წმინდა გაბრიელ მცირე - ლოცვა მ (40), ყოვლად საყუარელისა და ფრიად სასურუელისა ღუთისმშობლისა მიმართ
წმინდა გაბრიელ მცირე - ლოცვა მ (40), ყოვლად საყუარელისა და ფრიად სასურუელისა ღუთისმშობლისა მიმართ
1. ჵ, ყოვლად წმიდაო ღუთისმშობელო ქალწულო ხერუვიმთა და სერაფიმთა უწმიდესო განათლებლო მარიამ, ევმანუილისა დედაო, ცათა და ქუეყანისა კრებისა დედოფალო, ანგელოსთაგან სახარულევანო და კაცთა შორის სადიდებელო.

შენ ბუნებით წმიდაო განსწმიდე გული ჩემი და შეჰმუსრე სული ჩემი სიყუარულითა შენითა წმიდითა, აღაღე პირი ჩემი დაუსჯელად ჰხდად ზეცათა ღმრთისა და მამისა მიმართ თქმად: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა" (მათე.6,9; ლუკა.11,2).

2. ჵ, ყოვლად საგალობელო ღმრთისმშობელო შეიწირენ მცირედნი ცრემლნი ჩემნი, რომელი ეგე ჰსცრემლეოდი ჯუარცმასა ზედა ძისა შენისასა, რაჟამს თვით შენსაცა სულსა განვიდა მახვილი და განსცხადნა მრავალთა გულის ზრახუანი, განაცხადე გულისა ჩემისა განზრახუანი და ღირსმყავ სრულსა სიყუარულსა შენსა.

3. ჵ, ყოვლად დიდებულო დედუფალო ღმრთისმშობელო, უსასყიდლოსა მარგარიტისა მტვირთუელო, უსასყიდლოდ შემიწყალე მე და მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა ტკბილი იგი და სახიერებით შუენიერი კაცთმოყუარე ძე შენი, უფალი და ღმერთი ჩემი, რათა ღირსმყოს დამკვიდრებად სასუფეველსა თვისსა და ვხედვიდე ღმრთივბრწყინუალესა დიდებასა შენსა, კაცთაგან გამოუთქმელსა, რამეთუ მოწევნულ არს და წინა მიძს ჟამი იგი სლვისა ჩემისა, აწ ღირსმყავ მე ღრმითამო ღაღადებად მისდა მიმართა და თქმად.

4. ჵ, ძეო ღუთისაო, ქალწულისაგან ჴორციელად შობილი, შეძრწუნებული არს სული ჩემი და რაჲმე ვჰსთქუა მეუფეო ტკბილო და სახიერო, არამედ ვითარცა შენ ჴმა ჰყავ მამისა მიმართ: "მამაო ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა" (ლუკა.23,46). აწ მე გიღაღადებ, დამბადებელო ჩემო, ჴელთა შინა შენთა შეივედრე სული ჩემი და ნუ განმიტევებ, რამეთუ მეშინის და ვსძრწი ჰაერის მცველთაგან, მოიხსენე ჟამი ჯუარცმისა შენისა და "მომიხსენე მეცა უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" (ლუკა.23,42), სიყუარულისათვის დედისა შენისა და დედოფლისა ჩუენისა.

5. ჵ, ზესთა კურთხეულო ღუთისა დედაო მარიამ ამას საწადელსა ვითხოვ შენ მიერ, ნათელო ყოვლად-ბრწყინუალეო, განმანათლებელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო, ღირსმყავ მე მოღებად მადლსა და ზიარებასა სულისა წმიდისასა და თქმად:

6. ჵ, ყოვლად წმიდაო ღმერთმთავარო, სულო ჭეშმარიტებისაო, მოვედ და დაიმკვიდრე ჩემ შორის და წმიდა მყავ მე ყოვლისაგან ბიწისა, რათა ღირს ვიქმნე გულის წმიდით ჭამად და სუმად უხრწნელსა მას და ყოვლადწმიდასა ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა.

7. ჵ, დამბადებელისა მშობელო ქალწულო მარიამ! დავრდომით გევედრები, შეიწირე ლოცუა ჩემი, აღმისრულე კეთილად თხოვაჲ გულისა ჩემისა და ღირსმყავ სასუფეველსა ძისა შენისასა, რათა ვხედვიდეთ ღმრთივშუენიერსა დიდებულებასა შენსა სამარადისოდ. რამეთუ მამასა ჰშუენის დიდება, ძესა მადლობა და სულსა წმიდასა თაყუანისცემა, პირველ საუკუნეთა, აწ და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვა
1კ1