წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლ (30), წმიდისა და ღუთივდიდებულისა ვასილი დიდისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლ (30), წმიდისა და ღუთივდიდებულისა ვასილი დიდისა
"პირი ჩემი იტყოდეს სიბრძნესა და ზრახუანი გულისა ჩემისანი გულისჴმისყოფასა" (ფსალმ.48,4).

ეჰა, ყოვლად განათლებულო და ღმრთივბრწყინუალეო ვასილი დიდო, დიდებაო ქრისტესო, პატივო და სიქადულო ეკკლესიათაო, სუეტო და სიმტკიცეო მღუდელობისაო, ზღუდეო განუკუეთელო სარწმუნოებისაო, ჴმაო შუენიერო ღმრთისმეტყუელებისაო, ქუხილო სამღთოსა მოძღურებისაო, ქადაგო ჭეშმარიტებისაო და გრიგორის საყუარელო გულითადო მეგობარო.

ღმრთივსულიერნო შვილნო, კათოლიკე ეკკლესიისანო, ვადიდებდეთ და პატივს ვსცემდეთ სიძესა ეკკლესიისასა, მობაძავსა ქრისტესსა, მწყემსსა ჭეშმარიტსა სიტყვიერთა ცხოვართასა, ვარსკულავსა შუენიერსა, დაბნელებულთა მანათლებელსა, ანგელოზთა მხიარულებასა, ეშმაკთა შემაძრწუნებელსა, სათნოებითა შემკობილსა, დაფარულთმცნობელსა, წინასწარ მომასწავებელსა, სუეტსა ნათლისასა, დიდსა და დიდებულსა ვასილის.

პირმეტყუელნო სამწყსონო, კეთილისა ამის მწყემსისანო, საყუარელნო შვილნო სულიერისა ამის მამისანო, კეთილმორწმუნენო და სურვილით თაყვანისმცემელნო, ღუთივმშუენიერისა ვასილისანო.

საკვირველებანი ვასილისნი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, ბრწყინუალებანი მისნი, ვითარცა ნათლისა სუეტისანი, დაფარულთ მხედუელობანი, ვითარცა ცხადისანი, რომელიცა წინამდებარემან სიტყუამან საცნაურჰყოს.

რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, ღმრთისა სიყუარულითა აღტრფობილი და მრავალგზის საკვირველებათა მხილუელი, სახელითა ეფრემ. ღამესა ერთსა ილოცვიდა რა ნეტარი იგი, განკვირუებასა მიეცა და იხილა "სუეტი ნათლისა, ქუეყანით ვიდრე ცადმდე აღმართებული და განმანათლებელი სოფლისა". ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს, თუ რაჲ არს ხილუა იგი და აჰა, რქუა მას ანგელოსმან: "ეგე არს ვასილი კესარიის მთავარეპისკოპოსი".

წარვიდა უკუჱ ხილუად მისა ღირსი იგი ბერი და მიიწია კესარიად. ხოლო იყო დღესასწაული საუფლო ღმრთისა განცხადებისა და ვასილი სწირვიდა დიდითა ბრწყინუალებითა და დიდებითა მრავლითა, რომელსა განწყობილად აქუნდა კრებული, ვითარცა ზეცისა ძალნი.

შევიდა ეფრემ და დასდგა ერთსა კიდესა ეკკლესიისასა, რათა ლმობიერად ისმენდეს სამღთოსა წირვასა.

ხოლო მადლმან სულისა წმიდისამან განუცხადა მისლუა მისი, წმიდასა ვასილის და წარგზავნა დიაკონი, მეტყუელმან: "მას რომელსამე კიდესა მონაზონი სდგას უცხოი და მოუწოდე აქა საკურთხეველად". მივიდა და ჰრქუა დიაკონმან: "წმიდა მეუფე ჩუენი გიწესს შენ, პატიოსანო მამაო". მიუგო ეფრემ: "შვილო, მეუფე თქუენი მე არა მიცნობს; ნუ უკუჱ სხვისთვის გეტყოდა". და გამოვიდა მიერ ეფრემ და სხუასა კიდესა დაიმალა. ჰრქუა წმიდამან ვასილი დიაკონსა: "მუნით გამოვიდა და რომელსამე კიდესა შევიდა, წარვედ და არქუ მას, ღირსო მამაო ეფრემ ასურით მოსრულო, შენ გიწესს მეუფე ჩუენი, შემოვედ აქა". მივიდა მუნცა დიაკონი და ჰპოვა იგი, ესე რა მიუთხრა განკვირვებულ იქმნა ეფრემ და შევიდა საკურთხეველად, იხილა მღდუელმშუენიერებით მესაიდუმლოება და მსხვერპლისა შეწირვა მისი და განათლდა სულითა.

ხოლო ოდეს სრული იქმნა საღმრთო წირვაი, წარიყუანა წმინდამან ვასილიმ, ღირსი ეფრემ სენაკად, მრავლითა დაფარულთ-მცოდნელობითა და სასწაულთ-მოქმედებითა ვასილისათა გულსავსე იქმნა ეფრემ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად სვეტი ნათლისა და განმანათლებელი სოფლისა და ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა.

ისმინეთ და გულ-სავსე იქმნენით საყუარელნო შვილნო ღუთივსულიერისა მამისა ჩუენისა ვასილისნო და სცანთ ძალი სიწმიდისა მისისა, თუ ვითარ სული წმიდა დამკვიდრებულიყო მის შორის და იტყოდა პირით მისით, სიბრძნისა სიტყუათა მათ მადლისათა. და აწცა ცხადად მდგომარე არს, ვითარცა ნათლის სუეტი ეკკლესიისა და იტყვის სულიერთა სწავლათა ღმრთივშუენიერთა ყოვლადვე სიბრძნითა და სიტკბოებითა აღსავსესა ესრეთ:
"ერთ-არს ღმერთი მამა ძისა მხოლოდშობილისა და ერთ არს ძე მხოლოი მხოლოსაგან ღმრთისა გამობრწყინუებული, ყოვლისა შემოქმედი და მპყრობელი და ერთ-არს სულიწმიდა, რომელი მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მიეცემის ღირსთა კაცთა, ხატად ღმრთისა დაბადებულთა, ცხოვრება ცხოველთა. სამება სრული გუამოვნებითა ერთისა დიდებითა ღუთაებითა და მეუფებითა დაუსაბამო და დაუსრულებელი, საუკუნო, მარადის მყოფი, ერთი არსება წმიდა და დიდებული".

"შვილნო ტკბილ იყუენით მეგობართა მიმართ, კაცთმოყუარე ძმათა მიმართ, ნუგეშინისმცემელ შეჭირუებულთა მიმართ, მოიხილევდით ტკივნეულთა, შემწე ეყუენით უღონოთა, ჴელი აღუპყრენით გლახაკთა და ნუვის კაცთაგანსა შეურაცხყოფთ, რათა არა სული წმიდა შეაწუხოთ, რომლითა აღიბეჭდენით".

ვისმინოთ საყვარელნო ღუთისანო, სამღთონი სწავლანი ღმრთივსულიერისა მამისა ჩუენისა ვასილისნი. ნუ დავაკლდებით ეკკლესიათა ღმრთისათა, რამეთუ მისგან აღმოეცენების ცხოვრებისა წყაროჲ; ვბაძვიდეთ წმიდათა ცხოვრებასა, რამეთუ მით არს ჭეშმარიტებისა გზაჲ, შეუდგეთ კუალსა მამათა ჩუენთასა, რომელი მიმიყუანებს მათ თანა სავანეობად; შევიყუაროთ სიწმიდე და ვიქმოდეთ სიმართლესა, ვშურებოდეთ ჴელითა ჩუენითა და მივსცემდეთ მოწყალებასა, ეკკლესიათა შეწირვასა, სანთლისა აღნთებასა, საკმეველისა კმევასა, რათა ლამპარნი სულისა ჩუენისანი განუაბრწყივოთ მიგებებად სიძისა. წმიდის გულით ვილოცვიდეთ და ნაყოფსა ბაგეთასა შევსწირვიდეთ, ხოლო წმიდისა მიმართ ესრეთ ვიტყოდეთ:

ჵ, ყოვლად ბრწყინუალეო, ღმრთივშუენიერად განათლებულო ვარსკულავო, მამაო წმიდაო ვასილი, მოგვივლინე მადლი ლოცვისა შენისა წმიდისა, რათა გუექმნეს წინამძღუარ ჭეშმარიტისა ლოცვისა და მოგვეცეს ლოცვა მლოცველთა, რომელი მცველ და მფარველ იყოს ცხოვრებისა ჩუენისა და მობაძავ ვიქმნნეთ, სათნოებისა შენისა ყოვლადპატიოსნისა, საცხოვნებელად სულთა ჩუენთა, მეოხ გუეყავ წმიდისა სამებისა მიმართ, რომლისა წინაშე მდგომარე ხარ დიდებით, რათა სათნო ყოფა მისი მოვიგოთ, ვიდრეღა ვართ ჴორცთაგან, ღირსვიქმნეთ საუკუნოსა დიდებასა მისსა, და ყოვლად დიდებულსა ბრწყინუალებასა, წმიდათა თანა სუფევასა; მართალთა თანა სიხარულსა, ღირსთათანა გვირგვინოსნებასა, და მადლობით ვადიდებდეთ და თაყუანის ვსცემდეთ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1