გილოცავ თქვენ, საყვარელნი ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, კურთხევა ეკკლესიისა ამის თქვენისა.
ვსთხოვ ღმერთსა, რათამცა წმიდა ეკკლესია ამიერითგან იყოს თქვენთვის წყაროდ სულიერისა მადლისა, ნუგეშინის-მცემელად, განმწმენდელად, განმანათლებლად და მაცხოვნებლად. კიდეც ვესავ ღმერთსა, რომელ იგი აღასრულებს ჩემსა ამას ვედრებასა. თქვენცა მისთვის დაშვერით და შეამკეთ, რათა სულთა თქვენთათვის; გარნა, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, უკეთუ ჭეშმარიტად გსურსთ და მოელით, რომ ამ ეკკლესიამ მოგცესთ სულიერი მადლი და სიწმიდე, და მეც დარწმუნებული ვარ, რომელ ნამდვილად ამას მოელით და ისურვებთ, თქვენც თქვენი მხრით განიზრახეთ, იფიქრეთ და შეიტყვეთ, რა უნდა ქმნას კაცმან, როგორ იხმაროს ეკკლესია და როგორ უნდა იქცეოდეს მას შინა, რათა ეკკლესია მისთვის იყოს ჭეშმარიტად სასარგებლო.
პირველად, კაცი, რომელსა სურს ეკკლესიაში მისვლა და წირვის მოსმენა, წინადვე უნდა მოემზადოს ამ საქმეს. კვირას ანუ დღესასწაულს დღეს, ვიდრე ეკკლესიაში მისვლამდე, ეცადე, ძმაო, და ისრე დააწყე შენი სული და გული, რომ ეკკლესიაში შესვლის დროს აღარაფერი არ გიშლიდეს გულს-მოდგინებით ლოცვის მოსმენასა. თუ კაცის აზრი დაფანტული არის, თუ ეკკლესიაში მან შემოიტანა ყოველი შფოთი და ზრუნვა, რომელიც მას აწუხებდა სოფელში, რასაკვირველია, რომ კარგად და სასარგებლოდ ვეღარ ილოცავს. ამისთვის ეცადე, ძმაო, და დაამშვიდე შენი გული, განიშორე შენგან ყოველი სოფლიური ზრუნვა და აზრი და მოსვენებული გულითა მიუახლოვდი ეკკლესიას; გარნა უწინარეს ეკკლესიაში შესვლისა, დასჯედ ერთს წამს ეკკლესიის ეზოში და მოიკრიფე გონება, კითხე შენ თავს: სად მიდიხარ? ეკკლესიაში ღმერთს უნდა წარუდგე, იქ ანგელოსნი და წმიდანი იქმნებიან შენნი მოწამენი. ხოლო უმეტეს ყოვლისა ეცადე, რომ ყოველს კაცთან შერიგებული იყო და ძვირი არა ვისზედა არ გქონდეს. როგორ ილოცავს ის კაცი, რომლისა გული აღვსებულია შურითა და მტერობითა, რომელი აღშფოთებულ არს და აღელვებულ? ხშირად მოხდება, რომელ წირვის დაწყებადმდე ეკკლესიის ეზოში წაეჩხუბებიან ზოგნი ერთი მეორეს, აგინებენ ერთმანეთს და მერმე მივლენ ლოცვაზედ. რარა ლოცვაიქმნება მათი ლოცვა? რაღა მადლი და ნაყოფი ექმნება იმ ლოცვას? თვით დღეს რომელნიმე აქა მდგომარეთაგანი ნადირობენ მინდორში და მერმედ მოვიდენ წირვის მოსასმენად; როდესაც ღვთის-მოყვარენი კაცნი იდგნენ ცისკარზედ, იგინი ყვირილითა და ნადირობითა ემზადებოდენ ეკკლესიაში მისვლასა. რაღა მადლი ექმნება მათ ლოცვას? მათი გული აღვსებულია მით, რაც ნახეს და გამოსცადეს იმ ნადირობაზედ. მათ არ ესმისთ ლოცვა და გალობა აქაური, ვინაითგან მათი სასმენელი ახლაც აღვსებულია ხმითა ნადირობისათა. თვალნი მათნი თუმცა უყურებენ ხატებსა, გარნა ისრევე ხედვენ მინდვრებს და ნადირთა; ერთი სიტყვით, ხორცი მათი კი აქ არის, გარნა სული და გული და სურვილი მათი იქ არის, ტყეში და მინდვრებში. ქრისტიანენი არიანა იგინი? არც თათრები, არც ურიანი არ დაარღვევენ და არ შეაგინებენ თვისთა დღესასწაულთა.
მეორედ, კეთილად მომზადებული ლოცვისათვის ეკკლესიაში წირვა-ლოცვაზედ კეთილად უნდა იდგეს და გულისხმიერად ილოცვიდეს. როდესაც შეხვალ ეკკლესიაში, იმას ნუ კი ფიქრობ, წინ დავდგეო; თუ ეკკლესიაშიც შენი პატივი და თავის-მოყვარება არ დაგავიწყდა, თუ იქაც ფიქრობ თავის გამოჩენას წინ-დადგომით, მაშასადამე რაღა ლოცვა იქმნება შენთვის? მრავალნი კარგვენ მადლსა და სულიერსა სარგებლობასა მით, რომელ ეკკლესიაში ეძებენ წინ-დადგომას და თავის მოწოდებასა. ეკკლესიაში იდეგ დუმილით და კრძალულებით; ნუ გავიწყდება, სადა ხარ; ლაპარაკი, იქით-აქეთ მიხედ-მოხედვა ერთი მეორის კაბების სინჯვა ეკკლესიაში ცოდვა არის. ეკკლესიაში კითხულობენ ლოცვებს, საღმრთო წერილს, ეცადე, რომ რაიმე გაიგო, რაიმე შევიდეს შენს გულში. ფრიად ცუდი ჩვეულება გვაქვს აზრი წარკითხულის წიგნებისა; იქმნება ზოგიერთთა სამოციქულო და სახარება კი მოისმინონ დუმილით, გარნა დავითნის და ჟამნის კითხვასა არავინ ისმენს სრულიად; დიაკონიც ისე კითხულობს, რომ თითქმის იცის: მაინც არავინ არ ისმენსო: მაშინ ოდესცა დავითნში მრავალნი სანუგეშონი, მრავალნი დიდნი და აღმაშენებელნი აზრნი არიან, და ვინც კეთილად ისმენს მათ, მიიღებს დიდსა მადლსა. კითხვა, ლოცვა და გალობა მისთვის არის ეკკლესიაში დაწესებული, რომელ გაიგონოს ერმა და მიიღოს აღსენება; ხოლო უკეთუ ნაცვლად ლოცვის გაგონებისა, ნაცვლად სასოებისა და სიყვარულის შეგონებისა უქმად გაატარებს კაცი ეკკლესიაში დროებას, რა სარგებლობა იქმნება მისთვის ეკკლესიაში დგომა. ვინც გულის-ხმიერად ისმენს წირვა-ლოცვას და არ დაკარგავს არც ერთს აზრსა, იგი მიიღებს დიდსა განათლებასა სულიერსა. ყოველი სჯული და სწავლა ქრისტიანობრივი გამოთქმების იმ ლოცვებში და გალობაში, რომელნიც გვესმის ეკკლესიაში; მაშასადამე ვინც გულის-ხმიერად ისმენს იმათ, იგი შეიტყობს, რაი არის სჯული და სწავლა ჩვენი. ისიც გახსოვდეს, ოდეს სდგეხარ და ლოცულობ ეკკლესიაში, გული შენი გრილად არ იყოს. მლოცველი რასმე უნდა გრძნობდეს გულში: დროსა ლოცვისასა იგი უნდა გრძნობდეს ან შიშსა თვისთა ცოდვათა და უღირსებათათვის, ანუ მწუხარებასა, ანუ სიყვარულსა ღვთისასა, ანუ სიტკბოებასა, ანუ ნუგეშსა, ანუ სხვა რომელსამე სულიერსა გრძნობასა. უკეთუ გულ-გრილად სდგეხარ ეკკლესიაში არაფერს არ გრძნობ, ლოცვაცა შენი იქმნება გრილ, უნაყოფო. არიან მრავალნი, რომელნი ლოცულობენ მხურვალედ, გულს-მოდგინედ, რომელნი ჰპოულობენ ნუგეშსა და სიტკბოებასა ლოცვათა შინა; ხოლო არიან სხვანი, რომელნი ერთისა მხოლოდ გარეშეობისათვის მივლენ ეკკლესიაში. ლოცვა ისრე უნდა უყვარდეს კაცს, როგორადაც საჭმელი და სასმელი უყვარს მშიერს, როგორადაც მოსწურდება კაცსა, უკეთუ დიდ-ხანს არ მიიღო საჭმელი და სასმელი, ისრე უნდა მოსწყურდეს, უკეთუ დიდხანს დააკლდა წირვასა და ლოცვასა.
მესამედ, ის ვიფიქროთ, რა ბოლო ანუ რა ნაყოფი უნდა ჰქონდეს კეთილსა ლოცვასა და წესიერსა გულითადსა წირვა-ლოცვის მოსმენა ეკკლესიასა შინა. ნაყოფი ჭეშმარიტისა და გულს-მოდგინებითისა ლოცვისა არის სულიერი წარმატება, უმჯობესობა, სულიერი სისრულე კაცისა. ჭეშმარიტი ლოცვა დაალბობს გულსა კაცისასა, გამოსცვლის ხასიათსა, გაკეთებს მას; როგორც სიტფო მზისა დაადნობს თოვლსა და ყინვასა და გაატფობს ჰაერსა, ეგრედვე მხურვალე ლოცვა დაადნობს და გააქრობს ვნებათა ბოროტის გულისასა. გინდა შეიტყო, კარგად და ნაყოფიერად გილოცავს, თუ არა? ადვილად შეგიძლიან შეიტყო: უკეთუ გული შენი ლოცვისაგან იგრძნობს მოსვენებასა და სიმშვიდესა, უკეთუ შენ ატყობ შენს თავს, რომ უმჯობესი და უკეთესი ხარ, ცოდვისა უმეტესად გრცხვენია და უმეტესად ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისა, მაშასადამე, კეთილად გილოცავს. თუ მართლა გულსმოდგინედ და მადლიანად ილოცე, ოდეს გამოსული ეკკლესიითგან ნახავ შენს მტერსა ანუ ძვირის-მოქმედსა, შენს გულში არა თუ სიძულვილს გრძნობ, არამედ შეგებრალება იგი და მზად ხარ გარდაეხვიო მას კისერზედ და ყოველივე მიუტევო. გარნა უკეთუ გამოსრული ეკკლესიითგან ნახე ვინმე შენი მტერი და ძვირის-მოქმედი და გულში კვალად ის სიძულვილი ანუ მტერობა იგრძენ, იცოდე, რომ ლოცვა შენი ყოფილა უნაყოფო და ცრუ. ახლა რა უნდა ვსთქვათ იმ ქრისტიანეთათვის, რომელნი, მოისმენენ რა წირვასა და გამოვლენ ეკკლესიითგან, მაშინვე მზად არიან ცუდი საქმისა და სიტყვისათვის: იმავე წამს, თვით ეკკლესიის ეზოში დაიწყებენ ყვირილსა და ჩხუბსა; რასაკვირველია, რომ მათ სრულიად არ ულოცავსთ; იგინი მხოლოდ ხელს აქნევდენ, რაღასაც მოძრაობას იქმოდენ ხელითა და სხეულითა, მაგრამ სულით არ ულოცავსთ. მრავალნი პირნი არიან, რომელნი წირვა-ლოცვას არ მოაკლდებიან, ძლიერ უყვარსთ ეკკლესიაში სიარული, მაგრამ მაინც უმჯობესნი არ არიან ცხოვრებითა! სჩანს, რომ იგინი მხოლოდ-გარეშეობით ლოცულობენ პირ-მოთნეობით. არიან კიდევ ერის-კაცნი, რომელნი ხორცს არაოდეს არ სჭამენ; დღე და რამე ვითომც ლოცულობენ; გარნა ისრედი საშინელი ხასიათი და ყოფა-ქცევა აქვსთ, რომელ მრთელი ის სოფელი, სადაც იგინი სცხოვრობენ, შეწუხებულია მათგან. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ მათ არ იციან, რაი არს ლოცვა. იგინი ფარისევლობით ლოცულობენ და არა სიმდაბლით და სიყვარულით. ხოლო თქვენ, ძმანო ჩემნო, ისრე ილოცეთ, რომ ლოცვამ გული გაგიკეთოსთ და ყოფა-ქცევა შეგიმკოსთ. ამინ.