წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ჩემო მამაო, შენ თქვი, დუმილი ყველა შემთხვევაში კარგიაო. მაგრამ როგორც კი მას ვიცავ, მაშინვე მეჩვენება, რომ ამას შფოთის მოსაშორებლად ვაკეთებ და ვზიანდები. როგორ ხდება ეს?

თუ შენ დუმილს მოღვაწეობის გამო იცავ, ეს კარგია; ხოლო თუ ამ განზრახვით არ ჩუმდები, არამედ შფოთის გეშინია, ეს საზიანოა.

***
როდესაც ვინმესთან საქმეზე ვსაუბრობ, ვშფოთავ; არ ვიცი რატომ მემართება ასე. ხშირად ვნანობ ამას, მაგრამ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, კვლავ იგივე მემართება; და კიდევ, რატომ მაწვება მოწყენილობა?

ეს იმიტომ გვემართება, რომ ჩვენი გული უსაქმოდაა, ამიტომაც ვარდება ის მოწყინებაში და სხვა მრავალი სახის ბოროტებაში.
წმინდა ბარსანოფი დიდი და იოანე

ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, რათა სული ხორციელი სიამტკბილობით მოხიბლოს და წარმოუდგენს თითქოს იგი სულიერი, ღვთაებრივი იყოს.
პაისი მთაწმინდელი

როცა სულში შფოთი წარმოიშვება, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის აძრული, სულს არ ენდოთ: რაც არ უნდა თქვას, ტყუის. მას, მისთვის საზიანოდ, რა თქმა უნდა, გაუგებრობაში აგდებს ეშმაკი, საბრალო კი ფართხალებს და თავის დაღწევას ცდილობს. "გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ქმნის" (იაკ. 1, 20). ღვთისმიერი ხომ ყველაფერი მშვიდია, წყნარია, ტკბილი და ამ სიტკბოებას სულშიც ტოვებს და გარშემოც უხვად ავრცელებს (მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მას კიდეც ლანძღავენ).
წმინდა თეოფანე დაყუდებული

ბეჭდვა
1კ1