წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კე (25), წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კე (25), წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა
"აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო" (ფსალმ.88,6).

ვითარ შვენიერ არიან ფერხნი მახარებელთა მათ მშვიდობისათანი.

ჰე, ნანდვილვე, ღმრთივშვენიერ არიან სრბანი თქვენნი, სულითა წმიდითა განათლებულნო ქრისტეს მოციქულნო, რომელთა მზეებრ მოვლეთ და განანათლეთ ქვეყანა და ყოვლადბრწყინვალე არიან სიტყვანი ქადაგებისა თქვენისანი, რომლითა განანათლეთ გულნი მორწმუნეთანი და ღმერთსა შესწირენით ძღუნად პატიოსნად განწმედილნი სულნი ქრისტეანეთანი.

ამისთვის ქვეყანასა ზედა ქვანი ეკკლესიად ქმნილნი ღაღადებენ სამღთოსა მოძღვრებასა თქვენსა და ზესკნელს ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და თქვენ მიერ ვარსკულავთაებრ მრავალთა სულთა ცხოვნებასა მიუთხრობს სამყარო, რომლისათვის ანგელოსნი იხარებენ და ღმერთი იდიდების; ხოლო თქვენ გვირგვინი სიმართლისა, საყდარი დიდებისა და სუფევა საუკუნო ბრწყინვალებისა განმზადებული მიგელისთ, ყოვლადსანატრელნო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, წმიდათა მოციქულთა მიერ კეთილად დამწყსილნო, ღმრთივშვენიერითა სწავლითა მათითა განათლებულნო, ვნატრიდეთ და ვაქებდეთ ყოვლად სანატრელთა და ფრიად საქებელთა კაცთა მათ ღმრთისა მიერ გამორჩეულთა, რომელთა უბრძანებს ჭეშმარიტებისა წყაროჲ: ვითარმედ "ნეტარ არიან თუალნი თქვენნი, რომელსა თქვენ ჰხედავთ და ნეტარ არიან ყურნი თქვენნი, რომელიც თქვენ გესმის, რამეთუ მრავალთა მეფეთა და წინასწარმეტყველთა გული უთქმიდა ხილვად და სმენად და ვერ მიემთხვივნეს, რომელსა თქვენ ჰხედავთ და გესმით" (ლუკა.10,23-24).

რომლისათვის ქებათა შინა ქებათასა დასწერს ყოვლადბრძენი მეფე სოლომონ, სურვილით ჰნატრის და იტყვის უფლისა მიმართ ტრფიალებით: "მიჩვენე პირი შენი და მასმინე ჴმა შენი, რამეთუ ჴმა შენი ტკბილ არს და პირი შენი შვენიერ" (ქებ.2,14).

ამას ყოვლადსაწადელსა ჴმასა ისმენდეს და ღმრთივსანატრელსა ხილვასა იესო ყოვლადტკბილისასა ჰხედვიდეს და ჴელითა თვისითა ჰმსახურებდეს ხერუვიმთაგან თვალთშეუდგამსა და სერაფიმთა მიერ საგალობელსა და ყოველთა ანგელოსთაგან სასურველსა ჴმასა ისმენდეს წმიდანი მოციქულნი, რომელთათვის იტყვის მამისა მიერ იესო მაცხოვარი, ვითარმედ: "მამაო, მართალო და სახიერო, შეიყვარენ ესენი, ვითარცა მე შემიყვარე, რამეთუ შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი და სიტყვა შენი დაუმარხავსთ" (იოანე.17,23; 17,6).

ამას სანატრელსა ჴმასა ღირს იქმნეს მოციქულნი სმენად. და არა მოციქულთათვის ხოლო იტყვის, საყვარელნო, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა სახელი ქრისტესი და ჰყოფდენ ნებასა იესო ტკბილისასა, ვითარ იგი ჰბრძანებს: "ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე" (იოანე.20,29).

რამეთუ ყოველთა სათნომყოფელთა და ჭეშმარიტთა მოღვაწეთა განანათლებს და ნუგეშინის-ჰსცემს წმიდათა მიერ თვისთა, რომლისათვის თხრობაცა სულიერი ისმინეთ.

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, რომელიცა სურვილითა ღმრთისა სათნოყოფისათა აღტრფობილი მკვიდრობდა პირსა იორდანისასა მარტოებით ქვაბსა მას შინა, სადა იგი პირველ მკვიდრ ყოფილ იყო ილია თეზბიტელი და შემდგომად - იოანე ნათლისმცემელი. ამას ქუაბსა შინა დაემკვიდრა სასოებით წმიდა იგი ბერი და თივათაგან უდაბნოსათა იზარდებოდა და მარადის ევედრებოდა კაცთმოყვარესა ღმერთსა და წმიდათა მისთა შემწედ ხადოდა.

და გამოუჩნდა მას ნეტარსა ღმრთივდიდებული დედოფალი ქალწული მარიამ ღმრთისმშობელი და მისთანა ათორმეტნი კაცნი დიდებითა და ბრწყინვალებითა მრავლითა, რომელნი იყვნეს სამღთონი მოციქულნი და მათ მიერ უბრძანებდა ღმრთისმშობელი ყოვლადღირსსა მას ბერსა სიტყვასა სამღთოსა ნუგეშინისცემისასა სარგებელად სულთა ღმრთისმოყვარეთა და სადიდებელად სახიერებით შვენიერისა და კაცთმოყვარებით ტკბილისა ღმრთისა.

აჰა, საყვარელნო ღმრთისანო, ისმინეთ, ვითარ სათნო უჩნს ყოვლადსახიერსა უფალსა სათნომყოფელნი თვისნი და ნუგეშინის-ჰსცემს მწირობასა და უცხოებასა შინა მყოფთა, რომელნი ჰყოფენ სამღრთოსა ნებასა მისსა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტესმოყვარენო და სასუფეველისა მოსურნენო, ქრისტეს მოწაფეთა პატივს ვსცემდეთ და სამღთოსა მოძღვრებასა მათსა ვისმენდეთ, რომელთა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: "რომელმან თქვენი ისმინოს, ჩემი ისმინა და რომელმან თქვენ შეურცხ-გყოსთ, მე შეურაცხ-მყოფს" (ლუკა.10,16).

არა ხედავთა, ძმანო, თუ ვითარ თავსა თვისსა თანა შეასწორნა ქრისტემან წმიდანი მოციქულნი მიუწდომელითა მით და გამოუთქმელითა სიყვარულითა თვისითა?

აწ უკვე, საყვარელნო, ვისმინოთ, თუ რაჲ არიან სიტყვანი მოციქულთანი, ხოლო იგინი ჭეშმარიტნი მოღვაწენი არიან, რამეთუ რაჲსაცა თვით იქმან საქმით, მას ჩვენცა გვამცნობენ სიტყვით, რამეთუ ახსოვთ ბრძანება იგი უფლისა, ვითარმედ: "რომელმან ჰყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქვას სასუფეველსა ცათასა" (მათე.5,19). ამისთვის თავთა თვისთა სახედ და მაგალითად დაგვიდებენ, მეტყველნი: "შვილნო, ვიდრე აქა ჟამადმდე გვშივისცა და გვწყურის, შიშველ ვართ და ვიქენჯნებით, განუსვენებელ ვართ და ვშვრებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩვენითა; მობაძავ ჩვენდა იყვენით, ვითარცა ჩვენ - ქრისტესდა" (1კორინთ. 4,11-12;11,1).

აჰა ესერა, საყვარელნო ძმანო, საქმით ჩვენებულთა მოღვაწებათა წმიდათა მოციქულთასა ვბაძვიდეთ, კეთილთა მათ მუშაკთა და რტოთა ჭეშმარიტებისა მის ვენახისათა, რომელთა უბრძანებს უფალი: "მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი და თქვენ - რტონი" (იოანე.15,5). ჩვენცა, ძმანო, გვშიოდეს და გვწყუროდეს სიმართლით სათნოყოფისათვის ღმრთისა, რათა საუკუნო საშვებელითა განვსძღეთ, შიშველ ვიყვნეთ ვნებათაგან და შემოსილ სათნოებითა, ვიქენჯნებოდეთ კეთილითა მოღვაწებითა და ვმუშაკობდეთ ჴელითა ჩვენითა და მით ვიქმოდეთ მოწყალებასა გლახაკთა მიმართ და დავშვრეთ ლოცვისათვის წმიდისა, რომლითა ვიქმნებით მობაძავ მოციქულთა და ესრეთ ვიტყოდეთ:

უფალო საბაოთ, მამაო მოწყალებისაო და ღმერთო ყოვლისა ნიგეშინისცემისაო, რომელმან მოავლინე მხოლოდშობილი ძე შენი საყვარელი და მან მოგვივლინა წმიდანი მოციქულნი, მეტყველმან მათდა მიმართ: "ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქვენ და რომელმან თქვენ შეგიწყნაროს, მე შემიწყნაროს" (იოანე.20,21; მათე.10,40).

ჵ, მეუფეო დიდებისაო! შეგვიწყნარებიეს ქადაგება მოციქულთა ჭეშმარიტებით და გვწამს სახელი შენი წმიდა და ვევედრებით სახიერებასა შენსა, წმიდათა მოციქულთა მეოხებითა შეგვიწყალენ შვილნი ეკკლესიისანი; მოიხილე, უფალო, ზეცით წმიდით შენით და მოხედენ ვენახსა ამას და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან და ღირს მყვენ ნაყოფისა კეთილისა გამოღებად და მოგვმადლე სულით და ჴორცით მშვიდობა, ნებისა შენისა აღსრულება, სიყვარულისა ტრფიალება და სასუფეველისა მკვიდრ-ყოფა, რათა გუნდსა თანა მოციქულთასა გადიდებდეთ, მწყობრსა თანა მოწამეთასა აღგიარებდეთ და ბანაკსა თანა წმიდათასა თაყვანის-გცემდეთ, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1