წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კთ (29), წმიდისა და ღუთივგანათლებულისა ნიკოლაოს საკვირუელმოქმედისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კთ (29), წმიდისა და ღუთივგანათლებულისა ნიკოლაოს საკვირუელმოქმედისა
"საკვირუელ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა"(ფსალმ.67,35).

ეჰა კაცო ზეცისაო, საქებელო ანგელოსთა შორის, და საკვირველო ქუეყანისა ანგელოსო კაცთა შორის, სუეტო და სიმტკიცეო ეკკლესიათაო, ლამპარო ყოვლად ბრწყინუალეო, მნათობო ყოვლისა სოფლისაო, წმიდაო მღუდელმთავარო ნიკოლაოს!

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვაქებდეთ, ვადიდებდეთ და თაყუანისვცემდეთ მწყემსსა ჭეშმარიტსა, პირმეტყუელთა ცხოვართასა, მშიართა გამომზრდელსა, შიშველთა შემმოსველსა, სხეულთა მკურნალსა, გლახაკთა მოწყალესა, ქურივთა და ობოლთა ჴელისაღმპყრობელსა, ტყუეთა მხსნელსა, მვედრებელთა მსწრაფლ შემწესა და განსაცდელთაგან განმანთავისუფლებელსა წმიდასა ნიკოლაოსს.

რამეთუ მრავალნი საკვირველნი სასწაულნი ჰქმნა ღმერთმან მის მიერ საქმეთა მისთათვის კეთილთა და სარწმუნოებისათვის ჭეშმარიტისა და აწცა ჰყოფს, რამეთუ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი ჰნათობენ ურიცხვნი საკვირველებანი მისნი, რომელთაგანი ერთი მოგითხრა:

იყო ვინმე კაცი ღუთისმოყუარე და სარწმუნოებით მვედრებელი წმიდისა ნიკოლაოსისა და ჩუეულება აქუნდა წლითი წლად დღესასწაულთა მითა მისულად და თაყუანისცემად ეკკლესიასა მისსა, მრავლითა ქუელის-საქმითა, სანთლითა, საკმეველითა და შესაწირავითა, ლოცუასა და ვედრებასა აღასრულებდა და მოწყალებასა იქმოდა გლახაკთა ზედა, ესრეთ კეთილად გარდაიხდიდა პატივისცემით დღესასწაულთა მისთა მეუღლით თვისით და მხოლოდშობილით შვილით.

ხოლო იყო რა საყვარელი შვილი მისი ათექვსმეტისა წლისა, მოვიდოდეს იგინი დღესასწაულსა თაყუანისცემად ჩუეულებისაებრ, ტაძარსა წმიდისა ნიკოლაოსისასა და გზასა ზედა დაესხნეს სარკინოსნი, მეუღლენი იგი განერნეს შეწევნითა წმიდისათა, გარნა ყრმა იგი ძე მათი საყუარელი, ჵმე შთავარდა ჴელთა მტერთასა და მათ იწყეს გოდებად სიმწარითა გულისათა და იტყოდეს: "ჵ, წმიდაო ღმრთისაო ნიკოლაოს, რაჲ ესე შემემთხვია ჩუენ უღირსთა მონათა, რამეთუ ერთი იყო შვილი ჩუენი საყუარელი, ყვავილი სიჭაბუკისა, კუერთხი სიბერისა ჩუენისა და სასოება ცხოვრებისა, რომელსა მოველოდით, რათა შემდგომად სიკუდილისაცა ჩუენისა აღასრულებდეს დღესასწაულთა სიწმიდისა შენისათა; და აჰა, ესე რა მიეცა იგი წარმართთა, ჵ, ღმერთშემოსილო მამაო, რაისთვის ჴელი არა აღუპყარ შვილსა ჩუენსა სასურველსა, გარნა ცოდუათა ჩუენთა დააყენეს შეწევნად მადლი შენი წმიდაო ღუთისაო".

ესრეთ გოდებითა მწარითა ჰსტიროდეს, ხოლო სარკონოსნი წარვიდენ და მთავარმან დაადგინა ყრმა იგი მსახურად თვისად და ღვინისა მწდედ.

და აღესრულა რა წელიწადი იგი და მოიწია დღესასწაული წმიდისა ნიკოლაოსისა, ჰრქუა ღმრთისმოყუარემან კაცმან კეთილმორწმუნესა მეუღლესა თვისსა: "წარვიდეთ ეკკლესიად, სასოებისა ჩუენისა წმიდისა ნიკოლაოსისა და აღუასრულოთ დღესასწაული ჩუეულებისამებრ და ვევედრნეთ შვილისა ჩუენისათვის საყუარელისა".

წარვიდეს და შეამკუეს ეკკლესია შესაწირავითა, გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა გამოზრდიდეს ნუგეშინისცემითა და მხურვალითა ცრემლითა ევედრებოდეს შვილისათვის წმიდასა ნიკოლაოსს.

ხოლო მას ჟამსა შინა იყო მთავარი კრიტს და სდგა წინაშე მისსა ყრმა იგი და უწდევდა ღვინოსა და მოიხსენა ყრმამან, ვითარმედ: ამას ღამესა ყოველთა წელთა, მშობელთა ჩემთათანა ეკკლესიასა წმიდისა ნიკოლაოსისასა ვგალობდი და აწ ცოდუათა ჩემთათვის დავისაჯე აქა. სცრემლეოდა და გონებით ევედრებოდა წმიდასა ნიკოლაოსს მეტყუელი: "მომიხსენე წინაშე ღუთისა, ყოვლად სანატრელო და საკვირველმოქმედო მამაო ნიკოლაოს, გლახაკი ესე და განწირული მონა შენი!" და იხილა თუალითა გონებისათა წმიდა ნიკოლაოს. ეჰა, საკვირველებათა შენთა ღმერთო, რამეთუ მასვე ჟამსა იპოვა ყრმა იგი კართა ზედა ეკკლესიისათა, სადა იგი მშობელნი მისნი დღესასწაულობდეს, რამეთუ იყო სიშორე ზღვისა და ხმელისა დღეთა მრავალთა სავალი, იხილეს რა მშობელთა შვილი მათი სასურველი და ჭიქა სავსე ღვინითა ჴელსა მისსა, განკვირდეს ფრიად და მოეხვივნეს სიყუარულით და უფროსად სცრემლეოდეს სიხარულით. ყოველნი მხილველნი და მსმენელნი ადიდებდეს საკვირველებასა ღმრთისასა და ჰმადლობდეს წმიდასა მისსა ნიკოლაოსს.

ისმინეთ და გულისჴმაჰყავთ საყუარელნო შვილნო ეკკლესიისანო, თუ ვითარ საკვირველმოქმედი და და შემწე არს მვედრებელთა მისთა წმიდა ღმრთისა ნიკოლაოს და ნამდვილვე ჭეშმარიტად საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები სულიერნო შვილნო წმიდისა ნიკოლაოსისანო, ვიქმოდეთ ჩუენცა კეთილთა საქმეთა და მივემსგავსნეთ ღუთივ-სულიერსა მამასა ჩუენსა ნიკოლაოსს, მშიართა გამოვზრდიდეთ, შიშუელთა შევმოსდეთ, უცხოთა შევიწყნარებდეთ, სნეულთა მოუვლიდეთ, საპყრობილესა მყოფთა ნუგეშინის ვცემდეთ, გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთა ჴელსა აღუპყრობდეთ და ყოველთა ჭირვეულთა შემწე ვექმნებოდეთ, რამეთუ ამით ესე ვითარითა ღმრთივშუენირითა სათნოებათა არს მიმსგვსება წმიდათა და მომადლება ღმრთისა! მეგობარ-ყოფა ანგელოსთა და ცხოვნება სულისა ჩუენისა. და ვილოცვიდეთ, ძმანო, ესრეთ მეტყუელნი:

ჵ, ყოვლად ტკბილო და საწადელო ღმერთშემოსილო მამაო ნიკოლაოს, მოგუხედე მსასოებელთა სიწმიდისა შენისათა, რომელნი ესე სარწმუნოებით ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივ-შუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, გვიხსენ ყოვლისაგან განსაცდელისა და დაგვიფარენ წმიდითა და სანატრელითა ლოცვითა შენითა, წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, რათა მარადის სათნო-ყოფისა ღმრთისასა აღუასრულებდეთ და სასუფეველისა დიდებასა და ღმრთივ-შუენიერსა ბრწყინვალებასა ღირს ვიქმნეთ, მართალთა თანა ვიხარებდეთ, წმიდათა თანა ვიშუებდეთ, ანგელოსთა თანა უგალობდეთ, ვაკურთხევდეთ და მადლობით თაყუანისვცემდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1