სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
(ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან)
თვალი ორი გვაქვს, მაგრამ არ შეგვიძლია, ერთდროულად ცაშიც ვიყურებოდეთ და მიწაზეც, უკანაც და წინაც. მით უმეტეს, ერთი გულით ერთდროულად ვერ მივეჯაჭვებით ღმერთსაც და მის ქმნილებასაც.

***
თუ გსურს, დიდება მოიპოვო, გძულ-დეს ის, ხოლო თუ მას გამოეკიდები, სამუდამოდ დაკარგავ, რადგან დიდება ჩრდილივითაა: ვინც მისდევს, გაურბის და სწორედ მას ეწვევა, ვინც ელტვის.

***
თუ სიმდიდრის პატრონი არა ხარ, არც უნდა ისურვო, ხოლო თუ გაქვს, გამუდმებით მასზე კი არ უნდა იფიქრო, არამედ იმაზე, შეგიძლია თუ არა მისი მართებულად განკარგვა.

***
ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, მაგრამ რამდენადაც სული ხორცზე უპირატესია, რადგან ის ანიჭებს ხორცს სიცოცხლეს და ადამიანს გამოარჩევს ცხოველებისგან, რომელთაც მის ხორციელ ორგანიზმთან ბევრი საერთო აქვთ, იმდენადვე, ბუნებრივი კანონზომიერებიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საზრუნავი სული უნდა იყოს და არა ხორცი.

***
რაც უფრო უყურადღებოა ადამიანი საკუთარი თავის მიმართ, მით უფრო ღვთივსათნოდ მიაჩნია თავი, ხოლო მას, ვინც ცდილობს, ვნებებისა და უკანონო ქმედებებისგან განიწმინდოს, ზეციური მეუფისკენ თვალების აპყრობისაც კი ერიდება, რადგან ხედავს, რომ მისგან ძალზე შორსაა.

***
ერიდეთ, რომ მარხვა მხოლოდ საკვებისაგან თავშეკავებად არ გექცეთ. ისინი, ვინც საკვებს იზღუდავენ, საქმით კი ყოველგვარ უკეთურებას სჩადიან, ემსგავსებიან ეშმაკებს, რომლებიც, თუმცა არაფერს ჭამენ, ცოდვაში არიან ჩაფლულნი.

***
არის ხალხი, ვინც თითქოს არაფერს ამბობს, მაგრამ გულში სხვებს განიკითხავს. ასეთნი შეუჩერებლად ლაპარაკობენ. მეორენი კი დილიდან საღამომდე ლაპარაკობენ, მაგრამ, ამავე დროს, ჩუმად არიან, რადგან უსარგებლოს არაფერს ამბობენ.

***
სამგვარი სამსჯავრო არსებობს: ადამიანის მიერ დადგენილი, შენი საკუთარი (სინდისი) და ღვთისა. როგორც ღვთის სამსჯავროს ვერ გაექცევი, ისე ვერ დაემალები საკუთარ სინდისს, თუმცა ზოგიერთი ახერხებს, თავი აარიდოს ადამიანთა სამსჯავროს.

***
უმჯობესია, სინდისმა განუგეშოს და თუნდაც მთელმა მსოფლიომ გაძაგოს, ვიდრე სინდისმა გამხილოს, მთელმა სამყარომ კი გაქოს და გადიდოს.

***
როგორც მთიდან მომზირალი ადამიანი ირგვლივ ყველაფერს ხედავს: თვით ამ მთის ნაპრალებს, ხევებს, მათ ბინადარ ქვეწარმავლებს - და გარშემო მიმოფანტულ სიბინძურეს კი ხშირად ვერ ამჩნევს, ასევეა ამაყი ადამიანიც - თავისი სულის საზიზღარ სიღრმეს, გულის უწმინდურებას, ხშირად ფარულს, მაგრამ, ამის მიუხედავად, არანაკლებ საძაგელსა და უმსგავსოს, ის ვერასოდეს ამჩნევს.

***
ცხოველები მიწაში იყურებიან. ისინი ისე არიან შექმნილნი, რომ მაღლა ახედვა არ ძალუძთ. ადამიანი, რომელიც ზეციურ სამყაროს ივიწყებს და მიწიერს მიეჯაჭვება, ამ ცხოველებს ემსგავსება, მაგრამ მათზე საცოდავია: მათ არა აქვთ გონიერი სული, შენ კი, უკვდავი სულის პატრონს, თუკი მხოლოდ მიწიერს ჩაუღრმავდები, გეშინოდეს, სამუდამოდ არ მოხვდე ჯოჯოხეთში.

***
სასოწარკვეთილების ცოდვა ერთ-ერთია იმ ცოდვათა შორის, რომელთა მიტევებაც ყველაზე ძნელია, რადგან თავისი ბუნებით ის უშუალოდ უპირისპირდება მიტევებას: რაზავს სინანულის კარებს (არადა, შენდობის მიღება მხოლოდ სინანულის გზით შეიძლება), შეურაცხყოფს და უარყოფს ღვთის მოწყალებას - ერთადერთს, რასაც ცოდვების მოტევება შეუძლია.

***
მომავალზე ნუ ფიქრობ და ეცადე, სარგებელი აწმყოშივე ნახო. განა რაიმე სიკეთეს მოგიტანს მომავლის განჭვრეტა, რომც შეძლო? თუკი წინ სიკეთე გელის, ის ისედაც მოვა, თუნდაც არ იცოდე, ხოლო თუ მწუხარება - რა ხეირია, გლოვა დროზე ადრე დაიწყო?

***
ვთესოთ სიკეთე, სანამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს. ამქვეყნად ყოველგვარი დანაკარგის ანაზღაურება შეიძლება (სრულიად თუ არა, ნაწილობრივ მაინც), მაგრამ დროს, რომელსაც უქმად ვკარგავთ, ვერაფერი აგვინაზღაურებს.

***
ზღვაში ნასროლი ქვა წამისყოფით იძირება, უხილავი ხდება და მას ვეღარავინ იპოვის. ასევე ჩაიძირება ჩვენი ცოდვები უფლის მოწყალების ზღვაში, ასევე უხილავი გახდება ზეციური სამსჯავროს თვალთათვის, თუ მათ გულწრფელად მოვინანიებთ.

***
რა უგუნური ნათქვამია: "სადაც ყველა, მეც იქ!" ნოე რომ ისეთი ყოფილიყო, როგორიც ყველა, ისიც სხვებთან ერთად დაიღუპებოდა.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვა
1კ1