წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ია (11). ღმრთივგანბრძნობილისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ია (11). ღმრთივგანბრძნობილისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
"მივფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა" (იოვ. 2,28).

"აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა"(საქ.2,4; 4,31).

ყოვლადუბიწო, ყოვლადღირსი და ყოვლადწმიდა ქალწული მარიამ და ყოვლადქებულნი მოციქულნი, ვითარცა წერილ არს საქმესა მოციქულთასა.

ამისთვის ჩვენცა, მორწმუნენო, შევასხმიდეთ სულითა წმიდითა აღსავსესა ღმრთისმშობელსა მარიამს და ვიტყოდეთ:

1. გიხაროდენ, სულითა წმიდითა აღსავსეო.
2. გიხაროდენ, სულისა წმიდისა სადგურო.
3. გიხაროდენ, სულისა წმიდისა სამკვიდრებელო.
4. გიხაროდენ, სულისა წმიდისა სავანეო.
5. გიხაროდენ, სულისა წმიდისა საუნჯეო.
6. გიხაროდენ, სულითა წმიდითა განბრძნობილო.
7. გიხაროდენ, სულითა წმიდითა აღბეჭდილო და ნიჭთა მისთაგან აღვსებულო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, სულიწმიდა იტყვის პირითა სოლომონისათა: "სიბრძნემან იშენა თავის თვისისა სახლი და ქვეშე შეუდგნა შვიდნი სვეტნი" (იგ.9,1).

საყვარელნო, სიბრძნე ღმრთისა არს იესო ქრისტე, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: "ქრისტე ღმრთისა ძალა არს და ღმრთისა სიბრძნე" (1კორ.1,24). ამან ჭეშმარიტმან სიბრძნემან განამზადა თავისა თვისისა სახლი - ყოვლადუბიწო ქალწული მარიამ, რომლისა შორის დაიკარვა ღმრთივშვენიერად და გამოუთქმელად და ქვეშე შეუდგნა შვიდნი სვეტნი, რომელ არიან შვიდნი ნიჭნი სულისა წმიდისანი, რამეთუ ამათ შვიდთა მადლთა მიერ შემკობილ იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი. ამისთვის ნამდვილვე ღირს არს, რათა ვაქებდეთ ქალწულსა მარიამს მეტყველნი:

1. გიხაროდენ, სიბრძნისა საუნჯეო.
2. გიხაროდენ, გულისჴმის-ყოფისა უფსკრულო.
3. გიხაროდენ, განზრახვისა მესაიდუმლეო.
4. გიხაროდენ, ძლიერებისა სიმდიდრეო.
5. გიხაროდენ, მეცნიერებისა ბრწყინვალებაო.
6. გიხაროდენ, ღმრთისმსახურებისა გულითადო.
7. გიხაროდენ, შიშითა ღმრთისათა ანგელოსთა გარემოს შენსა დამბანაკებელო.
საყვარელნო ღმრთისანო, მოეფინა რა სულიწმიდა ყოვლადწმიდასა ქალწულსა მარიამს და წმიდათა მოციქულთა ზედა, მიერითგან წარვიდენ თვითეულნი ქადაგებად ქრისტესა, ხოლო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი წარმოემართა ქადაგებად ქვეყანასა ივერიისასა (რომელ არს საქართველო), რათა განანათლოს სადიდებელად ძისა თვისისა, და გამოეცხადა საყვარელი ძე თვისი იესო და ჰრქვა მას ტკბილითა ჴმითა: "მშვიდობა შენდა, დედაო! სად წარხვალ?" ხოლო მან მიუგო: "მსურის, საყვარელო ძეო ჩემო, ქადაგება ღმრთივშვენიერისა სახარებისა შენისა". და ჰრქუა ძემან ღმრთისამან: "დაადგერ შენ საფლავსა ჩემსა თანა და ანდრია მოციქული წარგზავნე, შენ მიეც ხატი შენი და მე მივსცე მადლი ჩემი და განანათლნეს იგინი". და იგი მორჩილ ექმნა ძესა თვისსა საყვარელსა და სახიერებით შვენიერსა.

ხოლო მიიღო პატიოსანი ხატი ყოვლადწმიდისა ანდრია მოციქულმან და მივიდა ივერიას და დასდგა გარე დაბისა ბორცვსა ზედა და დაასვენა წმიდა ხატი იგი და იწყო ლოცვად. და აჰა გამოხდა წინაშე ხატისა მის წყაროი შვენიერი და კეთილი და მას ღამესა ესრეთ განათლდა ჰაერი ხატისა მის მიერ, ვითარცა მზის ბრწყინვალებითა, ხოლო კაცნი იგი განკვირვებულნი იტყოდეს, ვითარმედ: "ღმერთი არს".

და ქვრივსა ვისმე დიდებულსა მოუკვდა ძე მხოლოდშობილი, რომელმანცა ირწმუნა ქრისტე და დასდვა ხატი იგი საკვირველი მკვდარსა და მყისვე აღსდგა და ადიდებდა ღმერთსა.

ესრეთ რა განაცხადნა სახელი იესო ქრისტესი, სთქუჱს კაცთა მათ კერპთმსახურთა: "ხატი ეგე შევიღოთ ბომონსა ჩვენსა, უკეთუ ღმერთთა ჩვენთა ჰსძლონ, კაცი ეგე მოვკლათ და უკეთუ ხატმან მაგან ჰსძლოს, სიტყვაი მაგისი ვირწმუნოთ".

შეასვენა მოციქულმან ხატი იგი და დაბეჭდეს კარნი და შუაღამესა ოდენ ისმოდა ჴმაჲ შემუსვრისა და შელეწისა. განრათენდა. იხილეს ყოველთა, რამეთუ ყოველნი კერპნი მათნი ნაცარად და აკლებულ იყვნეს, ხოლო დიდებული იგი ხატი ზე აღმართებული ბრწყინვიდა ღმრთივშვენიერად და განეფინა შარავანდედი თვისი.

მაშინ შეურაცხ-ჰყვეს კერპთა სიცბილი და შეიწყნარეს ქრისტეს ჭეშმარიტება და ნათელ-იღეს სახელითა წმიდისა სამებისათა და იქმნეს მართლმადიდებელ ერნი საქართველოსანი მადლითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა სადიდებელად ყოვლადსახიერისა ძისა მისისა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ღმრთისანო, შევიყვაროთ დედოფალი ჩვენი ქალწული მარიამ, რამეთუ მან პირველად შემიყვარნა ჩვენ და ვიქმოდეთ სათნო-ყოფასა მისსა, მოვიგოთ სიმდაბლე და სიმშვიდე, გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი, ვსწყალობდეთ გლახაკთა და უცხოთა, შევეწეოდეთ ქვრივთა და ობოლთა, შევიტკბოთ მარხვა მოთმინებით, ლოცვა - უვნებლობით, აღსაარება - სინანულით, ზიარება - სარწმუნოებით. და ესრეთ ვიქმნებით სათნომყოფელ ღმრთისა და საყვარელ ღმრთისა დედისა და მკვიდრ სასუფეველისა. და ნაყოფსა ბაგეთასა შევსწირვიდეთ სულისა ჩვენისა ნაყოფიერმყოფელსა ქალწულსა მარიამს მხმობელნი ესრეთ:

1. გიხაროდენ, საყვარელო ღმრთისაო.
2. გიხაროდენ, სიხარულო ანგელოსთაო.
3. გიხაროდენ, მშვიდობაო კაცთაო.
4. გიხაროდენ, სულგრძელებაო მამათმთავართაო.
5. გიხაროდენ, სიტკბოებაო წინასწარმეტყველთაო.
6. გიხაროდენ, სახიერებაო მოციქულთაო.
7. გიხაროდენ, სარწმუნოებაო მოწამეთაო.
8. გიხაროდენ, მყუდროებაო მღვდელთმთავართაო.
9. გიხაროდენ, მარხვაო მონაზონთაო.
10. გიხაროდენ, მოთმინებაო ქალწულთაო და ლოცვათა მსმენელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო.

ჵ, ყოვლადუბიწოო მარიამ, წმიდაო-წმიდათაო და განღმრთობილო მადლითა სულისა წმიდისათაო, მოგვხედენ სამწყსოსა შენსა, რომელთა დაგვიძს შენდა მომართ სასოება ჩვენი და ჴმა-ჰყავ განმაბრძნობელისა შენისა სულისა მიმართ წმიდისა და ჰსთქუ: "ღმერთმთავარო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი მამისაგან გამომავალ ხარ და ძისა მიერ მიეცემი კაცთა წმიდათა, შუამდგომელი ვარ ქრისტეანეთათვის, რათა დაუმტკიცო სარწმუნოება მართალი და მიჰმადლო საქმენი კეთილნი, სიყვარული სრული, სასოება მტკიცე, სიბრძნისა გულისჴმის-ყოფა, გულის სიწმიდე, სულისა უმანკოება, ლოცვისა უვნებელობა და მოწყალებისა სიმრავლე და მიანიჭე ეკკლესიათა მართლმადიდებლობა, მეფეთა - ამაღლება, ერთა - მშვიდობა და ყოველთავე - პატიოსნება. ხოლო დასასრულსა - საუკუნო დიდება, ბრწყინვალება და განათლება; მადლობად, გალობად, დიდების-მეტყველებად შენდა, რათა ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა შეერთებულნი გადიდებდეთ შენ სულსა სახიერსა და ყოვლადწმიდასა თანასწორსა მამისა და ძისასა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვა
1კ1