წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
დიდმა ბერმა თქვა: "თუ ვინმე აზრებში, თუნდაც თმის ღერისოდენა შფოთს შეიგრძნობს, ეს ბოროტისგან არისო". ამიხსენი, რას ნიშნავს ეს.

როდესაც რაიმეს გაკეთება გსურს და აზრი შფოთავს, ხოლო ღვთის სახელის მოხმობის შემდეგ ის თუნდაც თმის ღერისოდენა კვლავ რჩება, მაშინ აქედან შეიცანი, რომ ის საქმე, რისი გაკეთებაც გსურს, ბოროტის ჩაგონებულია და არ გააკეთო. თუ მას შემდეგ, როცა რაღაცის გაკეთებას დააპირებ, შფოთი თავს დაგესხმება და აზრს დაეუფლება, მაშინაც არ გააკეთო ის, რამეთუ, რასაც შფოთით ვაკეთებთ ღმერთს არ ესათნოება. ხოლო თუ ვინმე შფოთს ეწინააღმდეგება, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ის საქმე, რომელსაც შფოთი ახლავს საზიანოა. ამიტომ საჭიროა განხილვა - კარგია ის თუ არა. თუ ცუდია, უნდა მივატოვოთ, ხოლო თუ კარგია, მაშინ გავაკეთოთ და ღვთის შეწევნით შფოთი არად ჩავაგდოთ.
წმინდა ბარსანოფი დიდი და იოანე

აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი ფარისევლის სახისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ გარეგნულად და მოჩვენებით. თუ მარხულობს, მხოლოდ კაცთა საჩვენებლად; მსხვერპლს შესწირავს და გლახაკს მისცემს მოწყალებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვები დაინახავენ და ასეა ყველა საქმესა და ქცევაში. თუკი საუბრით გარწმუნებს, რომ არის შენი მეგობარი და კეთილის მსურველი, ნუ დაუჯერებ; როდესაც მწუხარე სახით გელაპარაკება რომელიმე ცოდვისა და უსამართლობის შესახებ, ვითომც მას სძულდეს ის უსამართლობა, ნუ დარწმუნდები; უთუოდ იგი არის პირველი მოქმედი იმ უსამართლობისა.

* ებრაელ მწყემსმთავართა და მწიგნობართა ბნელი ორგულება, სიძულვილი და გულქვაობა აღვიძებენ ჩვენს გულში მწუხარებას, თუმცა, ჩემო ძმებო, ფარისევლობის საშინელი ცოდვა სრულად მაინც არ აღმოფხვრილა ჩვენ შორის.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ბეჭდვა
1კ1