წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
შფოთი ბოროტი სულისაგან მოდის. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ლოცვითა და მარხვით განიდევნება ბოროტი სული. ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს მეტი ლოცვა, მეტი მარხვა, უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ ზეციერზე, ვიდრე მიწიერზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ხორციელ ადამიანს მიწიერზეც უწევს ზრუნვა, მაგრამ იგი გადამეტებული არ უნდა იყოს.

***
მძიმე ცოდვა, ტვირთად რომ გვაწევს, არის შური. იაკობ მოციქული წერს: სადა არს შური და ხდომაი, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე (იაკობი 3,16). ბრძენი სოლომონი ამბობს: ნუ ისერებ კაცისა თანა მოშურნისა (იგავნი 23,6).
ილია მეორე

მდუმარებას, სოფლისაგან განშორებით, ძალიან სწრაფად მოაქვს სულისათვის შინაგანი მდუმარება - მოსაგრეობითა და განუწყვეტელი ლოცვებით; რის შემდეგაც ადამიანს აღარ აწუხებს შინაგანი შფოთი, რამეთუ არსებითად მას მხოლოდ სხეული აქვს მიწაზე, გონება კი - ზეცაში.
პაისი მთაწმინდელი

ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშით ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახლდა, "ნოდი" ეწოდა, რაც "მოკანკალე მიწას" ნიშნავს.
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

არაფერი ისე არ ბილწავს სულს, როგორც შფოთი და ძვირის ხსენება მანკიერებით. სადაც შფოთია, იქ სული სიმდაბლის ვერ დაიმკვიდრებს. ხოლო როდესაც კაცი სიმდაბლის სულისგან განიძარცვება, რომელიც ცხონების სასოების მიმნიჭებელი იყო მისთვის, როგორღა შეძლებს ის წრფელი გზით სიარულს?!
წმინდა იოანე ოქროპირი

ბეჭდვა
1კ1