წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლზ (37), წმიდისა დიდებულისა და წინასწარმეტყუელისა და ღუთივამაღლებულისა ილიასი
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლზ (37), წმიდისა დიდებულისა და წინასწარმეტყუელისა და ღუთივამაღლებულისა ილიასი
"ჰჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი" (ფსალმ.33,17).

ეჰა, დიდებულო წინასწარმეტყველო წმიდაო ილია, მარხვითა და ლოცვითა განათლებულო ღუთივშუენიერითა ბრწყინვალებითა; სიწმიდისა გულისათა ღუთისმხილველო; ნიავწულილითა და სამღთოსა მოქალაქობითა ამაღლებულო ცეცხლისა ეტლითა.

ღუთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვაქებდეთ, ვნატრიდეთ და თაყუანისვცემდეთ წმიდასა წინასწარმეტყუელსა ილიას და უფროსად საქმეთა მისთა ვბაძვიდეთ, რათა ჩუენცა აღგუამაღლოს ღმერთმან არა ცეცხლისა ეტლითა, არამედ ნათლისა ღრუბლითა, რამეთუ ილია მარადის ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და ესე ვითარი ძალა აქუნდა ლოცუასა მისსა, რომელ ცაჲ შეკრა ლოცვითა არა წვიმად და კუალად განხსნა. და მრავალი ესე ვითარი ძალუძს ლოცუასა წმიდასა.

აწ ჩუენცა საყუარელნო ვილოცვიდეთ გულითა მხურვალითა და ვიტყოდეთ: "ღმერთო, მილხინე ცოდვილს ამას და შემიწყალე" (ლუკა.18,13). ანუ ვიტყოდეთ მარადის: "უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ" (მათე.15,25; ლუკა.17.13). ამას ვიტყოდეთ, ძმანო, მრავალგზის და გონებითა ღმერთსა ვხედვიდეთ და ყოველსავე საქმესა შინა ჩუენსა დაუცხრომელად ვილოცვიდეთ: "უფალო შეგვიწყალენ" და ნუ მცირე გვიჩნს ლოცუა ესე, საყუარელნო, რამეთუ ღმერთი არათუ მრავლისმეტყუელებასა ეძიებს, არამედ გულისა მხურვალებასა განიცდის, რომლისათვის სახეცა მოგითხრა.

იყო ვინმე ბერი წმიდა, განშორებული სოფლისაგან, მთასა შინა დაყუდებული და უდაბნოსა მოქალაქე, ფრიადითა მარხვითა, სამარადისოითა ლოცვითა და სიწმიდითა გულისაითა, მსგავსად ილიასა და ჰყუა მისთანა ერთი მოწაფე. მარადის ილოცვიდენ და იტყოდნენ მხურვალედ: "უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ", გინა თუ მეტანიასა იქმოდენ, გინა თუ ჴელთა საქმარსა ჰშვრებოდენ, ანუ რაჲსაცა მოქმედებდნენ, დაუცხრომელად პირით და გულით ამასვე ილოცვიდენ.

და თუჱსა შინა ერთგზის, წარიღებდა მოწაფე იგი ჴელთსაქმარსა მათსა ქალაქად განყიდდა და პაქსიმადსა იყიდდა და მიართმიდა მამასა თვისსა სულიერსა.

ხოლო ერთგზის შთავიდა რა ქალაქად ჩუეულებისაებრ, იხილა ეკკლესიასა შინა გალობა სძლისპირი, კანანარხი და ყოველი წესი ეკკლესიისა, მორავიდა ჰრქუა მამასა თვისსა: "შემინდევ, წმიდაო მამაო პატიოსანო, რამეთუ ქალაქსა შინა ვიხილე გალობა, ღაღადება და ფსალმუნებაჲ და ჩუენ აქა ვიტყვით ოდენ: "უფალო შეგვიწყალენ". მნებავს მუნ ყოფაი და ვითხოვ შენდობასა ღმრთივსულიერისა მამობისაგან შენისა". ხოლო მან ჰრქუა: "შვილო ჩემო საყუარელო, უკეთუ მტკიცედ დაადგრე ამას მცირესა ლოცუასა, არა უსასყიდლო იქმნე ღუთისა მიერ, გარნა ვინათგან იგი უფრო სათნო გიჩნს, ნება შენი იყავნ და მე ვესავ ღმერთსა, რომელ ადრე მოხვიდე აქავე, გარნა ჟამსა ჴელთ-საქმარისა ჩვენისა განსყიდვისასა, ნუ დამიტევებ მამასა შენსა".

მიიღო შენდობა მამისაგან და წარვიდა ქალაქად და განეწესა ეკკლესიისა მნათედ. ხოლო შემდგომად მცირედისა, დღესა ერთსა ჰსდგენ რა ლოცუასა და გალობასა, იძრა ქუეყანაჲ, მყის დაუტევეს ლოცვა და გალობაჲ და გარე განივლტოდეს ყოველნი და შიშისაგან ღაღად ჰყუეს: "უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ".

ესე რა იხილა მოწაფემან ბერისამან, წარვიდა კუალად მამისა მიმართ თვისისა სულიერისა და ჰრქუა: "აჰა, ჭეშმარიტება ბაგეთა შენთა, ღმერთშემოსილო მამაო" და მიუთხრა ესე ყოველი, ვითარმედ: "ოდეს იქმნა განსაცდელი, თვისი გალობა დაუტევეს და ჩუენი ესე მცირე ლოცუაჲ იპყრეს ყოველთა და იტყოდეს: "უფალო შეგვიწყალენ".

ხოლო მან მიუგო, ღმრთივსულიერო შვილო ჩემო, გულისჴმა ჰყავ, რამეთუ ამას მცირესა ლოცუასა დიდი ძალი აქუს, უკეთუ ვინ გულითა წმიდითა ილოცვიდეს, რამეთუ: "მცირესა ზედა სარწმუნო, მრავალსა დაიდგინების უფლისა მიერ" (შდრ.ლუკა.16,10) და შეიწირავს ყოველთა მლოცუელთა გულმოდგინებასა და მიანიჭებს შრომისაებრ სასყიდელსა, მეტყუელი: "გიხაროდენ, რამეთუ სასყიდელი თქუენი, მრავალ არს ცათა შინა" (ლუკა.6,23).

ამისთვის გლოცავ და გევედრები საყუარელნო ღმრთისანო, პატიოსანნო მსმენელნო, ჩუენცა მივემსგავსნეთ წმიდასა ილიას, ვილოცვიდეთ გულმოდგინებითა, ვიმარხვიდეთ ძალისაებრ და მარხვისა ჩუენისა პურსა მშიარსა მივსცემდეთ; ვიქმოდეთ ჴელითა ჩუენითა და ვსწყალობდეთ გლახაკთა, შევიწყნარებდეთ უცხოთა, ვითარცა ქვრივმან გლახაკმან შეიწყნარა ილია სტუმრისმოყვარებითა. დაღაცათუ აწ ილია არა შევიწყნაროთ, არამედ იესო ქრისტე, რამეთუ თვით ჰბრძანებს: "უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე" (მათე.25,35). დაღაცათუ ძესა ჩუენსა არ აღადგენს, ვითარცა ილიამ აღადგინა ქვრივისა მის ძე მომკვდარი, არამედ სულსა ჩუენსა აღადგენს იესო მაცხოვარი, ცოდვისა მიერ მომკვდარსა და გუეტყვის: "აჰა ცოცხალ იქმენ და ნურღარა სცოდავ" (იოანე.5,14).

ჵ, საყუარელნო, ვიქმნეთ მოწყალე გულითა და შევიწყნაროთ უცხოჲ. რამეთუ არღარა ილია არს სტუმარი, არამედ ილიას ღმერთი იესო; არა ითხოვს ზეთსა და ღვინოსა, არამედ ნატეხსა პურსა და გრილსა წყალსა; არა აღგვივსებს საპურესა, არამედ აღგუამაღლებს სასუფეველსა; არა გვიბრძანებს სნეულთა კურნებასა, არამედ ხილუასა; არა გუამცნევს პყრობილთა გამოხსნასა, არამედ მისლუასა მათდა მიმართ. თუალნი გუქონან, ძმანო, ვიხილოთ სნეული, სიტყუანი გუქონან, საყუარელნო, ნუგეშინისვსცეთ პყრობილთა, რამეთუ ამათ ადვილთა და მცირედთა წილ მოგუანიჭებს სახიერი ღმერთი, დიდსა და დიდებულსა სასყიდელსა, ბრწყინუალესა და ღუთივ შუენიერსა სასუფეველსა ცათასა და ვიხარებდეთ საუკუნოდ.

ჵ, დიდებულო წინასწარმეტყველო ილია! სული ეგე, რომელი არს შენს ზედა, მოვედინ მრჩობლ ჩუენ ზედა და წმიდითა ლოცვითა შენითა, რომლითა ძალგიძს დახშუად ცისა და განხუმად, შენ გევედრებით, კაცო ღმრთისაო. მოგვფინე ზეგარდმო მადლი ლოცვისა შენისა და გვიხსენ სიყმილისაგან და გვალვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, განმხრწნელისაგან ქარისა, სეტყვისაგან და უწვიმროებისა და ყოვლისაგან ნაყოფთა მავნებელისა, არამედ ევედრე უფალსა ღმერთსა საბაოთს, რათა მოანიჭოს ქუეყანასა ჰაერი კეთილი, ნაყოფთა უხუება, საზრდელთა იეფობა, მშიართა გამოზრდა, უცხოთა შეწყნარება, ტყუეთა გამოხსნა, ქვრივთა ჴელისაპყრობა, ობოლთა შეწევნა, სნეულთა კურნება, პყრობილთა განთავისუფლება, შიშველთა შემოსვა, ნაკლულევანთა ნუგეშინისცემა, გლახაკთა მოთმინება, მდიდართა მოწყალება და ყოველთავე ერთობით მშვიდობა და შემდგომად ღრუბლითა ამაღლება, საუკუნოსა დიდებასა და დიდადშუენიერსა ბრწყინუალებსა ღირსყოფა მადლითა და კაცთმოყუარებითა და სახიერებითა თვისითა, რომელსა ჰშუენის მადლობა, კურთხევა და თაყუანისცემა, ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1