წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლჱ (38), წმიდათა ღუთივგვირგვინოსანთა დიდთა მეფეთა კონსტანტინე და ელენესი
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლჱ (38), წმიდათა ღუთივგვირგვინოსანთა დიდთა მეფეთა კონსტანტინე და ელენესი
"უფალო ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად" (ფსალმ.20,1).

ნამდვილვე იხარებ, გვირგვინოსანო მეფეო კონსტანტინე, ძალითა ღმრთისათა და იშუებ პორფიროვანო დედოფალო ელენე, მაცხოვარებითა მისითა. გიხაროდენ, სკიპტროსანო მეფეო კონსტანტინე, სიხარულითა დაუსრულებელითა წინაშე მეუფესა მეუფეთასა. გიხაროდენ დიადიმითა, დედოფალო ელენე, სიხარულითა უოხჭნოითა წინაშე დედოფლისა მარიამისა.

ღმრთივ-სულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვაქებდეთ და პატივს ვცემდეთ, დიდსა მეფესა კონსტანტინეს და დედასა მისსა დედოფალსა ელენეს, რამეთუ სარწმუნოებისათვის ფრიად იღუაწეს, ეკკლესიანი განაბრწყინუეს, ღუთივშუენიერი ჯუარი ჰპოვეს და აღამაღლეს, ქრისტეანობა განანათლეს და დაამტკიცეს, ანგელოსნი განამხიარულნეს და ღმერთი ადიდეს.

ჭეშმარიტად დიდ არიან კეთილნი სათნოებანი მათნი და უდიდეს ღუთივშუენიერ სასყიდელნი მათ ნეტართანი, რამეთუ ყოვლითურთ, მწყემსსა მას კეთილსა იესოს ტკბილსა ჰბაძვიდა წმიდა კონსტანტინე სიმდაბლითა, სიმშვიდითა, ძვირუხსენებლობითა, მოწყალებითა, კაცთმოყუარებითა და სულისა თვისისა კაცთა ცხოვნებისათვის დადებითა. და დიდად უყუარდა და პატივს-ჰსცემდა სამღუდელოთა.

რამეთუ იყო ვინმე ეპისკოპოსი, ყოვლად-კეთილი კაცი, ღმრთისმოყუარე, მოღუაწე ფრიად და მოწყალე უმეტეს, სახელითა პაფნოტი. ესე ნეტარი ჟამსა დევნულებისასა შეიპყრეს მეკერპეთა, ფრიად სტანჯეს სარწმუნოებისათვის და აღმოხადეს თუალიცა მისი მარცხენე.

ხოლო წმიდასა კონსტანტინეს უყუარდა იგი ფრიად და პატივს-სცემდა კეთილად და ზედას ზედა პალატად თვისად აღიყუანდა და მოწლედ სურვილით ამბორს უყოფდა წმიდათა ჴელთა და თუალსაცა მას ქრისტესათვის აღმოხდილსა.

ესეზომ იყო ღუთისმოყუარება და წმიდათა მისთა მოსურნეობა, ყოვლად ნეტარისა მეფისა კონსტანტინესი. და არაოდენ ამათ სათნოებათა კმა-იყოფდა, არამედ საიდუმლოდ ჰყვანდეს უძლურნი გლახაკნი და დაწყლულებულნი, რომელთაცა ქრისტეს მცნებისათვის დღე ყოველ იხილვიდა და მრავალგზის ჴელითა თვისითა ჰმსახურებდა, ვითარმედ ქრისტეს ძმად წოდებულ არიანო.

იხილეთ საყუარელნო ჭეშმარიტი სიყუარული მისი ღმრთისა მიმართ, უკეთუ მან ნეტარმან ესოდენი სიტკბოება და სათნოება მოიღუაწა მეფობასა შინა; ხოლო ჩუენ, ძმანო, რაოდენი სიმდაბლე და მოთმინება თანა გუაძს სიგლახაკესა შინა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, საყუარელნო ღმრთისანო, მოვიგოთ პატიოსანი სათნოება, მოვიღუაწოთ ღუაწლი კეთილი და დავიმარხნეთ იესო ტკბილისა ღუთივ-შუენიერნი მცნებანი, შევიყუაროთ ღმერთი სიყუარულითა სრულითა, შევიყუაროთ მოყუასიცა, ვითარცა თავი თვისი, რამეთუ უფალი ჰბრძანებს: "ესე არს მცნება ჩემი, რათა იყუარებოდეთ ურთიერთას" (შდრ.იოანე.15,12); დავიმდაბლოთ ძმანო თავნი ჩუენი, რათა აღვიმაღლნეთ სულნი ჩუენნი, ვსწყალობდეთ ქრისტეს ძმად წოდებულთა გლახაკთა, ვინათგან თვით ჰბრძანებს: "რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველივე მე მიყავთ" (მათე.25.40).

პატივს ვცემდეთ სამღუდელოთა, რომელ შუამდგომელ-არიან ღუთისა და კაცთა; ვმორჩილებდეთ მეფეთა, რამეთუ ღუთისა მიერ განწესებულ არიან; ვმსახურებდეთ სნეულთა, ნუგეშინის-ვსცემდეთ პყრობილთა და შევეწეოდეთ ყოველთა ჭირვეულთა. ხოლო ესენი რა ვქმნეთ, საყუარელნო, სიმართლითა და კეთილითა გონებითა მივემსგავსნეთ ჩუენცა წმიდათა მათ მეფეთა და სასუფეველსა შინა გვირგვინითა ბრწყინუალითა და დიადიმ პორფირითა, ვიხარებდეთ საუკუნოდ, ვითარცა დასწერს ღმრთივგაბრძნობილი მეფე სოლომონ, ვითარმედ: "ამისთვის მოიღონ მეფობა შუენიერებისა და შარავანდედი სიკეთისა ჴელისაგან უფლისა" (სიბრძნ.5,17).

ჵ, უფალო და მეუფეო კაცთმოყუარეო ღმერთო ჩუენო, ლოცვითა და მეოხებითა წმიდათა და სათნოთა შენთა მეფეთა კონსტანტინე და ელენესითა, მოჰმადლე ქუეყანასა მშვიდობა, ეკკლესიათა განშუენება, სამღუდელოთა განბრწყინუება, კეთილმსახური მეფე ჩუენი (სახელი) ადიდე ვითარცა წმიდა კონსტანტინე, კეთილმორწმუნე დედოფალი ჩუენი (სახელი)-ვითარცა ელენე დედოფალი; მეფის ძენი-ვითარცა სოლომონ ბრძენი. ქრისტეანენი განანათლენ, ვითარცა ცისა ვარსკულავნი, წარმართნი მოაქციენ და ერთ-სამწყსო ვიყუნეთ, წმიდისა შენისა კათოლიკე ეკკლესიისა და შენ ერთ მწყემს სულთა ჩუენთა და ყოველთავე მშვიდობა შენი მოგვფინე, რათა მყუდროებასა შინა დაწყნარებული ცხოვრება გვაქუნდეს ყოვლითა კეთილმსახურებითა და პატიოსნებითა. და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა შენსა, სადაცა არს დიდება გამოუთქმელი, ბრწყინუალება თუალთშეუდგამი და ელუარება განუცდელი, რათა ყოველთა წმიდათა და დიდთა მეფეთა კონსტანტინეს და ელენეს თანა გვირგვინოსანნი სამარადისოდ გიგალობდეთ, გაკურთხევდეთ და თაყუანის-გცემდეთ, მამაო ყოვლისა-მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და სულო ყოვლად წმიდაო, რომელსა გშუენის დიდება ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1