წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კზ (27), წმიდისა ღმრთივგანძლიერებულისა დიდისა მოწამისა დიმიტრისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კზ (27), წმიდისა ღმრთივგანძლიერებულისა დიდისა მოწამისა დიმიტრისა
"შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი" (ფსალმ. 76,15).

ეჰა, დიდო მოწამეო ქრისტესო, კეთილშვენიერებით ცისკროვან ბრწყინვალეო, მეფეთა წინამბრძოლო, მძლავრთა დამცემელო, უძლურთა განმაძლიერებელი, გველთა და ღრიანკალთა დამთრგუნველო, ეშმაკთა უჩინომყოფელო, ანგელოსთაგან ქებულო, ღმრთისა მიერ პატივცემულო და მისდა მსხვერპლად შეწირულო ღვაწლით შემოსილო წმიდაო მოწამეო დიმიტრი.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვაქებდეთ, ვადიდებდეთ, თაყვანის-ვსცემდეთ და აღვამაღლებდეთ ქრისტესაგან პატივცემულსა, ანგელოსთა მიერ დიდებულსა, კაცთაგან თაყვანისცემულსა, ღმრთისა მიერ გვირგვინოსანსა, ღმრთივშვენიერსა, ყოვლად დიდებულსა და ფრიად ქებულსა ქრისტეს მოწამესა დიმიტრის.

რამეთუ რომელნი მეფეთა ძღვენთა მიართმევენ, პატივსა და ნიჭსა ღირსებისაებრ მიიღებენ მათ მიერ ჴორციელად, ხოლო ამან წმიდამან ყოვლითურთ თავი თვისი შესწირა მეუფესა მეუფეთასა და უფალსა უფლებათასა და არა მიიღოსაა მადლი და ნიჭი ყოვლადსახიერისა ღმრთისაგან?

და აწ ჩვენცა, რომელთა შევსწიროთ ქრისტეს მოწამესა დიმიტრის წმიდა ლოცვა, სამღთო წირვა და სასოებით თაყვანისცემა, სანთელი, საკმეველი და შესაწირავი, მოწყალება სახელითა მისითა, პატივისცემა ხატისა მისისა და ამბორის-ყოფა გულითა წმიდითა და ყოველი კეთილი საქმე, რაჲცა ვჰქმნათ გონებითა კეთილითა, არა ღირს იჩინოსაა? ჰე, ჭეშმარიტად შეიწირავს ყოველსავე ქრისტეს მოწამე დიმიტრი. რამეთუ ვითარცა სისხლისა დათხევითა მიემსგავსა იესო ქრისტესა, საყვარელსა თვისსა, ეგრეთვე სახიერებითაცა ემსგავსება მეუფესა ყოვლადსახიერსა და ტკბილსა და შეგვეწევის, შეგვიწყალებს, მეოხ-გვექმნების და ყოველსავე კეთილსა მოგვანიჭებს სულითა და ჴორცით, რაჲცა ვითხოოთ სარწმუნოებით.

რამეთუ იყო ვინმე მთავარი, სახელით ლეონტი, დიდად პატივცემული დიდებითა და ფრიად ბრწყინვალე ქრისტეს მიმართ სიყვარულითა და წმიდათა მისთა სარწმუნოებითა, რომელიცა მივიდა თესალონიკედ და მუნ ყოფასა მისსა სალმობიერ იქმნა ძლიერ და განიწირა მკურნალთაგან ცხოვრება მისი. ხოლო მან სასოება და სურვილი დიდი შეიმოსა წმიდისა და ყოვლადქებულისა ქრისტეს მოწამისა დიმიტრის მიმართ, რამეთუ ღვაწლით შემოსილი გუამი მისი მას ქალაქსა დაუნჯებულ იყო მცირესა ეკკლესიასა შინა და სული სუნნელებისა მდიდრად აღმოეცენებოდა, უშურველი მადლისა.

უბრძანა მთავარმან მსახურთა თვისთა, რათა ცხედარსა ზედა მდებარე მიიღონ ტაძარსა მისსა, და მირაიღეს, ილოცა გონებითა მხურვალითა და მყის განიკურნა მადლითა და საკვირველებითა წმიდისა დიმიტრისათა და მანცა აღუშენა დიდი და ფრიად შვენიერი ეკკლესია წმიდასა მოწამესა.

და ენება რა წარსლვა თვისსა ქალაქად, სუროდა, რათამცა ნაწილი რაჲმე წმიდისა მის წარიღოს და მუნცა აღუშენოს ეკკლესია. და გამოუჩნდა ჩვენებით წმიდა მოწამე დიმიტრი და ჰრქუა, რათა ქლამინდი მისი სისხლიანი წარიღოს. და მიიღო რა სარწმუნოებით მთავარმან ნიჭი იგი პატიოსანი, წარემართა სიხარულით, იხილა მდინარე, რომელი იყო გზასა ზედა უმეტეს ზომისა განდიდებული. ეშინოდა წიაღსლვად. კუალად გამოეცხადა მას საკვირველი ქრისტეს მოწამე დიმიტრი და ჰრქუა: "ჴელად იპყარ ქლამინდი ჩემი და ნუ გეშინინ წიაღსლვად, რამეთუ მე შეგეწიო". ხოლო მან სარწმუნოებით იტვირთა ქლამინდი იგი და ამხედრებულმან შემართა უშიშრად მდინარესა მას საკვირველად დიდსა და განვლო უვნებელად წინამძღვრებითა და შეწევნითა წმიდისა მოწამისათა, და მიიწია რა თვისსა ქალაქსა, მუნცა აღაშენა ეკკლესია კეთილშვენიერი სახელსა ზედა დიმიტრისსა და შეამკო ყოვლითა სამკაულითა, რომელსა შინა დაუსვენა ქლამინდი იგი ნიჭად პატიოსნად და ურიცხვნი სასწაულნი და კურნებანი იქმნებიან მის მიერ სადიდებელად ღმრთისა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ძმანო, ოდეს ჩვენ ზედაცა მოიწიოს სნეულება, ანუ შიში, ანუ განსაცდელი, ანუ მწუხარება, გინა რაჲცაგვარი ურვაჲ, კაცთმოყვარისა ღმრთისა მიმართ მივილტვოდეთ და წმიდათა მისთა ვევედრებოდეთ მეოხებად ჩვენდა და ხსნად განსაცდელთაგან, გულით წმიდით "მამაო ჩვენოსა" ვილოცვიდეთ, ვითარცა უფალმან გვასწავა, ვითარმედ: "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან" (მათე.6,13; ლუკა.11,4).

ყოველსა კეთილსა ვიქმოდეთ და მზა ვიყვნეთ თანაწარუვალისა სიკვდილისათვის, ვითარცა იტყვის დავით: "განვემზადე და არა შევსძრწუნდი" (ფსალმუნ.118,60).

ხოლო მზა ყოფა ესრეთ იქმნების, ძმანო, ყოვლადვე განკრძალულ ვიყვნეთ, რათა არა შეგვემთხვიოს ცოდვაჲ სულისა მომკლველი, უმჯობეს გვიჩნდეს ჴორცით სიკუდილი, ვიდრე ცოდვასა შთავრდომა და განვრდომა პირისაგან ღმრთისა, ვითარცა წმიდამან მოწამემან დიმიტრიმ უმჯობეს ირჩია სიკვდილი ქრისტესთვის, ვიდრე სიცოცხლე და კერპთა თაყვანისცემა.

და უკეთუ შეგვემთხვიოს ვნება რაჲმე ჴორცისა უძლურებითა, ანუ სოფლისა საცთურითა, გინა ეშმაკისა საბრხითა, მეყვსეულად შევინანოთ, აღსაარებითა განვიკურნნეთ და ლმობიერად ვევედრნეთ კაცთმოყვარესა ღმერთსა მოტევებისათვის ცოდვათა ჩვენთასა.

და ყოვლადვე წმიდასა მოწამესა დიმიტრის ვბაძვიდეთ ღმრთისა მიმართ სიყვარულითა, მოყვასთა პატივისცემითა, გლახაკთ მოწყალებითა, სარწმუნოებითა მართლითა, საქმითა კეთილითა, სიწმიდითა, სიმართლითა, სიმხნითა, მოთმინებითა, მარხვითა, ლოცვითა, შესაწირავითა და ყოვლითა სათნოებითა და ესრეთ ვიტყოდეთ:

მეუფეო დიდებისაო, ყოვლადსახიერო და კაცთმოყვარეო ღმერთო, რომელსა წამისყოფითა ძლიერებისა შენისათა გიპყრიეს ყოველი დაბადებული და სიბრძნით განაგებ ყოველთათვის უმჯობესსა, ლოცვითა და მეოხებითა წმიდისა და სათნოსა შენისა მოწამისა დიმიტრისათა, მოიხილე სიტკბოებითა ქვეყანასა ზედა და მოგვმადლე მშვიდობა ერსა ქრისტეანეთასა, გვიხსენ საშინელისა ძრვისაგან, დანთქმისა, დაქცევისა და მოოხრებისა, სრვისაგან, წარტყვევნისა, წყლულებისა და ყოვლისა ბოროტისა განსაცდელისაგან და სნეულებისა, რათა უვნებელად, კეთილმოქალაქობით და სათნოებით ვსცხონდებოდეთ ქვეყანასა ზედა.

და უფროსღა გვიხსენ მწარისა ჯოჯოხეთისაგან, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და მორჩილთა მისთათვის, არამედ ღირს მყვენ ზეცისა სასუფეველისა სიტკბოებასა, რომელი განუმზადე მოყვარეთა შენთა და მოქმედთა კეთილისათა, მართალთა თანა ვიხარებდეთ, წმიდათა თანა ვიშვებდეთ, მოწამეთა თანა გვირგვინოსან ვიქმნეთ და ყოვლადვე გიგალობდეთ, გმადლობდეთ და თაყვანის-გცემდეთ, ყოვლადსახიერო მამაო, ყოვლადსაყვარელო ძეო და ყოვლადწმიდაო სულო, რომელი კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1