წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კჱ (28), წმიდათა ღმრთივშემკობილთა მოწამეთა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კჱ (28), წმიდათა ღმრთივშემკობილთა მოწამეთა
"წმიდათა, რომელნი არიან ქვეყანასა ზედა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის" (ფსალმ.15,3).

ეჰა საკვირუელებით შემკობილნო, ღუთივშუენიერნო მოწამენო, ბრწყინუალენო ვარსკულავნო, მზისა მისგან სიმართლისა განათლებულნო, სამოთხისა ყუავილნო კეთილ სუნნელნო, რომელნი ჰფშვით სამღთოსა მადლსა, ახოვანნო მხედარნო ზეცათა მეუფისანო, მეწამულად სისხლითა პორფიროვან ქმნილნო და პირად პირადითა ღუაწლითა მარგარიტოვან გვირგვინითა გამშუენებულნო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, წმიდანი მოწამენი განძლიერდეს ღუაწლსა შინა და სახელები მათი აღიწერა ცათა შინა, რამეთუ აღრაცხილ არიან თმანიცა თავისა მათისანი მის მიერ, რომელსა არა დაეფარვის, ორი სირი (რომელ არს ჩიტი) ერთ ფულად განსყიდუა, რაოდენ უფროსად არა დაეფარვის სისხლისა დათხევა წმიდათა მოწამეთა და ტანჯუანი სანატრელთა მომთმინეთა, არამედ ყოველივე შეწირულ არს წინაშე ღუთისა ლოცუანი და აღესრულების თხოვანი მათნი უეჭუელად.

ხოლო რომელნიმე მათგანი აღესრულებიან წამებითა და რომელნიმე ყინელითა და ცეცხლითა და სხუანი ფერად-ფერადითა სიკუდილითა და მიიცუალებიან წინაშე ღმრთისა და დიდებულნი გვირგვინითა და მეოხ არიან ჩუენთვის, მოხარულნი ბრწყინუალითა პორფირითა და რომელნიმე სისხლდათხეულნი აქავე განიკურნებიან ზესთა ბუნებისა საკვირველებითა, უმჯობესისათვის წინა განგებითა ღუთისათა, რათა მრჩობლი გვირგვინი მიიღონ სადიდებელად მათ მიერ შეყუარებულისა ღუთისა, რომლისათვის სახეცა ისმინეთ.

რამეთუ წმიდა ღმერთშემოსილი, მამაი ჩუენი იოანე ოქრონექტარი, რომელმან შეიყუარა ღმერთი სრულითა გულითა და ტრფიალ იქმნა ყოვლად უბიწოისა ღუთისმშობელისა და სწერდა მართლისა სარწმუნოებისა ეპისტოლეთა ღუთივგანბრძნობილი, ხოლო უგუნურთა შურისათვის, ჵმე მოჰკვეთეს ჴელი მისი მარჯუენე და დასთხიეს სისხლი მართლისა მის აღმსაარებელისა; გარნა მან ნეტარმან უმეტესად განამრავლა სასოებაი თვისი, ღუთისმშობელისა მიმართ, მოითხოვა მოკუეთილი ჴელი თვისი და შევიდა სალოცველსა თვისსა, დავარდა წინაშე ხატსა ღუთისმშობელისასა და ჴელსა მას მიადგნა დაკუეთილი მკლავი თვისი, ლმობიერითა ცრემლითა და სულთქმითა მრავლითა ილოცვიდა სასოებისა თვისისა ღუთისმშობელისა მიმართ, რათა განკურნოს ჴელი მისი სადიდებელად სახიერისა ძისა მისისა.

და ლოცუასა მას შინა მიეძინა და იხილა ჩუენებით ყოვლად დიდებული დედოფალი ღუთივშუენიერითა ბრწყინუალებითა, რომელმან ჰრქუა მას ჴმითა ყოვლად ტკბილითა და საწადელითა, მეტყუელმან: "იოანე, აჰა განკურნებულ-არს ჴელი შენი და დაცხრომილ-არს ტკივილთაგან, ამიერითგან ისწრაფე შეწირვად ღუთისა ლოცუათა შენთა". და მყის განიღვიძა. ეჰა საკვირველებათა შენთა დედოფალო ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ იხილა ჴელი თვისი განმრთელებული და ყოვლითურთ უვნებელი, აღივსო სიხარულითა და მადლობით ადიდებდა ღმერთსა და აღმოსთქუა გალობა შემსგავსებული მეტყუელმან: "მარჯუენა შენი უძლეველი ღმრთივშუენიერი ღირსად საგალობელ-არს".

და მეყუსეულად დაუტევა სოფელი და წავიდა მონასტრად, სახე ანგელოსებრივი შეიმოსა და იყოფოდა მორჩილებითა მამისა მისისა სულიერისათა დუმილით.

და კუალად გამოუჩნდა ყოვლად წმიდა ღმრთისმშობელი მამასა მისსა და ჰრქუა: "რაჲსათვის დაგიყოფიეს წყაროჲ და არა უტევებ განფენად ნაკადულთა მათ ოქრონეკტარისათა, რამეთუ ეგულვების იოანეს შემკობად ეკკლესია ღმრთისა.

მიერითგან მიიღო ფლობა და იწყო წერად იოანე ოქრონეკტარმან, განანათლა ეკკლესია და ფრიად იღუაწა სარწმუნოებისათვის და შეამკუნა დღესასწაულნი ღმრთივდიდებულნი, რამეთუ სულიწმიდა იტყოდა პირითა მისით.

ესრეთ მრჩობილი გვირგვინი მიიღო ყოვლად სანატრელმან სისხლისა დათხევითა, მართლისა სარწმუნოებისათვის და ანგელოსებრივისა მოქალაქობითა განათლებული ადიდებს ღმერთსა.

აჰა საყუარელნო ვითარ საკვირველ არს ღმერთი მათ შორის, რაბამ პატიოსან არს მათი ღუთისმსახურება, ყოვლად შუენიერ პირისა მათისა ჰაეროვნება, ნაწილნი მათნი ნარდიონ სუნნელება. ხოლო საფლავნი მათნი აღმომაცენებელ მირონისა, სარწმუნოებით შემხებთა ექმნების ნელსაცხებელ უხრწნელებისა და მაცხოვარ სულისა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები ქრისტესმოყუარენო და წმიდათა მოწამეთა მისთა პატივისმცემელნო, რომელთა გუსურის ღუთივშუენიერი გვირგვინი მათი მიღებად. ვეწამნედ ჩუენცა გონებითა და წინა-აღუდგეთ გულის-სიტყუათა ბოროტთა, განვსდევნოთ ვნებანი ცოდვისანი და შევიწყნაროთ გულსა შინა ვნებანი ქრისტესნი და თავნი თვისნი ჯუარს-ვაცვნეთ ვნებითურთ და გულისთქმით, შევიმოსოთ საჭურუელი ნათლისა და შევმუსროთ განხურვებულნი ისარნი ბოროტისანი, განვეწყვნით მთავართა მათ ბნელისათა და უკუნ-ვაქცივნეთ მანქანებანი ეშმაკისანი, შეწევნითა ყოვლად ძლიერითა ძალითა ქრისტესითა, რომელ იგი არს მთავარი მშვიდობისა და ნათელი ყოვლად ბრწყინუალე.

ესრეთ კეთილითა ღუაწლითა გვირგვინოსან ვიქმნეთ ჩუენცა, ძმანო, მწყობრსა თანა სანატრელთა მოწამეთასა და ვევედრნეთ გულითა მხურვალითა იესო ტკბილსა მეტყუელნი:

ჵ, უფალო დიდებისაო, მაცხოვარო ყოველთა მორწმუნეთაო, ღუაწლსა შინა განმაძლიერებელო, წმიდათა მოწამეთაო და ცათა შინა გვირგვინოსანმყოფელო მომთმინეთაო, შენ აღგიარებთ ძედ ღმრთისა წინაშე ანგელოსთა და კაცთა, შენ გევედრებით სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა და შენგან ვითხოვთ ყოველსა შინა საქმესა კეთილსა შეწევნასა და მოთმინებასა სრულიად, რათა ვსცხოვნდეთ სულითა, რამეთუ თვინიერ შენისა შეწევნისა არარაჲ ძალგვიძს ყოფად არცა ერთი, არამედ შენ მიერ არს ყოველი მადლი და წყალობა და გვირგვინი ბრწყინუალე მოღუაწეთათვის. ხოლო ჭეშმარიტთა მათ მოღუაწეთა სახელისა შენისათვის წმიდისა, სანატრელთა მოწამეთა ლოცვითა მოგუმადლე ჭირუეულთა მოთმინება, სნეულთა კურნება, სალმობიერთა ლხინება და ლოცუანი ჩუენნი შეიწირენ შენ წინაშე, ვითარცა საკმეველი და მსხუერპლი პოხიერი და მცირედნი ცრემლნი ჩუენნი მიითუალენ, ვითარცა სისხლი მოწამეთა და ოფლნი ჩუენნი- ვითარცა მირონი კეთილსულნელნი და შრომანი მოწყალებისა ჩუენისანნი-ვითარცა მარგარიტი უსასყიდლო. შევედინ შენ წინაშე, აღპყრობა ჴელთა ჩუენთა საყუნოსელად, სუნად სუნნელებისად, ვითარცა ნოეს მსხუერპლი, რათა ზიარებად საუკუნოსა ცხოვრებისა ვიქმნნეთ და ღუთივშუენიერთა მწყობრსა თანა მოწამეთასა ბრწყინუალითა გვირგვინითა და ზოსტერითა შემკობილნი გადიდებდეთ, გიგალობდეთ და თაყუანისცემით აღგამაღლებდეთ შენ თანა მამით და სულიწმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1