წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კგ (23), წმიდათა ღმრთივდიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კგ (23), წმიდათა ღმრთივდიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი
"ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა" (ფსალმ.18,1).

ეჰა, დიდნო მნათობნო პეტრე და პავლე, მზისა უბრწყინვალესნო სულითა და მთოვარისა უშვენიერესნო სიტყვითა:

პეტრე, სიმტკიცეო სარწმუნოებისაო, საფუძველო ეკკლესიისათაო და კლიტეო სასუფეველისაო.

პავლე, საუნჯეო სიბრძნისაო, მოძღვარო ქრისტეანეთაო და მახარებელო ჩვენდა სამოთხისა შვენიერებისაო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვაქებდეთ, ვადიდებდეთ და ვნატრიდეთ ღმრთივსანატრელსა პეტრეს, ანდამატისა უმტკიცესსა, ანთრაკისა უპატიოსნესსა და თვალსა ყოვლადბრწყინვალესა, რომელსა ჰრქუა სიტყვამან ჭეშმარიტებისამან იესო: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ ბარ იონა" (მათე.16,17), რამეთუ ამან ყოვლადნეტარმან ბრწყინვალითა ჴმითა უღაღადა მაცხოვარსა, ვითარმედ: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა"(მათე.16,16), და გამოაცხადა ღმრთივშვენიერი სამბრწყინვალე გუამოვნება ყოვლადწმიდისა სამებისა მით, რამეთუ: "შენ ხარ ქრისტე ძე" - ამით სიტყვითა ძე დაამტკიცა ღმრთისა, მამა აღიარა, ხოლო ცხოველისა, სულიწმიდა გამოაცხადა. ამისთვის ჰრქუა გულთმეცნიერმან იესო: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონასო" (მათე16.17).

საყვარელნო ღმრთისანო! პატივს ვსცემდეთ, უგალობდეთ და აღვამაღლებდეთ ყოვლადქებულსა პავლეს, რომელი ღმერთმან ესრეთ აღამაღლა, რომელ "აღიტაცა ვიდრე მესამედ ცადმდე" (2კორ.12,2), რომელ არს სასუფეველი და "მიიტაცა სამოთხედ" (2კორ.12,4) და მუნ იხილნა შვენიერება, "რომელი-იგი თვალსა არა უხილავს და ესმნეს სიტყვანი სიტკბოებით გამოუთქმელნი, რომელნი ყურსა არა ვისსა სმენიეს და გულისჴმა ჰყო საიდუმლოთა ბრწყინვალე ძალი, რომელი გულსა არა ვისსა მოსრულ არს" (1კორ.2,9) და ამით მზეებრ ღმრთივშვენიერად განანათლნა კიდენი სოფლისანი.

ხოლო ამათ წმიდათა სრბა თვისი კეთილად აღასრულეს და ქრისტეს სიყვარულითა წამებისა გვირგვინნი დაიდგეს, რამეთუ პეტრე ჯვარს ეცუა, ჵმე, და პავლეს თავი წარეკვეთა, ხოლო წმიდა გვამი პავლესი პატივით დაკრძალეს, გარნა თავი მისი ვერ ჰპოვეს, და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა კაცმან ვინმე ჰპოვა თავი იგი და არა უწყოდა, თუ ვისი არს, და დასდვა იგი ერდოსა ზედა და სამგზის იხილა სვეტი ნათლისა თავსა მას ზედა და განუცხადა პატრიარხსა, ხოლო მან ჰრქუა: "ნუუკუჱ პავლე მოციქულისა იყოს თავი ესე, გარნა ვინ უწყის ჭეშმარიტი".

და აღმოიღეს წმიდა გვამი პავლე მოციქულისა და თავი იგი დასდვეს ფერჴთა თანა მისთა და ჰყვეს ლოცვაჲ, რათა გამოაჩინოს, თუ მისი არს. მაშინ საკვირველად მოიქცა თვით გვამი იგი და შეადგნა ქედი თავსა მას და მიეძერწა.

ხოლო მხილველნი ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: "ნამდვილვე თავი არს მისი". და რაჲ საკვირველ არს ესე მოციქულთაგან, რომელთა აჩრდილი მკვდართა აღადგენდა და ღმრთივქმნულთა სიტყვათა მათთა ურიცხვნი სულნი აცხოვნნეს, და ანგელოსნი განამხიარულნეს, ღმერთი ადიდეს და თვით გვირგვინნი ბრწყინვალენი დაიუნჯნეს.

ხოლო ჩვენცა, საყვარელნო ღმრთისანო და პატივისმცემელნო წმიდათა მოციქულთანო, ვისმინოთ ღმრთივგანბრძნობილნი სიტყვანი მათ ნეტართანი, რომელთაგან არს ცხოვნება სულისა, მხიარულება ანგელოსთა და სათნოყოფა ღმრთისა.

რამეთუ ყოვლადნეტარი პეტრე იტყვის: "საყვარელნო, განიშორეთ ყოველი უკეთურება და ყოველი ზაკვა და ორგულება და შური და ყოველივე ძვირისსიტყვა; არამედ ყოველთა პატივს ჰსცემდით, ძმათა ჰყვარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივს ჰსცემდით, მონანი დაემორჩილენით თვისთა უფალთა, რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან" (1პეტრე.2,1;2,17-19).

ხოლო ღმრთივჴმოვანი პავლე სახედ დაგვიდებს თავსა თვისსა და იტყვის: "ძმანო ჩემნო, ვიქცეოდი შრომითა და რუდუნებითა, მღვიძარებითა მრავალგზის, შიმშილითა და წყურვილითა და მარხვითა, ყინელითა და შიშლოებითა, და მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე - ქრისტესი" (2.კორ.11,27; 1კორ.11,1).

აწ უკვე, საყვარელნო ქრისტესნო და მორჩილნო წმიდათა მოციქულთანო, გლოცავ და გევედრები, ვისმინოთ საღმრთო მოძღვრება მოციქულთა და შეუდგეთ კვალსა მათსა სასუფეველად მიმყვანებელსა, მშიარსა ვსცეთ ჭამადი, წყურიელსა ვასვათ, შიშველი შევმოსოთ, უცხო შევიწყნაროთ, სნეული ვიხილოთ და საპყრობილესა მივიდეთ.

ესენი რა ვჰქმნეთ, საყვარელნო, არათუ პავლეს შევმოსთ, ანუ გამოვზრდით, გინა დილეგსა შინა ვიხილავთ, არამედ ქრისტესდა მიიწევის, რამეთუ იგი ბრძანებს: "რაოდენი უყავთ ძმათა ჩემთა, იგი ყოველი მე მიყავთო" (მათე.25,40), და ნაცვლად ამისა, "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი საპყრობილისა წილ" (მათე.25,34), სნეულთა ხილვისა წილ დიდება ჩემი იხილოთ, სახლთაA შინა შეწყნარებისათვის ცათა შინა შეგიწყნარებ, შიშველთ შემოსისათვის ნათლით შეგმოსთ, წყურიელთ სმევისათვის უკვდავებისა წყაროსა გასვამთ და მშიართა გამოზრდისათვის უოხჭნოჲთა გვირგვინითა შეგამკობთ და იხარებდეთ საუკუნოდ.

ჵ, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, წმიდათა შენთა მოციქულთა სიყვარულისათვის მოგვმადლე სათნოყოფითი ცხოვრება, რათა კეთილმოქალაქეობით ვიქცეოდეთ ამას საწუთოსა, ბაგისა სიმართლითა, გულისა სიწმიდითა, სულისა სიყვარულითა, თავისა სიმდაბლითა, ძალისა სიმშვიდითა, ჴელისა მოწყალებითა და ყოვლითა სათნოებითა შეგვამკვენ, რათა მოციქულთA მოძღვრებისა მორჩილ ვექმნეთ და შენ მიერ გვირგვინი ღმრთივშვენიერი მოვიღოთ.

ჵ, წმიდანო მოციქულნო პეტრე და პავლე, რაჟამს დაჯდეს ძე ღმრთისა საყდართა დიდებისა თვისისათა და თქვენცა მისთანა ათორმეტთა საყდართა და ჩვენ ქედდადრეკილნი ვსდგეთ წინაშე თვალუხვავისა მის მსაჯულისა, მაშინ ჴელნი აღგვიპყრენით, რათა ჩვენცა მართალთა თანა აღვიტაცნეთ ღრუბლითა და მარადის უფლისა თანა ვიყოფოდეთ, უგალობდეთ, ვადიდებდეთ და თაყვანის-ვსცემდეთ თქვენსა მადიდებელსა მამასა, თქვენგან ქადაგებულსა ძესა და თქვენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვა
1კ1