სულხან საბა ორბელიანი - 21. სწავლა მრისხანებისათვის
სულხან საბა ორბელიანი - 21. სწავლა მრისხანებისათვის
"ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმათა თვსთა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა" — იტყვის მახარებელი მათე ე, კბ (მათე 5, 22).

ხედავა, ვითარ ცუდად მრისხანებისათვის სასჯელს მისცემს უფალი, რამეთუ არს მარადის მრისხანება გლისპი?

მრისხანება არს უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა. არა ვიტყვი სწავლათათვის შერისხვასა ბოროტად ჴელქვეშეთთა თვისთა ზედა, რომლისათვის იტყვის დავით დ ფსალმუნსა შინა: "განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ. და რა სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ" (ფს, 4, 4). ვსძაგებ ცუდსა მრისხანებასა, რომელ არს სიგლისპე,/ რომელი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა და საძულელ კაცთა.

ცუდად მრისხანე კაცი ვერარასა სათნოებასა მოიღვაწებს და, უკეთუცა მოიღვაწა, რისხვითავე თვისითა დაარღვევს. ცუდად მრისხანესა კაცსა არა უვის კაცთაგანი მოყვასად, არცა კეთილისა მთქმელ, არცა ძმანი, არცა შვილნი, არცა სხვანი რაივე. მრისხანესა კაცსა ვერა შეაგონებს ერთგული, ვერა შემართებს კადნიერი, ვერარასა უმჯობესსა ეტყვის თანა-განმზრახი. მრისხანე კაცი ვერასოდეს განისვენებს, ოდესცა მოცალე იყოს, ვერაოდეს მხიარულ-ჰყოფს თავსა თვისსა, თუცა შვილისაცა ქორწილი აქვნდეს, ვერაოდეს დამ/შვიდნების, თუცა უცხონიცა შეემთხვივნენ. მრისხანისა კაცისა და გლისპთა გულთა შინა კეთილი არა დაეთესვის.

ამისთვის განიოტებს მოციქული პავლე რისხვასა და იტყვის "ნუ მრისხანე, ნუ მოლალე, არამედ მშვიდ იყოს და მდაბალ".

მრისხანისა კაცისა მეგობრობა მსგავს არს ასპიტისა ჴელთა ჭირვასა, რომელსა მარადის აქვს გესლი მაკვდინებელი. მრისხანისა კაცისა მოყვრობასა უმჯობეს არს უბეთა შინა ჯდომა ღრიანკალისა, რომელი უკბენს თავითა და უცემს კუდითა. მრისხანისა კაცისა საუბარსა უტკბოჲს არს კოცნა ჭინჭრისა მსხუნავისა. მრისხანისა კაცი/სა თანა ყოფასა უფრორე განსვენება აქვს, თუცა დაიდვას ბალიშად გძღარბი ეკლოვანი, სადითაც გარდააბრუნო, უმწერტელეს იყოს. მრისხანესა კაცსა თანა სლვასა უმჯობეს რათა უჴამურითა ფერჴითა ვიდოდეს კუროსთავთა ზედა, რომელსა ყოვლით კერძო აქვს საწერტელი. მრისხანისა კაცისა თანა ჯდომასა მძინარემან უსაწადელეს არს ქაცვთა შიგან ჯდომა მრავალ-ეკლოვანთა. მრისხანე კაცი მსგავს არს ბზიკთა, რომელი უცემნ, კაცთა ავნებნ და თავსაც მოიკლავნ; ეგრეთვე ესეცა კაცთა აწყენს და თვითცა დაისჯების.

მრისხანე კაცისა შეგონება ესრეთ უსასო არს,/ ვითარცა ალიზისა რეცხით განწმედა: რაოდენ წყალი ასხა, ეგოდენ დათიბდება ალიზი, ხოლო რაოდენ შეაგონო მრისხანე, ეგოდენ განრისხნება. მრისხანე კაცი არა უპატიოსნეს არს ძაღლსა განცოფებულსა, ვინაჲთგან არცა მან იცის კეთილი და ბოროტი და არცა მან, - ორივე სწორედ ჰკბენს. მრისხანე კაცი უფალთა თვისთა აწყინებს, უპატიოსნესთა თვისთა აწუხებს, მოყვარეთა აყვედრებს, მეუღლეთა აგინებს, შვილთა სწყევლის, მოყვასთა რისხავნ, მეზობელთა ჰჴვედნის, მონათა და მევალთა სტანჯავნ, თავთა თვისთა ზედასა-ზედა შეიჩვ[ე]ნებნ, პირუტყვთა კვერთხითა/ ჰგვემნ, ჭურჭელთა შემუსრავნ, რომელთამე განჰჴეთქნ, ღმრთისათვის დრტვინავნ, ჰაერთა სწუნობნ, სიცხეთა სძაგებნ, სიცივეთათვის ბოროტა-მზრახველობს, წვიმათათვის წუხნ, გვალვათათვის ვაებნ. მრისხანე კაცი - უქონელობისათვის ტირნ, ქონებისათვის იბრძვის, შიმშილისათვის ოხრავნ, სიმაძღრისათვის კვნესის, რაღასა ვაგრძელებ, ყოველთა ჟამთა მრისხანეობნ: არა დაყუდნების, არა დამშვიდნების, არა დასცხრების წუთსაცა ერთსა.

მრისხანესა კაცსა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისა თვისისა. მტერი უმტერებს ერთჯერ, ანუ ორჯერ და იგი დაუცადებელ არს თავისათვის მტერ.

უკეთუ წვეთი მარადის სიპთა ქვათა დასდიოდეს, ლბილი წყალი მას განჴვრეტს და შევალს, ხოლო მრისხანისა კაცისა გულთა კეთილი სწავლა არა შევალს. რკინასა ფიცხელსა და უცნობოსა, ფეშხუმთა ზედა მდებარესა, ფეშხუმთა ქვეშე მაღნინტი რა განავლო, შესძრავს და მრისხანესა კაცსა ყურთა შინა საღმრთო სწავლა შთაუგდო, ვერა შესძრავს.

ამისთვის იტყვის სოლომონ იგავსა შინა: "უგუნური იგი დღითი დღე მიუთხრობნ რისხუასა, ხოლო იფარავნ უპატიოებასა გონ/იერი" (იგავ. 12,16).

ჰხედავა, საყვარელნო, ვითარ საძაგელ არს წინაშე ღმრთისა მრისხანება? რამეთუ თვით თავადსა ღმერთსა რაოდენსა შევსცოდებთ და წინაშე მისსა რაოდენსა ბოროტსა ვყოფთ, და არა განგვირისხნების, რომლისათვის იტყვის დავით რბ ფსალმუნსა შინა: "არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იჴსენოს" (ფს. 102, 9).

უკეთუ ღმერთი ჩვენი ჩვენი დაბადებულთა მისთა ესოდენთა ბრალთა ზედა სულგრძელ გვექმნების და არა შეგვრისხავს და წმიდანი მისნი გვასწავებენ, რათა არა განვრისხნებოდეთ, რომლისათვის მიუწერს პავლე მოციქული კოლასელთა გ, ჱ: "განიშორეთ თქუენგან ყოველი რისხუაჲ, გულის-წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშვერი სიტყვაჲ/ პირისაგან თქუენისა"(ებ. კოლ. 3, 8), არა ჯერ-არსა ჩვენგან, რათა არცა ჩვენ სიტკბოება ჩვენი შევსცვალოთ სიმწარედ და რისხვად ძმათა და მეგობართა ჩვენთა ზედა, გინა ქვე უდარესთა ჩვენთა ჴელქვეშეთა? არამედ ჩვენ უფროჲსად განვრისხნებით და აღვეგზნებით, ვითარცა საჴმილი, და შევსწვავთ კაცთა გონებათა და მოვრუჯავთ საცნობელთა გულთა მათთასა.

რამეთუ ცეცხლი აღდებული ძლიერი წყალთა მიერ დაშრტების და განგლისპებული კაცი ლიქნითა არა დამშვიდნების. ხანძარი ველთა აღტყინებული ნედლისა ბალახითა და ნოტიოთაგან დაეცადების და გლისპისა ღაღადება არა დაწყნარდების./ ქარნი სასტიკნი არა მარადის ქრიან, ხოლო გლისპი მარადის მრისხანეობს. ყინვა და ნეფხვა რა მზისა სიტფოსა იხილვენ, დაყუდნებიან, ხოლო მრისხანემან რომელიცა დიდებული იხილოს ანუ მთავარი ვინმე, არა შეიკდემს. ბუქთა კვეთება ჴევთა და მაღნართა შინა დაყუდნებიან, ხოლო გლისპნი ვერარამან დაამშვიდნის, არამედ უფრორე მძვინვარედ ჰყეფნ. ზღვათა ქოთებათა წიაღსლვა უადვილეს არს, ვიდრეღა მრისხანეთა საუბართა თავსდება. ნაღვარევნი ჟამით-ჟამად განჴმებიან და ჟამად ღვაროვან იქმნებიან, ხოლო მრისხანეთა არცა ჟამნი და არცა უჟამობა იციან, წამითი წამად მიმოიკბინებიან. მდინარეთაგან წარტაცებული კაცი ჰპოებს რასამე, თუცა ჴელი მოჰკიდა და განერა, ხოლო მრისხანისა თანა მყოფი კაცი ვერარასა ღონისძიებითა ვერასადა განერების. რაღავე ვაძაგო, ამ სოფლისა ჯოჯოჴეთი არს მოუშორვებლად მრისხანისა თანა ყოფა.

ამისთვის მიუწერს პავლე მოციქული ეფესელთა დ, ლა: "ყოველი სიმწარე და გულისწყრომა და რისხუაჲ და ღაღადება და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის!"(ებ. ეფ. 4, 31)

ვინაჲთგან ესრეთ ბოროტ არს მრისხანება გლისპებრივი, მოიკვეთენით და დაიმშვიდენით გულნი თქვენნი, რომლისათვის იტყვის მათე მახარებელი ე, ე: "ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ/ დაიმკჳდრონ ქუეყანა" (მათე 5,5).

შეუდეგით და შეიყვარეთ სიმშვიდე პატიოსანი და სიყვარული ღმრთისა, დამამკვიდრებელი ქვეყანისა, ზეცისა ძალთაჲსა. შეიყვარეთ სიტკბოება, რომელ არს მსგავსება ღმრთისა და მომტევებელი უკვდავებისა, შემაერთებელი მოყვასთა და დამზავებელი მტერთა, მხიარულ-მყოფელი ანგელოზთა და სირცხვილეულ-მყოფი ეშმაკთა, მომაახლოებელი სერობინთა და განმაძევებელი სატანათა და ესრეთ განწმედილი მრისხანებისაგან აღვიდეთ ქრისტე იესუს თანა, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვა
1კ1