წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ით (19), წმიდათა ღმრთივბრწყინვალეთა, ძლიერთა ძალითა ანგელოსთა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ით (19), წმიდათა ღმრთივბრწყინვალეთა, ძლიერთა ძალითა ანგელოსთა
"აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოსნი მისნი)" (ფსალმ.148,2).

ეჰა, ანგელოსნო წმიდანო, რომელი დაუცხრომელად აქებთ უფალსა ღმერთსა საბაოთსა და მის მიერ ღმრთივშვენიერად განბრწყინდებით, ნათელნო მეორენო, პირველისა მის ნათლითა განათლებულნო და ელვებრ კამკამებითა აღცისკრებულნო, უშვენიერესნო მთუარისა და უბრწყინვალესნო მზისანო, მსახურნო მზისა მის სიმართლისანო, ქადაგნო ღმრთისა დიდებისანო, სამწმიდაარსობით მგალობელნო ყოვლადწმიდისა სამებისანო და ბრძანებითა მისითა მცველად და მფარველად განჩინებულნო კაცთა მორწმუნეთანო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ზეცათა მამისანო, მართლმორწმუნენო ძისა მისისანო და აღმსარებელნო სულისა წმიდისანო! მოვედით, თაყვანი-ვსცეთ ანგელოსთა წმიდათა, რამეთუ იგინი დაუცხრომელად უგალობენ და თაყვანის-სცემენ ყოვლადწმიდასა სამებასა და მეოხ არიან ჩვენ მორწმუნეთათვის, შეგვეწევიან და წარგვიმართებენ ყოველთა შინა საქმეთა კეთილთა და აღსწერენ ქველისსაქმეთა ჩვენთა და უფროსღა ჟამსა ლოცვისასა მახლობელ ჩვენდა არიან, ჩვენთანავე ილოცვენ და ზოგად შესწირვენ ზეცათა მეფესა და იგინივე მოგვიღებენ და მოგვფენენ ზეგარდმო მადლსა და წყალობასა ღმრთისასა, რომლისათვისცა სახე შესატყვისი სულიერისა თხრობისა ისმინეთ.

რამეთუ წმიდა და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი გრიგორი, ვიტყვი გრიგორის თხრობათა სულიერთა მომთხრობელსა, რაჟამს იყო იგი ნეტარი მონასტერსა შინა, მივიდა მისა კაცი ერთი ღელვაგვემულებისაგან შეჭირვებისა მეტყველი და სთხოვა მოწყალებაჲ. ხოლო მან სანატრელმან წყალობისმოყვარემან მისცა ექვსი დრაჰკანი, და შემდგომად მცირედისა სთხოვა კვალად მოწყალებაჲ და კვალადცა მისცა ექვსი დრაჰკანი, და კვალად მასვე დღესა იგივე სთხოვდა მოწყალებასა და ვინათგან არღარაჲ აქუნდა მას ნეტარსა, მისცა ვერცხლისა იგი ლოდაკი (რომელ არს ბადია).

ამის შემდგომად სათნოყოფითა ყოვლადსახიერისა ღმრთისათა მიეცა ყოვლადღირსსა მამასა მას სულთასა პატრიარხობა. ხოლო პატრიარხობასა შინა მისსა უფროსად განამრავლა ქველისსაქმე და წესად აქუნდა დღე ყოველ ათორმეტთა გლახაკთა შემოკრებდა ტაბლასა თვისსა, მსგავსად ათორმეტთა მოციქულთა ქრისტესთა, და ისტუმრებდა კეთილად და წარგზავნიდა ნიჭითა პატიოსნითა.

დღესა ერთსა იხილა, რომელ ათორმეტთა მათთანა სხვაცა ვინმე მეათცამეტე მჯდომარე იყო ჰაეროვანი და ღმრთივშვენიერად სახილველი, და შემდგომად სერობისა, წარგზავნასა მათსა, ჰკითხა ფიცით მეათცამეტესა მას ვინაობაჲ. ხოლო მან განუცხადა მეტყველმან, ვითარმედ: "მე ანგელოსი ვარ უფლისა, მცველად შენდა მოვლინებული, და რამეთუ მე ვიყავ მო-რა-ვედ მონასტერსა შინა სახითა გლახაკისათა და მივიღე შენგან მოწყალება ექვსი დრაჰკანი და კვალად ექვსი და ვერცხლისა იგი ლოდაკი, რომელიცა სთნდა ღმერთსა გონებისა შენისა სიკეთე და ამისთვის სათნო იჩინა მწყემსთმთავრობა შენი ამას საყდარსა და მე მარადის შენთანა ვარ ბრძანებითა ღმრთისათა, რათა რაოდენსაცა იქმოდე ქველისსაქმესა, ანუ ილოცვიდე, მე შევსწირო ღმერთსა შენ მიერ ძღვნად პატიოსნად და რაიცა გინდეს სათხოველი, ღმრთისა მიერ მევე მოვიღო შენდა ნიჭად კეთილად.

ამათი მსმენელი გრიგორი განჰკვირდა სახიერებასა ზედა ღმრთისასა, უმეტესად სიმდაბლე შეიმოსა და მოწყალებასა უმრავლესი შესძინა და ადიდებდა უფსკრულსა კაცთმოყვარებისა მისისსა.

იხილეთ, პატიოსანნო მსმენელნო და გულისჴმაჰყავთ, თუ რაბამ ტკბილ, სახიერ და მოწყალე არს უფალი ღმერთი ჩვენი და ვითარ უყვარს კეთილი კაცი, ხატად თვისად დაბადებული, რომელი ყოვლადპატიოსნითა სისხლითა ძისა მისისათა მოიყიდა და სული წმიდა მოუვლინა განმაბრძნობელად და ანგელოსი თვისი დაუდგინა მცველად და მის მიერვე მონიჭებულისა საფასეთაგან ვიქმოდეთ რა მოწყალებასა, ანუ რაჲსაცა კეთილსა საქმესა მიითვალავს და შეიწირავს, ვითარცა ძღვენსა პატიოსანსა და მოგვანიჭებს ცხოვრებასა საუკუნესა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ვიქმოდეთ ჩვენცა კეთილთა საქმეთა: მოწყალებასა გლახაკთასა, შეწყნარებასა უცხოთასა, შემოსასა შიშველთასა, გამოზრდასა მშიართასა, შეწევნასა ქვრივთა და ობოლთასა, ჴელისაღპყრობასა ჭირვეულთასა და ნუგეშინისცემასა უღონოთასა, რომელნი ესე დიდად სათნო არიან უფლისა, და თვითეულად აღსწერენ მცველნი ჩვენნი ანგელოსნი და დასწერენ სახელთა ჩვენთა ცათა შინა წიგნსა მას ცხოვრებისასა და დაგვიუნჯებენ წარუპარველად და განუხრწნელად. და ოდეს დასჯდეს უფალი დიდებისა საყდართა ზედა ხერუვიმთასა, მაშინ წარმოადგენენ წმიდანი მცველნი ჩვენნი ანგელოსნი ჩვენ მიერ ქმნილთა ქველისსაქმეთა, მაღლითა და ბრწყინვალითა ჴმითა აღმოიკითხვენ სასმენელად ყოველთა დაბადებულთა და თითით საჩვენებელ გვყოფენ მეტყველნი, ვითარმედ: "ესე არს მცნებათა ღმრთისათა აღმასრულებელი, ესე არს მოყვასთა მიმართ კეთილისმყოფელი და ესე არს ღირსი საუკუნოსა კეთილისა დამკვიდრებად".

ჰე, გლოცავ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ვიდრემდის ვართ ჴორცთა ამათ შინა მიუნდობელთა, ვიქმოდეთ საქმესა უჴორცოთა ანგელოსთასა და სათნო ვეყვნეთ ზოგადსა მეუფესა მარხვითა და ლოცვითა და გონებისა კეთილობითა და ანგელოსებრივ განათლებულნი წმიდითა გონებითა ვილოცვიდეთ უფლისა მიმართ:

უფალო ღმერთო ძალთაო, სამწმიდაარსობით საგალობელო სერაფიმთაგან და თვალშეუდგამო ხერუვიმთა მიერ და სადიდებელო ყოველთა ანგელოსთაგან, შენ შეგივრდებით, ტკბილო და სახიერო მეუფეო, თაყვანის-გცემთ და გევედრებით, წმიდაო წმიდათაო, ლოცვითა და მეოხებითა წმიდათა და ღმრთივბრწყინვალეთა მსახურთა შენთა მიხაილ, გაბრიილ, რაფაილ და მცველისა ჩვენისა ანგელოსისათა მოგვმადლე ანგელოსებრივი მოქალაქობაი, შენისა მეუფებისა სათნოყოფა, ყოვლადტკბილისა მოწყალებისათვის შენისა მოგვივლინე ანგელოსი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი ცხოვრებისა ჩვენისა, და გვიძღოდეს ყოველთა მცნებათა შენთა ღმრთივშვენიერთა აღსრულებად, და შეიწირე მცირედნი გულმოდგინებანი და ლოცვანი ჩვენნი და მოგვანიჭენ მდიდარნი უსასყიდლონი მადლნი შენნი და ჟამსა განსლვისა სულისა ჩვენისა ჴორცთაგან, სიტკბოებით შეივედრონ წმიდათა ანგელოსთა სულნი ჩვენნი, რათა განვერნეთ მწარეთა მათგან ჰაერის მცველთასა. ხოლო მეორედ მოსლვასა შენსა დიდებით, ქრისტე ჭეშმარიტო ღმერთო ჩვენო, ანგელოსთავე შეგვკრიბონ მარჯვენით კერძო ცხოვართა თანა და გიცნათ შენ მწყემსი კეთილი და სულისა შენისა ჩვენთვის დამდებელი, და შენ გვიწოდო ღმრთივშვენიერითა ჴმითა წოდებისათა, მოძღვარო სახიერებით შვენიერო, და ჩვენ შეუდგეთ ჴმასა მას საწადელსა და სასურველსა და მგზავრ ვფსალმუნებდეთ გალობით: "მიგდევდა, უფალო, სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემიწყნარა მარჯვენემან შენმან" (ფსალმ.62,9), და წმიდათა ანგელოსთა მხარ გვიპყრან და მათთანავე მგვრგულიობით აღვიტაცნეთ ღრუბლითა სასუფეველად, რომლისათვის მადლობისა გალობასა მათთანავე აღვავლენდეთ შენდა სამარადისოდ, რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი და შენი არს დიდება ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვა
1კ1