წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლგ (33), წმიდისა ყოვლადღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დიდის ანტონისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლგ (33), წმიდისა ყოვლადღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დიდის ანტონისა
წმინდანი შენნი გაკურთხევდნენ შენ უფალო.

ეჰა წმიდაო ღუთისაო, ანგელოსთათანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილუელო გამოუთქმელთაო, მამაო მამათაო, თავო მონაზონთაო, წინამძღუარო განშორებულთაო, დიდო მნათობო სოფლისაო, ღმერთშემოსილო მამაო ანტონი.

ვითარითამე შესხმითა გაქებდეთ, თუალო საგრძნობელთა შორის, მთიებო ვარსკულავთა შორის და ანგელოსო კაცთა შორის.

ღმრთისულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, მამა ჩუენი ანტონი იყო საუნჯე სათნოებისა, წყარო ყოვლისა კეთილობისა, ძეგლი სარწმუნოებისა და ბეჭედი სიმტკიცისა. ხოლო ვინაითგან სრულის გულითა შეიყუარა ღმერთი და ჭეშმარიტებითა შეუდგა ქრისტეს მცნებათა, ღმერთმანცა ესრეთ ადიდა ქუეყანასა ზედავე, რომელ დიდი კონსტანტინე ქებული მეუფეთა შორის, სურვიელ იყო ხილვად მისა. და აწ ყოველსა ადგილსა, ქრისტეს ეკკლესია ღმრთივბრწყინუალედ დღესასწაულობს წმიდასა ხსენებასა მისსა, ხოლო მის საუკუნოსა დიდება და პატივი, რომელმანმე ენამან გამოსთქუას, "რომლისა მსგავსი თუალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა" (1კორ.2,9).

იხილეთ საყუარელნო ღმრთისანო და შვილნო სანატრელისა მამისა ანტონისანო, თუ ვითარ ადიდა ღმერთმან მადიდებელი თვისი, მამა მამათა, ღმერთშემოსილი ანტონი.

რამეთუ იყო ვინმე მონაზონი წმიდა და ღირსი და წარჩინებული და მრავალგზის საკვირველებათა მხილუელი, რომელიცა ევედრა ღმერთსა, რათა უჩუენოს ყოველნი წმიდანი მამანი ერთობით. ისმინა სახიერმან და ყოვლადტკბილმან ღმერთმან, ლოცუაჲ მისი და უჩუენა საკვირველებით ყოველნი მამანი, ბრწყინუალებით განათლებულნი და ჰრქუა ანგელოსმან: "აჰა გიხილავნ მამანი, რომელთათვის ილოცე". მიუგო ბერმან: "ყოველნივე ვიხილენ, რომელთათვის ვმადლობ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, გარნა სადა არს მამა ანტონი, რამეთუ იგი ნეტარი ვერ ვიხილე". მიუგო ანგელოსმან და ჰრქუა: "მამა ანტონი მუნ არს, სადაცა არს ღმერთი".

ისმინეთ ქრისტეს მიერ საყუარელნო და გულის-ჴმა ჰყავთ წმიდათა მოსურნენო, ძალი სიწმიდისა მისისა და სიმაღლე სათნოებისა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები ქრისტეს მიერ შეყვარებულნო ძმანო, ვიქმოდეთ ჩუენცა სათნოებათა და მივემსგავსნეთ ღმრთივსულიერსა მამასა ჩუენსა ანტონის, რამეთუ იგიცა ნეტარი ჩვენებრივივე კაცი იყო; მან შეიყუარა ღმერთი სრულის გულით, შევიყუაროთ ჩუენცა, ყოვლადტკბილი სახიერებით შუენიერი იესო, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გულითა ჩუენითა (2რჯულ.6,5; მათე.22,37; მარკ.12,30), რათა ღირს ვიქმმნეთ სასუფეველსა მისსა, "რომელი განუმზადა მოყუარეთა თვისთა" 1.კორ.2,9). ანტონიმ შეიყუარა მოყუასი, ვითარცა თავი თვისი (მათე.22,39; მარკ.12,31; ლუკა.10,27) და სურვიელ იყო ყოველთა ცხოვნებასა; ჩუენცა შევიყუაროთ ქრისტეს მიერ ძმანი და მათსა ცხოვნებასა ვეძიებდეთ, რათა სჯული იგი ქრისტეს სიყუარულისა აღუასრულოთ კეთილად და ღუთივშუენიერად. ანტონი ჴელითა თვისითა მუშაკობდა, ვითარცა ისწავა ანგელოზისაგან და მით მოწყალებასა იქმოდა. ჩუენცა ვისწაოთ ანტონისაგან, ვიქმოდეთ ჴელთსახმარსა, ლოცვისა თანა შეზავებულად და ვსწყალობდეთ გლახაკთა. ანტონი იმარხვიდა ძლიერად და მარხვისა თვისისა პურსა მშიართა მისცემდა. ჩუენცა ვიმარხოთ ძალისაებრ ჩუენისა და უფროსად ცოდვისაგან ვიმარხოთ და განვეყენნეთ ვნებათაგან და ვჰსცეთ საზრდელი მშიართა. ანტონი მარადის ილოცვიდა, გონებისა ამაღლებითა; ჩუენცა ლმობიერად ვევედრებოდეთ ღმერთსა.

აჰა, საყუარელნო, ესე არიან გზანი ჭეშმარიტებისანი ანტონისად მიმყუანებელნი.

ჰე გევედრები, ძმანო, შეუდგეთ კუალსა მამათა ჩუენთასა და უეჭუელად მივიწივნეთ სავანეობასა მათსა და ვიხარებდეთ მათთანა საუკუნოდ და აწ ესრეთ ვიტყოდეთ:

ჵ, მამაო მამათაო, წინამძღუარო მონაზონთაო, თანამოდასეო ანგელოსთაო და მეოხო ყოველთა მვედრებელთა შენთაო ღმერთშემოსილო ანტონი, შენ შეგივრდებით, თაყუანისგცემთ და გევედრებით, მოგუფინე მადლი ყოვლად განწმენდილისა ლოცვისა შენისა და მეოხ გუეყავ, შენგან შეყუარებულისა ღმრთისა მიმართ, რომლისა მიერ დიდებულ-ხარ, ყოვლად ღირსო, რათა გვიხსნეს საფრხისაგან ეშმაკისა, საცთურისაგან სოფლისა და მძლავრებისაგან ჴორცთასა და კეთილად წარვმართოთ მცირე ჟამეული ესე ცხოვრება ჩუენი და გონიერებით მოღუაწებითა აღვიდეთ უვნებელობასა და უვნებელნი ავმაღლდეთ სრულსა სიყუარულსა, რომელსა შინა არს ღმერთი, რომელიცა ბრძანებს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი სათნოებისათვის და მე განგისუენო თქუენ წმიდათა შორის" (შდრ.მათე.11,28), მისა დიდება, პატივი და თაყუანისცემა უკუნითი უკუნისამდე ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1