წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა თ (9), ღმრთივსახარულევანისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა თ (9), ღმრთივსახარულევანისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა
"მწუხრსა განისვენოს ტირილმან და ცისკარსა - სიხარულმან" (ფს.29,6).

სულითა წმიდითა წინასწარმეტყველებს მამათმთავარი იაკობ ქრისტესთვის მეტყველი: "მიწოლით მიიძინე, ვითარცა ლომმან" (დაბ.49,9), რომლისად მამა ჴმობს: "განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე" (ფს.56,9). ხოლო ძე მიუგებს: "მე განვიღვიძო განთიად" (ფს.56,9). ქალწული იტყვის ქრისტეს მიმართ: "მოვედ, სიხარულო ჩემო, და მიხსენ მათგან, რომელთა გარემოუცავ მე" (ფს.31,7). ხოლო იესო, ღმრთივშვენიერად აღმობრწყინვებული საფლავით, შეემთხვევის დედასა თვისსა და ბრწყინვალითა ხმითა ეტყვის: "გიხაროდენ!" ამისთვის ჩვენცა შესხმით უგალობდეთ დედასა ნათლისასა მეტყველნი:

1. ეჰა, სიხარულისა საუნჯეო ქალწულო მარიამ, გიხაროდენ.
2. პირველ მთავარანგელოსმან გაბრიილ გრქუა: გიხაროდენ.
3. და აწ დიდისა ზრახვისა ანგელოსნი იესო გეტყვის: გიხაროდენ.
4. და ვინ მორწმუნეთაგანმან არა გიღაღადოს: გიხაროდენ.
5. ჰე, ნამდვილვე ჭეშმარიტად ღირს არს და მართალ, რათა მარადის ვიტყოდეთ: გიხაროდენ.
6. გიხაროდენ, სამღთოისა სიხარულისა მიზეზო.
7. გიხაროდენ, აღდგომაო დაცემულთაო.
8. გიხაროდენ, ამაღლებაო მდგომარეთო.
9. გიხაროდენ, მწუხარებისა დამხსნელო.
10. გიხაროდენ, სიხარულისა მომატყვებელო და მაცხოვარო შენდა მოლტვილთაო.

გიხაროდენ თქვენცა, ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, აღდგომისათვის ქრისტესისა და მის მიერ აღდგომისათვის ბუნებისა ჩვენისა, განვბრწყინდეთ სულითა, განვნათლდეთ გულითა და მხიარულისა პირითა ლამპარშემოსილთა შევსწიროთ ქალწულსა მარიამს გიხაროდენი, რამეთუ გიხაროდენისა ძლით მრავალნი სულნი აცხოვნა ღმრთისმშობელმან, რომელთაგან ერთი მოგითხრა.

იყო ვინმე ქალწული სახითა მოწესე, რომელსა ფრიად უყვარდა ღმრთისმშობელი, ჭეშმარიტად ყოვლადსაყვარელი ქალწული მარიამ და სურვილითა მისითა ყოველსა ჟამსა იტყოდა ოცდაოთხსა მუხლსა გიხაროდენსა, არცა ჭამასა შეისრულებდა, არცა ძილსა, არამედ დაუცხრომელად გიხაროდენს ილოცვიდა და ჴელთსაქმარსაცა შინა არავე დაიდუმებდა ქებასა ღმრთისმშობელისასა. და ჴელთსაქმრისა მიერ მოგებულითა დაუჯდომლებს იყიდდა, და რომელთაცა არ აქუნდის, სულიერ სიყვარულად მისცემდა ამის გულისსიტყვის განზრახვითა, ვითარმედ რაჟამს ეძინოს მას, ანუ ჭამასა შინა იყოს და ვერ ეძლოს გიხაროდენისა თქმაჲ, მაშინ მის წილ მის მიერ ქმნილი სულიერი მოწყალება ღაღადებდეს ღმრთისმშობელისა მიმართ გიხაროდენსა, და ამის სიბრძნით განზრახვითა სრულ იქმნებოდა მის მიერ სამარადისო ლოცვაჲ, ვითარცა სამღთო მოციქული იტყვის: "მარადის გიხაროდენ, მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინა ჰმადლობდით" (1 თესალონიკ. 5,16-18) .

და ოდეს ინება ღმრთისა დედამან საუკუნოსა სიხარულისა მინიჭება ტრფიალისა მისა თვისისა, ანგელოსი მშვიდობისა მოუვლინა მაუწყებელად მიცვალებისა მისისა და ღირსებით განმზადებულმან გიხაროდენისა ლოცვასა შინა განწმედილი სული თვისი ჴელთა ღმრთისმშობელისათა შეჰვედრა და ძილი იგი მართალთა დაიძინა სანატრელმან.

ხოლო ყოვლადმოწყალისა ღმრთისა დედამან სასწაულად ცხოვნებისა მისისა ესე გამოაჩინა, რომელ საფლავსა ზედა მის ქალწულისასა აღმოსცენდა ვარდი შვენიერი და ყოველსა ფურცელსა სიწითლესა შინა თეთრად ეწერა: გიხაროდენ, გიხაროდენ, გიხაროდენ.

იხილეთ და გულისჴმა ჰყავთ, საყვარელნო ღმრთისანო და პატივისმცემელნო ღმრთისმშობელისანო, უკეთუ ქვეყანასა ზედა ესრეთ ადიდა ქალწულმან მარიამ მოყვარე თვისი, რაოდენ უდიდესად სასუფეველსა შინა განაბრწყინვოს და სიხარულითა გამოუთქმელითა გვირგვინოსან ჰყოს მსასოებელნი თვისნი და წმიდის გულითა გიხაროდენისა შემწირველნი.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, დღესასწაულის მოყვარენო პატიოსანნო უფალნო, ჩვენცა შევიყვაროთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ქალწული მარიამ და მარადის წმიდის გულითა გიხაროდენსა შევსწირვიდეთ, ჴელითა ჩვენითა: ვსცეთ მშიერთა საზრდელი, შიშველთა - სამოსელი, მოქენეთა - მოწყალება მხიარულებით და ვჰრქუათ: ჩვენთანა გიხაროდენ, ძმაო, რომელ დღეს მხიარულება და სიხარული ჯერ არს, რამეთუ ბუნება ჩვენი "მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედილ იყო და იპოვა" (ლუკ. 15,24; 15,32), რათა ჩვენცა გვიბრძანოს იესო ტკბილმან: "გიხაროდენ სათნოებისა მოქმედთა, რამეთუ სახელები თქვენი დაიწერა ცათა შინა" (ლუკა.10,20).

და ვინაითგან ანგელოსნი უგალობენ ცათა შინა მეუფესა, ხოლო ჩვენცა, ძმანო, ქვეყანასა ზედა სიხარულისა მიზეზსა ქალწულსა მარიამს უღაღადოთ წმიდის გულითა და ბრწყინვალითა ჴმითა:

1. გიხაროდენ, სამოთხისა ყვავილო.
2. გიხაროდენ, ვარდო დაუჭნობელო.
3. გიხაროდენ, ნარდიონო კეთილსუნნელო.
4. გიხაროდენ, ნელსაცხებელო მრავალსასყიდლისაო.
5. გიხაროდენ, მურისა და ალოსა უსუნნელესო.
6. გიხაროდენ, მირონისა უსაიდუმლოესო.
7. გიხაროდენ, მანანაჲსა უტკბილესო.
8. გიხაროდენ, წყაროო ცხოვრებისაო.
9. გიხაროდენ, შემსხმელთა შენთა სიხარულო და მვედრებელთა უეჭველო სასოებაო.

ჵ, ყოვლადდიდებულო ღმრთივბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, მოგვხედენ ტკბილითა და მხიარულითა თვალითა შენითა და მოჰფინე ეკკლესიათა განბრწყინვება, მეფეთა - განათლება, ქრისტეანეთა - მხიარულება და მრავალსა აღდგომასა ღირსყოფა და უფროსღა - ყოველთა აღდგომასა მხიარულად მიგებება ჩვენთვის ჯვარცმულისა და აღდგომილისა ძისა შენისა და მისთანა სასუფეველსა ამაღლება და საუკუნოსა დიდებასა შინა დაუსრულებელი სიხარული, სამარადისო სუფევა, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა მადლობა, მართალთა თანა თაყვანისცემა ყოვლადვე კურთხეულისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვა
1კ1