცებს".

***
"მართალია, ახლა სარწმუნოებისთვის არ ვიდევნებით, მაგრამ მღვიძარება მაინც საჭიროა, რადგან სჯულის წინააღმდეგნი, რომელნიც ყოველ დროში იყვნენ, დღეს კიდევ უფრო მომრავლდნენ. მაშასადამე, თუ ქრისტიანი დაიძინებს და მღვიძარე არ იქნება, განსაცდელში ადვილად ჩავარდება და თავის სულიერ საუნჯეს - სარწმუნოებას - მოაკლდება".
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)

"შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილამდე. დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემ თანა" (მათე 26,38). დიახ, უფალო! შემეწიენ ჩვენ, გამოგვაღვიძე ცოდვილი ძილისაგან, იმდენად შეგვაძლებინე შენთან ერთობა, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ თვლემა სულით, ოდეს გვიხმობენ საქმენი შენნი, ოდეს საჭიროება გაქვს თვით შენს უძლურ თანამოღვაწეებში!
(მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური)

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
"ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!"

("ელეგია")

***
"დალოცა ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მოდის და მობღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობარი სახეც არის: იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარ-ტუტა... ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი".
("მგზავრის წერილები")

***
"დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისის დაღლილის ზრუნვისა და წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს ჩემს გარშემო. ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა!"
("მგზავრის წერილები")

***
"გათენდა. რა მშვენიერი რამა ხარ, დილის რიჟრაჟო! რა მშვენიერი რამა ხარ, დილის ცვრით პირდაბანილო ქვეყანავ! მე მგონია, რომ ამ დილას ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა დაყუჩებულიყოს, მაგრამ თერგი მაინც ჰბღავის და იბრძვის. სჩანს, ქვეყნის ტკივილი დაუყუჩავია.

გათენდა და გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაცა-ფუცი. კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები".
("მგზავრის წერილები")
ბეჭდვა
1კ1