წმინდა გაბრიელ მცირე - სიტყვა იგ (13), ღმრთივშვენიერისა იესო ტკბილისა, ყოვლადსაყვარელისა
წმინდა გაბრიელ მცირე - სიტყვა იგ (13), ღმრთივშვენიერისა იესო ტკბილისა, ყოვლადსაყვარელისა
უფსკრული უფსკრულსა ჰხადის ჴმითა ზეგარდმო: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიყავ" (მარკოზ.1,11).

ეჰა, ძეო ღმრთისაო, საყვარელო მამისაო, ყოვლადტკბილო იესო, მოგვმადლე სრული სიყვარული შენი და გამოგვიცხადე, თუ ვითარ სათნო გეყვნეთ, ყოვლადსახიერო მეუფეო. ხოლო იგი ესრეთ იტყვის ჩვენდა მომართ:

ჵ, კაცო, "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა შენითა და მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (ლუკა.10,27).

აჰა, ღმრთივსულიერნო შვილნო წმიდისა ემბაზისანო, გულისჴმა-ვყოთ, რათა ვითარცა ორითა ბუნებითა განგვეცხადა იესო მაცხოვარი ჩვენი, ეგრეთვე ორსა სიყვარულსა გვამცნებს სასუფეველსა აღმყვანებელად ჩვენდა, "რომელთა ზედა ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან" (მათე. 22,40), ესე იგი არს: ყოვლადი სიყვარული ღმრთისა და ჭეშმარიტი სიყვარული კაცთა. სიყვარულსა ღმრთისასა შეეტყვების სამი ესე: 1. სარწმუნოება. 2. სასოება, და 3. სიყვარული. ხოლო სიყვარულსა კაცთასა შვენის შვიდი ესე: 1. ჭმევა მშიართა; 2. სმევა წყურიელთა; 3. შემოსა შიშველთა; 4. შეწყნარება უცხოთა; 5. ხილვა სნეულთა; 6. მისვლა პყრობილთა და 7. დაფლვა მკვდართა.

აწ უკუჱ, საყვარელნო ქრისტესნო, ვიქმოდეთ ათთა ამათ სათნოებათა ქრისტეანებრთა და ვიქმნებით აღმასრულებელ ათთა მცნებათა მოსეანუართა, უკეთუ შიშველი შევმოსოთ, ქრისტე შეგვიმოსიეს იორდანესა შინა განშიშვლებული; უკეთუ მშიერი გამოვზარდოთ, იესო გამოგვიზრდიეს ორმეოც დღე მარხული და მერმე შემშეული, და მანცა კაცთმოყვარემან შეგვმოსოს ღმრთივბრწყინვალითა ნათლითა და გამოგვზარდოს უხრწნელ-უკვდავებითა, რამეთუ დიდად სათნო უჩნს ტკბილსა მეუფესა ჩვენსა გამოზრდა მშიართა, რომლისათვის სახეცა მოგითხრა.

იყო ვინმე კაცი დიდებული, კეთილმორწმუნე, ქველისმოქმედი და ფრიად მოყვარე ღმრთისა, და დიდად მოსურნე სათნოებისა. ამას პატიოსანსა კაცსა წესად აქუნდა თუჱსა შინა ერთგზის: ყოველთა მღვდელთა აწირვინებდა და კეთილითა სადილითა ისტუმრებდა და ღირსითა სასყიდლითა ჯეროვნად წარგზავნიდა დიდებად ღმრთისა.

ერთგზისცა მიუმცნო ყოველთა მღვდელთა სამღთო წირვაჲ ჩვეულებისაებრ. და ერთსა მღვდელსა შორს აქუნდა ეკკლესია გარე დაბისა, აღიღო სამღუდელო სამკაული და პური იგი შესაწირავისა და ღვინო და წარვიდა წირვად. და აჰა შეემთხვია კაცი მომყმარი შიმშილითა და მოკლებული ფრიად და სთხოვა მღვდელსა მას ჭამადი, ხოლო მან მცნებისათვის უფლისა, ვითარმედ: "მშიოდა და მეცით მე ჭამადიო" (მათე.25,35), მისცა მას პურნი იგი შესაწირავისანი და ღვინო და გამოზარდა იგი და თვით უკმოიქცა თვინიერ წირვისა.

ხოლო ოდეს ისტუმრნა მღვდელნი იგი დამაშვრალნი და მისცემდა მათ საწირავთა ქველისმოქმედი იგი კაცი ღმრთისმოყვარე, მაშინ კეთილკრძალულსა მას მღვდელსა არა ენება მიღება სასყიდლისა, ვინაითგან არა ეწირა. გარნა ყოვლადსახიერმან ღმერთმან გამოუცხადა ღირსსა მას კაცსა, ვითარმედ: "მშიარისა იგი გამოზრდაჲ, ვითარცა მსხვერპლი სრული, შეიწირა". და ჰრქუა მღვდელსა: "მიიღე, მამაო პატიოსანო, სასყიდელი შენი, რომელი ღირს ხარ სათნოდ ღმრთისა მუშაკობისათვის, რამეთუ რა იგი შენ ჰქმენ გზასა ზედა ეკკლესიისასა, იგი ჩემთვის შეწირულ არს წინაშე ღმრთისა".

და მიერიდგან პატიოსანმან კაცმან ღმრთისამან შესძინა სამღთოსა წირვისა თანა მარადღე მშიართა გამოზრდაცა, სათნოყოფად ღმრთისა.

ისმინეთ, საყვარელნო ღმრთისანო, თუ ვითარ სათნო უჩნს კაცთმოყვარესა ღმერთსა ჩვენსა, რომელ ყოვლადდიდებულისა და ანგელოზთაგან გულის-სათქმელისა მსხვერპლისა თანა სწორად შეიწირავს მშიართა გამოზრდასა და რამეთუ მო-რა-ვიდეს უფალი დიდებითა თვისითა განსჯად ყოველთა, სხვასა არარას გვიბრძანებს, გარნა: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასვით მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, უძლურ ვიყავ და მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა" (მათე.25,35-36). და ამათ ნაცვლად: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი ცათა და იხარებდეთ საუკუნოდ" (მათე.25,34).

ამისთვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ქრისტესნო და სურვილით მოყვარენო იესო ტკბილისანო, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს სარწმუნოებითა, ქრისტე შევიმოსოთ საქმითა კეთილითა. მოვიგოთ ღმრთისა მიმართ სარწმუნოება უეჭველი, სასოება მტკიცე და სიყვარული სრული, ხოლო კაცთა მიმართ, რაჲცა თავთა ჩვენთათვის გვინდეს კეთილი, მასვე ძმათა ჩვენთადა ვიქმოდეთ და რაჲცა თავთა არა გვინდოდეს ვნებაჲ, ნუცა მოყვასთა ჩვენთა შევამთხვევთ. და ესე არს ჭეშმარიტი სიყვარული კაცთა, ღმრთივშვენიერად აღმასრულებელი სამღთოსა სჯულისა, ვითარმედ: "შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (ლევ.19,18; მათე.19,19; მარკ.12,31; რომ.13,9; გალ.5,14; იაკობ.2,8) და ამასთანა მოვიგოთ, ძმანო, ლოცვა წმიდა ცხადმყოფელი სიყვარულისა ღმრთისასა და ესრეთ ვიტყოდეთ:

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო! მოგვმადლე სრული სიყვარული შენი და ჭეშმარიტი სიყვარული ძმათა, ერთი სარწმუნოებით ემბაზით აღმოშობილთა და ჰსთქუ მამისა მიმართ შენისა: "მამაო მართალო და სახიერო, შეიყვარენ ესენი, ვითარცა მე შემიყვარე" (იოანე.17,23).

ხოლო ყოვლადწმიდა სული, ღმრთივშვენიერებით სახიერი, სახედ ტრედისა იორდანეს მოსრული, აწ ჩვენცა მოგვივლინე, ძეო ღმრთისაო, რათა გვიძღოდეს ჭეშმარიტებასა ყოველსა და მოანიჭე ეკკლესიათა მართლმადიდებლობა, სამღვდელოთა - პატიოსნება, მეფეთა - დიდება, მთავართა - მშვიდობა, მამათა - სიმხნე, დედათა - კრძალულება, მოხუცებულთა - მადლობა, ჭაბუკთა - სათნოება, წარმართთა - მოქცევა და კათოლიკე ეკკლესიათა შეერთება და ყოველთავე მოგვმადლე მარჯვენით კერძო ცხოვართა შენთა თანა აღრაცხვა, მწყემსო კეთილო, ტკბილო და ჭეშმარიტო, და მერმე - ღრუბლითა აღტაცება, სასუფეველისა დიდება, მართალთა თანა სიხარული, წმიდათა თანა სუფევა და ღირსთა თანა გვირგვინოსნება, მადლობა, გალობა და თაყვანისცემა შენდა თანა მამითა და სულით წმიდითურთ უკუნისი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვა
1კ1