წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
სულიწმიდა პირველ საუკუნეთა ნათელია, იგია საუკუნო ცხოველმყოფელი ცეცხლი, ცხოვრების მომცემელი და თვით სიცოცხლეც. იგია გონება და ძალა, რომლის სიღრმის წვდომასა და აღწერას ვერასდროს შეძლებს ვერც ერთი მოკვდავი, და არა მარტო მოკვდავი, თვით ზეციურ ანგელოზთა დასნიც კი. ვინც იტყვის, ვიცი სულიწმიდაო - ცდება, რადგან მხოლოდ ღმერთმა უწყის ჭეშმარიტად მის შესახებ, რამეთუ თავად ღმერთია იგი: "ღმრთისა არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისაგან".
(I კორ. 2,11).

ფარისეველი ასე განაგრძობდა თავის გულში ლოცვას: ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა. ვაიმე, ძმაო, რა საშინელი და ზარ-დამცემი აზრი გამოსჭვივის ამ სიტყვათაგან. თურმე მარხვა და მსხვერპლის შეწირვა ორნაირი ყოფილა! თურმე მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაც ზოგჯერ შედეგია არა სინანულისა და ღვთისმოყვარებისა, არამედ ამპარტავნებისა! თურმე შესაძლებელი ყოფილა, მარხვაც და მსხვერპლის შეწირვაც ნიშნავდეს და მოასწავებდეს არა მადლსა და ღვთისმსახურებას, არამედ მხოლოდ ცოდვასა და ღვთის წინააღმდეგობას! მაშ, რისთვის იქებდა ფარისეველი თავს, ეს რომ ასე არ იყოს?!

ჩვენ, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს, გვაქვს საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი. ეს გამოჩნდება ხოლმე უმეტესად იმით, რომ ხშირად ჩვენი სიტყვები არიან ჩვენივე საქმეების წინააღმდეგნი და ჩვენი გარეგნულობა არ ეთანხმება ჩვენსავე შინაგან მდგომარეობას. ის კი მართალია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, დაწყებული დაბალი ხალხის წრიდან ვიდრე თავად-აზნაურობამდე, აქვთ და იციან უმეტესი ზრდილობა და თავაზიანობა, ვიდრე კავკასიის სხვა მცხოვრებლებს, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ზრდილობასა და თავაზიანობას ხშირად გაერევა ხოლმე ფარისევლობა. მგონია, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი გულწრფელად იქცევა.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ბეჭდვა
1კ1