წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ი (10), ღმრთივკურთხეულისა და ყოვლადბრწყინვალისა ღმრთისმშობელისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ი (10), ღმრთივკურთხეულისა და ყოვლადბრწყინვალისა ღმრთისმშობელისა
"უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" (ფს.28,11).

"აღიპყრნა ჴელნი თვისნი ზეცად იესო და აკურთხნა იგინი და აღვიდოდა ზეცად" (ლუკა. 24, 50-51).

აკურთხა ქრისტემან წმიდანი მოციქულნი და უმეტესად კურთხეული დედა თვისი ქალწული მარიამ.

ვინაიდგან მეფსალმუნე ჰგალობს: "ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა ანგელოსთა თანა" (ფს.46,5); ხოლო ჩვენცა, საყვარელნო, აღვამაღლოთ ყოვლადწმიდა ღმრთივკურთხეული ქალწული მარიამ გიხაროდენითა:

1. გიხაროდენ, მამისა მიერ კურთხეულო.
2. გიხაროდენ, ძისა მიერ ჴელდასხმულო.
3. გიხაროდენ, სულისა წმიდისა მიერ დამტკიცებულო.
4. გიხაროდენ, სერაფიმთა განმაკვირვებელო.
5. გიხაროდენ, ხერუვიმთა განმაცვიფრებელო.
6. გიხაროდენ, საყდართა განმაკრთობელო.
7. გიხაროდენ, უფლებათა განმაბრწყინვებელო.
8. გიხაროდენ, ძალთა განმანათლებელო.
9. გიხაროდენ, ჴელმწიფებათა განმაშვენებელო.
10. გიხაროდენ, მთავრობათა მიერ საგალობელო.
11. გიხაროდენ, მთავარანგელოსთა მიერ სახარულევანო.
12. გიხაროდენ, ყოველთა ანგელოსთა მხიარულებაო და შვებაო.

ღმრთივსულიერნო შვილნო, თქვენცა გიხაროდენ ეკკლესიასა შინა, ვინაითგან სიხარული იქმნა ცათა შინა, რამეთუ ამაღლდა რა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, აღამაღლა ბუნება ჩვენი და მარჯვენით მამისა დასვა და განამხიარულნა ყოველნი ანგელოსნი მეტყველმან: "ჩემთანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული" (ლუკა.15,6).

ხოლო აწ ჩვენცა, საყვარელნო, მიზეზსა ყოვლისა სიხარულისასა ღმრთისმშობელსა მარიამს შესხმით უგალობდეთ და ვიტყოდეთ:

1. გიხაროდენ, რომელსა გმოსიეს მზეჲ სამოსლად.
2. გიხაროდენ, რომელსა გაქუს მთვარე კვარცხლბეკად.
3. გიხაროდენ, ათორთა ვარსკვლავთა მიერ გვირგვინოსანო.
4. გიხაროდენ, ათორთა მოციქულთა წარმართებაო.
5. გიხაროდენ, ათთა მცნებათა აღსრულებაო.
6. გიხაროდენ, ათთა ნაყოფთა სულისათა გამოღებაო.
7. გიხაროდენ, ცხრა დასთა ანგელოსთა მიერ პატივცემულო.
8. გიხაროდენ, ცხრა ნეტარებითა ნეტარეულო.
9. გიხაროდენ, შვიდითა ნიჭითა სულისა წმიდისათა განმტკიცებულო.
10. გიხაროდენ, შვიდპირითა ოქროსა სასანთლითა განბრწყინვებულო.
11. გიხაროდენ, ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა სასოებაო.
12. გიხაროდენ, ყოველთა ქრისტიანეთა მაცხოვარო და დიდებაო.

საყვარელნო ღმრთისანო და პატივისმცემელნო ღმრთისმშობელისანო, ვუგალობდეთ მარადის ქალწულსა ღმრთივკურთხეულსა მარიამს, რამეთუ მრავალთა სულთა აცხოვნებს და ძესა თვისსა შესწირავს, ვითარცა ძღვენსა ყოვლადპატიოსანსა და წმიდათა ანგელოსთა განამხიარულებს, რომელიცა წინამდებარემან სიტყვამან საცნაურ ჰყოს.

იყო ვინმე კაცი მშვიდი, მდაბალი, წრფელი და უმანკო, ჴორცითა უძლური და საფასეთაგან გლახაკი, რომელსა არა ეძლო ჴორცითა მოღვაწება, არცა აქუდნა მონაგები, რომლითამცა ექმნა მოწყალება და სხვათა მიერ იზარდებოდა, გარნა ოცდაოთხსა მუხლს გიხაროდენსა ყოველდღე შესწირვიდა ღმრთისმშობელსა და ილოცვიდა მეტყველი: "ყოველი სასოება ჩემი შენდამი დამიძს, დედაო ღმრთისაო, დამიცევ მე საფარველითა შენითა".

და ოდეს მოიწია აღსასრული მისი, მშვიდობით მიიცვალა მცველისა მისისა ანგელოსისა თანა. და მოვიდენ ეშმაკნიცა სულსა მისსა ზედა და იტყოდენ: "ჩვენი არს ესე, ვინათგან არარაჲ უქმნიეს მოწყალება". მიუგო ანგელოსმან და ჰრქვა: "იხილეთ ენაიჲ მაგისი, რომელ ოცდაოთხი მუხლი გიხაროდენი სრულიად ენასა ზედა წერილ არს, რომელსაცა მარადდღე შესწირვიდა ნაყოფსა ბაგეთასა ღმრთისა დედასა, რამეთუ რაითგან იწყო, ვიდრე სიკვდილამდე არა ოდეს დაუტევებიეს და ამისთვის აცხოვნა ეგე ღმრთისმშობელმან მარიამ".

ესე რა ესმათ და იხილეს ენაჲ მისი, უჩინო იქმნნეს სირცხვილეულნი ეშმაკნი და წარიყვანა მცველმან ანგელოსმან სული იგი სანატრელი და შერთო მწყობრსა მართალსა.

ხოლო კაცთმოყვარისა ღმრთისა დედამან გამოუცხადა საქმე ესე კაცსა ვისმე ღმერთშემოსილსა და მან დასწერა წმიდათა წერილთა შინა, რათა ჩვენცა ვიქმოდეთ კეთილ-სათნოებათა და ვადიდებდეთ სახიერებით შვენიერსა ღმერთსა და უგალობდეთ ყოვლადწმიდასა ქალწულსა მარიამს.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ღმრთისანო პატიოსანნო მსმენელნო, ვიქმოდეთ სიმართლესა, "რამეთუ მართალი თუ აღესრულოს, განსვენებასა შინა იყოს" (სიბრძნ.4,7). ვიქმოდეთ მოწყალებასა, რამეთუ მოწყალენი შეიწყალებიან და ფრთენი ასხენ ოქროსანი, აღფრინდებიან და სასუფეველსა შინა გვირგვინითა იდიდებიან კეთილად და ღმრთივშვენიერად განბრწყინვებულნი ხედვენ პირსა ღმრთისა იაკობისსა.

საყვარელნო, სიმდაბლე აღგვამაღლებს ჩვენ ქვეყანით ზეცად, მოწყალება და სიმართლე ფრთე გვექმნებიან, მორჩილება ცათა განგვიხვამს, სიწმიდე წინაშე საყდართა წარგვადგენს, ლოცვა უბიწო ღმრთისა თანა მზრახველგვყოფს, ხოლო სიყვარული გვირგვინითა შეგვამკობს და საუკუნოდ გვახარებს.

ჰე, გევედრები, მოვიგნეთ უკვჱ, საყვარელნო, ესე სათნოებანი, კურთხევით ვთესოთ და კურთხევითცა მოვიმკოთ, რათა მივემთხვივნეთ საუკუნოსა დიდებასა ღმრთისასა და ვხედვიდეთ ყოვლადბრწყინვალებასა ღმრთისმშობელისასა და ესრეთ უგალობდეთ:

1. გიხაროდენ, რამეთუ ყოვლადშვენიერ ხარ, მარიამ.
2. გიხაროდენ, რამეთუ ბიწი არა არს შენთანა.
3. გიხაროდენ, მზისა უბრწყინვალესო შარავანდედითა.
4. გიხაროდენ, მთვარისა უშვენიერესო ვარსკვლავთა სიმრავლითა.
5. გიხაროდენ, მთიებისა უნათლესო ცისკრითა ჰაეროვნებითა.
6. გიხაროდენ, ცათა უვრცელესო, ღმრთისა დამტევნელო ქალწულებითა.
7. გიხაროდენ, სასუფეველისა უმდიდრესო მრავალთა სულთა ცხოვნებითა.
8. გიხაროდენ, ანგელოსთა უპატიოსნესო ზესთა ბუნებისა სიწმიდითა.
9. გიხაროდენ, ძალთა მიერ საგალობელო ალლილუიასა ჴმობითა.
10. გიხაროდენ სერაფიმთა მიერ სადიდებელო წმიდა არსობითა.
11. გიხაროდენ, მამისა მიერ საყვარელო ძისა მშობელობითა.
12. გიხაროდენ, განღმრთობილო სულისა წმიდისა მადლითა.
და მოგვიხსენენ ჩვენ ყოველნი ტკბილითა მეოხებითა.

ჵ, ყოვლადდიდებულო, ცისა და ქვეყნის დედოფალო ღმრთივკურთხეულო ქალწულო მარიამ, აღიპყრენ წმიდანი ჴელნი ეგე მოწყალენი, რომლითა ჰმსახურე არსთა მფლობელსა ღმერთსა და ჴმა-ჰყავ მისა მიმართ მეტყველმან: "ძეო ჩემო სახიერო და ტკბილო, რომელმან კაცთა წყალობით ჩემგან ჴორცნი შეიმოსენ და ამაღლებული მარჯვენით მამისა დასვი და მეცა მარჯვენით შენსა მდგომარე მყავ დიდებით. აჰა, მეოხი ვარ ქრისტეანეთათვის, მიჰფინე სულიწმიდა მამისაგან გამომავალი და დაუმტკიცე მართლმადიდებლობაჲ, განაბრწყინვენ ეკკლესიანი, განსწმიდე მღვდელობაჲ, განაშვენე მეფობაჲ და აღამაღლე ქრისტიანობაჲ, შეიწყალე მოწყალენი გლახაკთანი და შემწენი უღონოთანი, ადიდენ მადიდებელნი დღესასწაულისა შენისა და მვედრებელნი სახელისა ჩემისანი, დაიფარენ და დაიცვენ ყოვლისა განსაცდელისაგან და კეთილისა ცხოვრებისა სრულმყოფელნი მოსცვალენ დიდებასა შენსა გამოუთქმელსა, რათა გიგალობდენ, გაკურთხევდენ და თაყვანის გცემდენ შენ თანა მამით და სულიწმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი »»
ბეჭდვა
1კ1