წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კვ (26), წმიდისა და ღმრთივსახელოვანისა დიდებულისა მოწამისა გიორგისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კვ (26), წმიდისა და ღმრთივსახელოვანისა დიდებულისა მოწამისა გიორგისა
"გულისჴმა-ჰყავთ, რამეთუ საკვირველ ჰყო უფალმან წმიდა თვისი" (ფსალმ.4,4).

ეჰა, ყოვლადდიდებულო წმიდაო მოწამეო ქრისტესო, ღმრთივშვენიერებით ბრწყინვალეო, საკვირველებით დიდებულო ძლიერებაო მეფეთაო, ახოვანებაო მხედართაო, გამომხსნელო ტყვეთაო, განმანათლებელო ეკკლესიათაო, შვენიერებაო მორწმუნეთაო, ღვაწლისა მძლეო დიდო მთავარმოწამეო გიორგი.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვაქებდეთ და უგალობდეთ მდიდართა შემწესა, გლახაკთა ჴელის აღმპყრობელსა, მუშაკთა ნაყოფიერ-მყოფელსა, ქვრივთა ნუგეშინისმცემელსა, ობოლთა მამასა, ჭირვეულთა მლხინებელსა, სნეულთა მკურნალსა, ცოდვილთა მომაქცეველსა, ეშმაკთა შემაძრწუნებელსა, ანგელოსთა მხიარულებასა, ქრისტეს ტრფიალსა და მის მიერ ღმრთივბრწყინვალედ გვირგვინოსანსა მთავარმოწამესა გიორგის.

რამეთუ მრავალნი საკვირველებანი ჰქმნნა ღმერთმან მის მიერ და რომელნი სარწმუნოებით ევედრებოდენ, მსწრაფლ შეეწევის და აღუსრულებს თხოვათა მათთა, რომელთაგან ერთი მოგითხრა:

იყო ვინმე მეფე კეთილმსახური, რომელმან ინება სამღთოთა სურვილითა აღშენება კეთილშვენიერისა ეკკლესიისა სახელსა ზედა წმიდისა მოწამისა გიორგისა, და წარგზავნა მთავარი ერთი შორსა ქვეყანასა, რათა მოიყიდოს კეთილნი სვეტნი მარმარილოსანი ეკკლესიისა მისთვის.

და იყო ვინმე ქვრივი პატიოსანი, კეთილმორწმუნე, დიდად მოყვარე წმიდისა გიორგისა და მოიყიდა მანცა ერთი სვეტი მარმარილოჲსა საფასითა თვისითა და შესწირა სარწმუნოებით წმიდასა გიორგის და ევედრა მთავარსა მას, რათა მისიცა შეწირული სვეტი შეიღოს ნავად. ხოლო მან უგულებელს-ჰყო მეტყველმან: "არა ჯერ არსო მეფეთა შესაწირავისა თანა შერთვად ქვრივისაცა" და მსწრაფლ წარვიდა ნავი იგი.

ხოლო ქვრივი იგი შემუსრვილითა გულითა ევედრებოდა წმიდასა გიორგის და იტყოდა ცრემლით: "ჵ, წმიდაო ქრისტეს მოწამეო გიორგი, მიემსგავსე ქრისტესა მეუფესა შენსა და შეიწირე უნდო ესე ძღვენი ქვრივობისა ჩემისა, ვითარცა მწვლილი გლახაკისა". აჰა, წარმოუდგა მთავარმოწამე გიორგი სახითა ღმრთივშვენიერისა მხედრისათა და ჰრქუა ბრწყინვალითა ჴმითა: "რაჲსა შეწუხებულ ხარ, დედაკაცო, და რომელსა ადგილსა გნებავს აღმართებად სვეტი შენი?" ხოლო მან მიუგო: "მარჯვნივ კერძო ტაძრისა შენისა მეორე სვეტად, წმიდაო ღმრთისაო".

მაშინ ყოვლადსაკვირველმან მოწამემან გიორგი თითითა თვისითა დასწერა სვეტსა მას ზედა, ვითარმედ: "სვეტი ესე ქვრივისა აღემართენ ტაძარსა ჩემსა მარჯვენით კერძო მეორე სვეტად". და აღიღო სვეტი იგი ძლიერმან ძალითა გიორგი და ჰრქუა დედაკაცსა მას: "აღიღე შენცა მეორე კერძო სვეტისა". მიიღეს ზღვად და შეაცურვეს სარწმუნოებით.

ეჰა საკვირველებათა შენთა, ღმერთო, რამეთუ ესრეთ იტვირთა წყალმან ქვაჲ იგი, ვითარცა შეშაჲ და წინა წარუსწრა ნავსა მას სამეფოსა და მირავიდა ნავთსაყუდლად, გაკვირვებამან შეიპყრნა ყოველნი მხილველნი მისნი და ოდეს მივიდა მთავარიცა იგი ნავითა, განცვიფრებული ადიდებდა ღმერთსა და მთავარმოწამესა გიორგის და სარწმუნოებასა ქვრივისა მის დედაკაცისასა. და იხილეს დაწერილნი იგი ასონი ფრიად შვენიერნი, ვითარცა წერაქვითა აღმოკვეთილნი, და აღმართეს ტაძარსა მას შინა მარჯვენით კერძო მეორე სვეტად. დღეინდელად დღედმდე იქმნებიან მრავალნი საკვირველებანი წმიდისა მოწამისა გიორგის მიერ სადიდებელად ღმრთისა.

ისმინეთ, საყვარელნო ღმრთისანო რჩეულნო ერნო და პატივის-მცემელნო წმიდისა მოწამისანო, თუ ვითარ მსწრაფლშემწე არს სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა საკვირველებათა მოქმედი ქრისტეს მოწამე გიორგი.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, შვილნო ეკკლესიისანო, პატივს ვსცემდეთ წმიდასა გიორგის სანთლისა აღნთებითა, საკმეველისა კმევითა, მსხვერპლისა შეწირვითა, ეკკლესიისა განშვენებითა, მისისა დღესასწაულისა ბრწყინვალედ გარდახდითა, სამღთოსა წირვისა და პატიოსნისა ლოცვისა მოსმენითა, გლახაკთა მიმართ მოწყალებითა, ქვრივთა და ობოლთა შეწევნითა, უცხოთა შეწყნარებითა, ჭირვეულთა ნუგეშინისცემითა, სნეულთა მიხედვითა და უღონოთა ჴელის-აღპყრობითა. ესე კეთილნი საქმენი არიან პატივისცემანი წმიდისა გიორგისა, რამეთუ თვითცა ამას მოქმედებდა და ჩვენგანცა ესევე სათნოებანი სთნავს და ესევითართა ძღვენთა შეიწირავს და სარწმუნოებით მვედრებელთა თვისთა შეეწევის.

ხოლო უშვერთა საქმეთაგან გარემიიქცევს პირსა თვისსა, რამეთუ სძულს მას მთვრალობაჲ, შვებაჲ, ამბოხებაჲ, ლალვაჲ, ძვირის-ზრახვაჲ, შეწუხება ქვრივთა, ძარცვა ობოლთა, შეჭირვება გლახაკთა, რომელ ესე არიან საქმენი ეშმაკისანი და მორჩილთა მისთანი. არამედ ჩვენ, საყვარელნო, ვიჯმნათ ყოველთაგან საეშმაკოთა საქმეთა და სათნო-ვეყვნეთ ქრისტეს მოწამესა გიორგის, სარწმუნოებით ვევედრებოდეთ და ესრეთ ვიტყოდეთ:

ჵ, ყოვლადდიდებულო ქრისტეს მოწამეო გიორგი, თაყვანის-გცემთ და გევედრებით, ევედრე შენსა განმაძლიერებელსა და გვირგვინოსან-მყოფელსა ღმერთსა, რათა მოჰმადლოს ეკკლესიათა განბრწყინვება, მღვდელთა - პატიოსნება, მეფეთა - განძლიერება, მთავართა - განათლება, მხედართა - განმარჯვება, მოქალაქეთა - წარმართება, მუშაკთა - ნაყოფიერება, მშიერთა - გამოზრდა, სნეულთა - კურნება, ტყვეთა - განთავისუფლება, ცოდვილთა - სინანული, მართალთა - სასყიდელი, წარმართთა - მოქცევა, ქრისტეანეთა - ამაღლება, ქვეყანასა-მშვიდობა და ყოვლადვე ღმრთისა მადლობა.

ხოლო უკანასკნელ ყოველთავე ერთბამად მოგვანიჭოს სასუფეველისა ღირსყოფა, მართალთა თანა სავანეობა, მოწყალეთა თანა სიხარული, მოღვაწეთა თანა დიდება, მოწამეთა თანა გვირგვინი და სამარადისოდ გალობა, კურთხევა და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1