წმინდა გაბრიელ მცირე - სიტყვა იე (15), ღმრთივშვენიერისა იესო ტკბილისა, ყოვლადსაგალობელისა
წმინდა გაბრიელ მცირე - სიტყვა იე (15), ღმრთივშვენიერისა იესო ტკბილისა, ყოვლადსაგალობელისა
"კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა" (ფს.117,26; მათ.21,9; 23,39; მარკ.11,9; ლუკა.13,35;19,38): 1. ალლილუია.

ოსანნა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაილისა (იოანე.12,13): 2. ალლილუია.

კურთხეულ არს სიმდაბლით ჩვენდა მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანნა მაღალთა შინა: 3. ალლილუია.

კურთხეულ არს სიმშვიდით იერუსალიმად შემავალი სახელითა უფლისათა, ოსანნა მაღალთა შინა: 4. ალლილუია.

დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ{ფსალ.138, 14; 103,24; გამოცხ.15,3), რამეთუ რომელი საყდართა ზედა ხერუვიმთასა მჯდომარე ხარ, ჩვენთვის სიმდაბლით კიცვსა ზედა კარაულისასა მჯდომარე იღაღადები: "ოსანნა მაღალთა შინა"(მარკ.11,9): 5. ალლილუია.

და რომელსა სერაფიმნი გიგალობენ: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა, ოსანნა მაღალთა შინა" (ესაია.6,3): 6. ალლილუია.

აწ უმანკოთა ყრმათა მიერ იგალობები: ოსანნა მაღალთა შინა: 7. ალლილუია.

ღმრთივსულიერნო შვილნო წმიდისა ეკკლესიისანო, ჩვენცა ყრმათაებრ შევიმოსოთ უმანკოება და სიწრფოება, მხმობელთა: ოსანნა მაღალთა შინა: 8. ალლილუია.

და რტოსაებრ ხეთასა ვიპყრათ სარწმუნოება მართალი და საქმენი კეთილნი და ვგალობდეთ: 9. ალლილუია.

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ახლისა ისრაილისა: 10. ალლილუია. 11. ალლილუია. 12. ალლილუია.

ჵ, საყვარელნო ღმრთისანო, ეკკლესიად რა შევიდოდეთ ხორცითა, ცათა შინა აღვიდეთ სულითა და გონებითა და საუკუნეთა მათ კეთილთა განვიცდიდეთ საცნაურებისა ხედვითა და გულისჴმა-ვყოთ, თუ ვითარ დაუცხრომელად სამწმიდაარსობითა და ალლილუიათი უგალობენ ანგელოსნი მეუფესა ყოველთასა, რამეთუ ანგელოსთა გალობისა ჴმატკბილობაჲ და სიამოვნისა შვენიერებაჲ ფრიად საწადელ არს და ყოვლადსანატრელ, უმაღლეს ყოვლისა კეთილობისა და უზესთაეს კაცობრივისა საქმისა და ცნობისა, რომლისათვისცა მცირედი რაიმე შესატყვისი სახე მოგითხრა.

იყო მონასტერი შვენიერი და მას შინა - ღმერთშემოსილნი მამანი. ერთი მათ მამათაგანი განკვირვებულ იყო სიტყვასა ფსალმუნისასა, თუ ვითარ არს ესე, რომელსა იტყვის მგალობელ დავით, ვითარმედ: "ათასი წელი წინაშე თვალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე" (ფსალმ.89,4). ამას რა იწურთიდა სანატრელი იგი ბერი, განვიდა მონასტრისა გარე მყუდროსა ადგილსა და შეექცა ღმრთისა ხედვასა. და აჰა, კაცთმოყვარემან ღმერთმან მოუვლინა ანგელოსი სახითა მფრინველისა ღმრთივშვენიერისათა, რომელიცა დასჯდა რტოსა ზედა ხისასა, და იწყო გალობად ყოვლადტკბილითა და საწადელითა ჴმითა, ხოლო შვენიერებითა სიკეთისა და ჴმატკბილობისა მისისათა ღირსი იგი მამა მიიტაცა გონებითა მყოვარჟამ და მაღალ ხედვითა განათლდა სული მისი.

მერმე აღფრინდა მფრინველი იგი და ბერი მოეგო გონებასა თვისსა და მოიქცა მონასტრად, მგონებელი, თუ ერთი ჟამი არს, გან-რა-ვედ ამიერ. ხოლო შევიდა რა მონასტრად, ვერღარავინ სცნა მას შინა მყოფნი მამანი და იწყო ტირილად: ჰკითხვიდეს მას მის ჟამისა მყოფნი მონაზონნი, მეტყველნი: "ვინ ხარ შენ, პატიოსანო მამაო?" ხოლო იგი ეტყოდა: "ერთი ოდენ ჟამი არს, გან-რა-ვედ მე ამიერ, ღმრთივსულიერნო ძმანო, და სადა არიან ღმრთივშემოსილნი იგი მამანი ჩემნი?" და მიუთხრა სახელები წინამძღვრისა და ძმათა და დღე განსლვისა თვისისა და ყოველივე საქმე თვისი განუცხადა.

ხოლო მათ აღრაცხეს და წარხდომილ იყვნეს ოთხმეოცდასამი წელი და ოთხი თვე (უკეთუ ვინ აღრაცხოს, უცთომელ იპოოს ესე, რომელ ოთხმეოცდასამი წელი და ოთხი თვე გაათორმეტოს, ათას წლად შეკრბების უეჭველად). მაშინ გულისჴმა-ჰყო ბერმან და სთქვა: "უკეთუ მე ერთსა ჟამსა ვგონებ და ესოდენი წელნი გარდახდეს, მაშ, ათორმეტი ჟამნი, რომელ არს ერთი დღე, ათას წლად შეკრბების და ნანდვილვე ჭეშმარიტ არს სიტყვა საღმრთოისა წერილისა, ვითარმედ "ათასი წელი წინაშე თვალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე" და კურთხეულ არს სახელი სიბრძნით განგებულებისა შენისა უკუნისამდე".

ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ შეყვარებულნო ძმანო, მარადღე ვისმენდეთ საღმრთოსა წირვასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი და გული უთქვამსთ ჭვირობად წმიდისა მსხვერპლისა. და ჩვენცა ხერუვიმთა საიდუმლოდ ვემსგავსნეთ სამწმიდა არსობის გალობითა და ნუ დავაკლდებით ეკკლესიისა ლოცვასა, რომელსა აქვს დიდი სასყიდლის მოგება. ჴელნი ჩვენნი განვმარტნეთ მოწყალებად, ვინაითგან ბრძანებს უფალი: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე.5,7). აღსაარებითა განვიწმიდოთ სული ჩვენი და განწმედილნი გულითა ვეზიარნეთ ღმერთმყოფელსა ქრისტეს ჴორცსა და სისხლსა, რამეთუ თვით უფალი ბრძანებს: "რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მისთანა"(იოანე 6,56). უკეთუ ყრმათა ბაია ხელთა ეპყრათ და ღაღადებდენ ოსანნასა, ხოლო ჩვენ, საყვარელნო, ქრისტეს საიდუმლოთა მტვირთველნი, ღრუბლითა მივეგებნეთ იესოს, მაგალობელნი: "კურთხეულ არს მომავალი განსჯად სახელითა უფლისათა და დიდებითა ღმრთაებისათა, მეუფე ყოვლისა დაბადებულისა, რომლისა სახელისა მიმართ ყოველი მუხლი მოდრკეს და მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ იყვნენ უკუნისამდე".

მეუფეო მეუფეთაო და უფალო უფლებათაო, იესო ქრისტე, უფალო ჩვენო, რომელი ჰზი საყდართა ზედა ხერუვიმთასა და ჰხედავ უფსკრულთა, მოიხილე ჩვენ ზედა ტკბილითა წყალობითა შენითა და ღირს მყვენ კეთილმოქალაქეობით სათნო-ყოფად შენდა, ქველის საქმითა განშვენება, წმიდითა ლოცვითა განათლება, აღსაარებით განწმედა, ზიარებით განბრწყინვება, სერობასა მას საიდუმლოსა შეერთება, ჯვარცმასა შენსა თანა ვნება გულისა შემუსრვითა და აღდგომასა შენსა თანა აღდგომა სულის სიხარულითა და შენთანა ამაღლება გონებისა ხედვითა, ხოლო დიდებით მოსლვასა შენსა ღრუბლითა მიგებება და შემთხვევა ჰაერთა ზედა და სასუფეველსა დამკვიდრება ბრწყინვალებითა, მართალთა თანა სიხარული, წმიდათა თანა შვება, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, ანგელოსთა თანა შეერთება და მარადის გალობა, მადლობა და თაყვანისცემა შენდა თანა მამით და სულით წმიდითურთ, რამეთუ შენ გშვენის გალობა, ღმერთო, სიონს და შენ მიგეცეს ლოცვა ზეცისა იერუსალიმს, რომელი კურთხეულ ხარ ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვა
1კ1