წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლდ (34). წმიდისა ყოვლად ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დიდისა ევთიმისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლდ (34). წმიდისა ყოვლად ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დიდისა ევთიმისა
" უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი" (ფსალმ.29,4).

ეჰა, ყოვლად ღირსო და ფრიად საწადელო, ტკბილო მამაო ღმერთშემოსილო ევთიმი, სუეტო ნათლისაო, ზეცით ქუეყანისა მანათლებელო, სათნოებათა კიბეო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო, მონაზონთა წინამძღუარობითა, სასუფეველსა დამკვიდრებულო, ანგელოსებრივ გალობითა ზეცისა მოქალაქეო, წმიდათა თანა გვირგვინოსნებით ნათელსა შინა ღმრთისა ხედვითა განბრწყინვებულო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო.

ღმრთივსულიერნო შვილნო თვით სულიერისა მამისა ჩუენისა ევთიმისნო! დღესასწაულსა მისსა უგალობდეთ, ვინათგან იგი ანგელოსთა თანა უგალობს უფალსა; სათნოებათა მისთა ვნატრიდეთ, რამეთუ იგი სათნოებითა ამაღლდა პატივითა; მოღვაწებასა მისსა ვბაძვიდეთ, გვირგვინოსანმყოფელთა და წრფელსა გზასა მისსა ვიდოდეთ, ღმრთისადმი მიმყუანებელსა.

რამეთუ იგი სამგზის სანატრელი ბრწყინუალე ლამპარი იყო კრებულისა, განმანათლებელი მონასტრისა და შუენიერმყოფელი უდაბნოსა. მარადის ლოცვითა და მარხვითა მოქმედებდა ჴელთსაქმარსა და მით ჰყოფდა ქუელის-საქმესა და სასწაულთმოქმედებითა განათლდა, საკვირველებით და სიწმიდით ამაღლდა ღმრთივშუენიერებით და ყოვლადბრწყინუალე სული მისი, ვითარცა ნათლისა სუეტი მიიცუალა, ღმრთისა მიმართ პატიოსნებით, რომელიცა სიტყუამან სულიერმან სარწმუნოთა მამათამან განაცხადოს.

რამეთუ ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ჩუენი გერასიმე, რომელი იგი ბრწყინვიდა, ვითარცა ვარსკულავი, უდაბნოსა, ილოცვიდა რა ჩუეულებისაებრ, ღამესა ერთსა ჟამსა შუაღამისა გამოვიდა სენაკით თვისით და ჰრქუა ამბა კვირიაკოსს: "ღმრთივსულიერო შვილო კვირიაკოს, შემომიდეგ მე, რათა იხილო დიდება ღმრთისა". ხოლო იგი შეუდგა და ვიდოდეს მოსწრაფედ, ჰრქუა მას ამბა კვირიაკოს: "წმიდაო მამაო პატიოსანო, რაჲ არს სრბაი ესე ჩუენი?", მიუგო ნეტარმან გერასიმემ: "ვილოცევდი რა, შვილო, წესისაებრ ლოცუასა ღამისასა, ვიხილენ ცანი განხმულნი და ნათელი ბრწყინუალე, გარდამომავალი ქუეყანად, ვითარცა ელვაჲ და დასდგა მსგავსად სუეტი ცეცხლისა, და ვილოცეღა უმეტესად ღმრთისა მიმართ, რათა გამომიცხადოს ხილუა ესე და მოიწია ჩემდა ჴმაჲ ზეგარდამო მეტყუელი, ვითარმედ: "ესე არს ღირსი სული, ღმრთისა მიერ საყუარელი დიდისა ევთიმისა". და იწყო სვეტმან მან ნათლისამან აღსლუად ზეცად მიმართ მრავლითა გალობითა, ჴმითა შუენიერითა და ბრწყინუალებითა ფრიადითა. და ამისგან ვჰსცან შვილო, რამეთუ ყოვლადღირსი და ღმერთშემოსილი, მამაი ჩუენი ევთიმი მიიცუალა ამიერ სოფლით საუკუნეთა მათ ნეტარებათა და ჩუენ მივიდეთ თაყუანისცემად და ამბორისყოფად მრავალმოღუაწისა გუამსა მისისა პატიოსნისა".

და მიიწივნეს ნეტარნი იგი მამანი მონასტრად დიდისა ევთიმისსა, იხილეს ღმრთივშუენიერი მხცოვანებით განათლებული პირი მისი დაძინებული, სასოებით შემოსილითა თაყუანი-სცეს და მოწლედ სურვილით ამბორს-უყვეს ყოვლად სანატრელსა და სასწაულთმოქმედსა გუამსა მისსა და ადიდებდეს წმიდათა შორის საკვირველსა ღმერთსა.

ისმინეთ საყუარელნო და გულისჴმა-ჰყავთ, თუ ვითარ ბრწყინუალებითა პატივს ჰსცემს ღმერთი წმიდათა მისთა და პატიოსნისა ცხოვრებისა მომგებელთა და ღირსად მგალობელთა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები ქრისტეს მიერ საყუარელნო, მოვიგოთ ჩუენცა პატიოსნებით ცხოვრება, ღირსებით გალობა და ანგელოსებრივი მოქალაქობა. ხოლო ანგელოსებრივი მოქალაქობა ესე არს ძმანო, ვითარცა ანგელოსნი ცათა შინა არიან და უგალობენ ღმერთსა, ეგრეთვე ჩუენცა, ეკკლესიად რა შევიდეთ ჴორცითა, ხოლო სულითა და გონებითა ცათა შინა აღვმაღლდეთ და წმიდის გულით უგალობდეთ უფალსა და ესე არს, რომელსა იტყვის სამღთო მოციქული, ვითარმედ: "მოქალაქობა ჩუენი ცათა შინა არს" (ფილ.3,20). ვითარცა ანგელოსნი მარადის კეთილისა მიმართ წარემატებიან და არა ვისთვის ვნებასა განიზრახვენ, ეგრეთვე ჩუენცა ძმანო, ყოველთა კაცთა თანა კეთილისყოფასა ვიქმოდეთ და არავის რას ვავნებდეთ. რამეთუ წერილ-არს: "კაცად კაცადი მოყუასსა თვისსა სათნოეყოფოდენ კეთილისათვის აღსაშენებელად" (რომ.15,2). და ამით ესევითარითა, მარადის კეთილსა შინა ყოფითა ვიქმნებით ჴორცთა შინა ანგელოს და ცათა შინა მოქალაქე და ამათ სათნოებათა შინა რა იყოს აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისა, ვსცხოვნდებით პატიოსნად, ვითარცა იტყვის უფალი: "რომელთა შინა გპოვო, მით განგიკითხო".

აწ უკუჱ საყუარელნო, ამის ესრეთ სათნოსა ცხოვრებისა მოგებისათვის პირად ვიპყრად ლოცუაჲ წმიდა და შეუვრდეთ სანატრელსა მამასა ევთიმის ესრეთ მეტყუელნი:

ჵ, მამაო, ტკბილო და საწადელო, ანგელოსთა შორის მოქალაქეო, ღირსთა შორის გვირგვინო, წმიდათა შორის თუალო პატიოსანო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო და ღმრთისა მიმართ შუამდგომელო, ყოველთა შენთა მვედრებელთაო, წმიდაო ევთიმი! ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა მეოხ გვეყავ შენგან შეყვარებულისა ღმრთისა მიმართ, რომლისა წინაშე ბრწყინუალითა გვირგვინითა იხარებ საუკუნოდ, რათა მოგვმადლოს სათნო თვისი მოქალაქობა, განვთავისუფლდეთ ვნებათაგან ცოდვისათა და განვერნეთ ვნებათაგან ჯოჯოხეთისათა და ღირს ვიქმნნეთ მსგავსად შენდა სათნოსა ცხოვრებასა და მივემთხვივნეთ საუკუნოსა ცხოვრებასა და შენთავე მოღუაწებისა გვირგვინითა ღმრთივშუენიერითა და სათნოებისა ლამპრითა ყოვლად-ბრწყინუალითა განათლებულნი უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლად-საგალობელსა და სახიერებით შუენიერსა ღმერთსა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხოვნება და კურთხეულ - არს ყოვლადწმიდა სახელი მისი. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1