წმინდა გაბრიელ მცირე - სიტყვა იდ (14), ღმრთივშვენიერისა იესო ტკბილისა, ყოვლადსაყვარელისა
წმინდა გაბრიელ მცირე - სიტყვა იდ (14), ღმრთივშვენიერისა იესო ტკბილისა, ყოვლადსაყვარელისა
ქუხდა უფალი ცით გამო: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე.17,5).

ჵ, ძეო ღმრთისაო, საყვარელო მამისაო, ყოვლადტკბილო იესო, რაჲსა გვიბრძანებ, მაცხოვარო ჩვენო, რათა ვისმინოთ შენი? ხოლო იგი იტყვის ჩვენდა მომართ:

"უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით და ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას" (იოანე.14,15; 15,12).

უფალო, უფალო, კაცთმოყვარეო მეუფეო, რაი არს მცნება შენი? და იგი ესრეთ იტყვის:

"საყვარელნო, მცნებანი ჩემნი მძიმე არა არიან, არამედ სუბუქ ტვირთი და ტკბილ უღელი ჩემი (მათე.11,30), ვითარმედ: 1. მშიარსა ეცით ჭამადი, 2. წყურიელსა ასვით, 3. შიშველი შემოსეთ, 4. უცხო შეიწყნარეთ, 5. სნეულსა მიხედეთ და 6. საპყრობილესა მივედით" (მათე.25, 35-36).

ესენი რა ჰქმნეთ კეთილითა გონებითა ძმათა მიმართ ჩემთა გლახაკთა, მე თავისა ჩემისად მივითვალავ და გეტყვი თქვენ: "რაოდენი უყავთ ერთსა ამათ მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველივე მე მიყავთ" (მათე.25,40).

უფალო სახიერებით შვენიერო და ყოვლადმოწყალეო, უკეთუ ესენი ვჰქმნნეთ, რაიმე იყოს ჩვენდა? და იგი იტყვის:

"კურთხეულ მამისა ჩემისა მიერ გიწოდო, წინაშე ანგელოსთა და კაცთა გადიდო; რომელმან მოსეს პირი განვაბრწყინვე ქვეყანასა ზედა, თქვენ უფროის მზისა გამოგაბრწყინვო სასუფეველსა მამისა ჩემისასა; რომელმან ილია აღვამაღლე ცეცხლისა ეტლითა, თქვენცა აღგიტაცნე ნათლისა ღრუბლითა ჰაერსა ზედა და მარადის ჩემთანა იყოფოდეთ და თვითეულსა თქვენსა საქმეთაებრ მივანიჭო სასყიდელი, მეტყველმან: "კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, ვინათგან მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, აჰა, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (მათე.25,23) და მიიღე გვირგვინი ბრწყინვალე, საყდარი დიდებისა და იხარებდ საუკუნოდ".

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ნანდვილ საყვარელნო ღმრთისანო, ვისმინოთ სუბუქნი ესე მცნებანი ქრისტესნი და მოვიღოთ დიდნი სასყიდელნი აღთქმულნი, საქმითა და ჭეშმარიტებითა შევიყვაროთ მამისა მიერ საყვარელი ყოვლადტკბილი იესო, რომელმან ჩვენ ესეზომ შეგვიყვარნა, რომელ სულიცა თვისი ჩვენთვის დასდვა.

1. ქრისტემან კაცთმოყვარებით ყოვლადწმიდა ჴორცი თვისი მოგვცა ჭამად მოსატევებელად ცოდვათა ჩვენთა და ჩვენგან ლიტონსა პურსა ითხოვს.
2. ქრისტემან ყოვლადპატიოსანი სისხლი თვისი სასმელად გვიწვდია სახსრად ყოვლისა სოფლისა და ჩვენგან გრილსა წყალსა ითხოვს.
3. ქრისტემან წმიდითა ნათლისღებისა მადლით შეგვმოსა შვილ ღმრთისა ყოფად და ჩვენგან უნდოსა სამოსელსა ითხოვს.
4. ქრისტემან სასუფეველი განგვიმზადა საუკუნო დიდებად და ჩვენგან სახლსა შინა მცირედჟამ დგომასა ითხოვს.
5. ქრისტემან უძლურებანი ჩვენნი იტვირთნა და სნეულებანი განჰკურნა და ჩვენგან უძლურთა ხილვასა ითხოვს.
6. ქრისტემან საპყრობილით ჯოჯოხეთისათ აღმოგვიყვანნა და ჩვენგან საპყრობილესა მყოფთათანა მისლვასა ითხოვს.

აწ უკუჱ არა ვისმინოთაა, საყვარელნო ძმანო, ვითარ არა უსამართლოება იყოს? არამედ გევედრები, უფალნო ჩემნო, ჰე, ვისმინოთ ესე ადვილნი მცნებანი მაცხოვრისანი და აღვასრულოთ სიტკბოებით კეთილად და ღმრთივშვენიერად, რაოდენჟამ ვართ ჴორცთა ამათ შინა დაუდგრომელთა, ვმუშაკობდეთ სათნოებასა, რამეთუ სათნოყოფილნი ღმრთისანი აქაცა იდიდებიან და მას საუკუნესა უფროს მზისა განბრწყინდებიან, რომლისათვის სახეცა მოგითხრა.

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, რომელსა რაჲცა აქუნდა მონაგები თვისი, გლახაკთა განუყო და თვით სიგლახაკე აღირჩია ქრისტეს სიყვარულითა და რასაცა ჴელითა თვისითა მუშაკობდა, მშიარსა, წყურიელსა, შიშველსა, უცხოსა, სნეულსა და ყოველსა შეჭირვებულსა განუყოფდა. და ღმერთსა ევედრებოდა: "ამას სოფელსა ნუ მადიდებ, არამედ მას საუკუნოსა მომაგეო". გარნა ღმერთმან ესრეთ განაბრწყინვა პირი მისი, რომელ ყოველნი მხილველნი განკვირვებულ იყვნეს პირისა მისისა ბრწყინვალებასა, რათა გამოაჩინოს ღმერთმან, უკეთუ კეთილისმოქმედნი ესრეთ ბრწყინვენ აქავე, გულისხმა-ვყოთ, თუ რაოდენ უბრწყინვალეს მზისა და უსპეტაკეს თოვლისა იქმნებიან სულით და ჴორცით მას საუკუნესა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ღმრთისანო, ვიქმოდეთ კეთილთა საქმეთა მართლითა სარწმუნოებითა, რათა სათნო ვეყვნეთ ყოვლადტკბილსა იესოს, რამეთუ იგი ბრძანებს: "ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა" (მათე.5,16).

ვისმინოთ, ძმანო, სწავლა ძისა ღმრთისა საყვარელისა და მორჩილებითა აღვასრულოთ მცნებანი მისნი ღმრთივშვენიერნი, რათა ქრისტემან განგვაბრწყინვოს ჩვენცა სულითა. მოვიგოთ მსგავსება ღმრთისა კაცთმოყვარებით, სახიერებით და მოწყალებით, რამეთუ გვამცნებს იესო სიტკბოებით მეტყველი: "იყვენით თქვენ მოწყალე, ძმანო, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს" (ლუკა.6,36).

შეჭირვებულსა შევეწეოდეთ, ნაკლულევანსა ნუგეშინის-ვჰსცემდეთ, უღონოთა ჴელსა აღუპყრობდეთ. "ურთიერთარს სიმძიმე ვიტვირთოთ და აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესმიერისა სიყვარულისა" (გალატ.6,2). ესენი რა ვქმნეთ, კეთილითა გონებითა საყვარელნო, ნანდვილვე ჩვენცა გამოვბრწყინდეთ, ვითარცა მზე სასუფეველსა მამისა ჩვენისასა; გარნა მარადღე ვილოცვიდეთ და ესრეთ ვიტყოდეთ:

უფალო იესო ქრისტე, საყვარელო ძეო ღმრთისაო, ხატო და ბრწყინვალებაო მამისაო, შენ შეგივრდებით და გევედრებით, მეუფეო დიდებისაო, შეგვიწყალენ შენნი ქრისტიანენი, მოგვმადლე მარადის სათნოყოფა~ შენი, წლითი წლად ღირს-მყვენ დღესასწაულთა შენთა პატივისცემად, მოანიჭე ქვეყანასა ნაყოფთა უხვება, ეკკლესიათა - მშვიდობა, მეფეთა - უვნებელობა, მხედართა - ძლიერება და ერსა ქრისტეანეთასა განათლება, ხოლო საუკუნოსა დიდებასა შენსა ჩვენ ყოველნი ერთბამად მართალთა თანა, ვითარცა მზე, გამოგვაბრწყინვე სასუფეველსა, რომელი განუმზადე მოყვარეთა შენთა, რათა მარადის მადლობასა, გალობასა და თაყვანისცემასა აღვავლენდეთ შენდა თანა მამით და სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვა
1კ1