წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
რატომ მოივლინა ცეცხლოვანი ალი მოციქულთა თავზე ენების სახით? იმიტომ, რომ მოციქულებს ენით უნდა ეუწყებინათ ხალხისთვის კეთილი, სასიხარულო ამბავი - ჭეშმარიტებისა და ცხოვრების სახარება, სწავლება მონანიებისა და პატიებისა. სიტყვით უნდა ესწავლებინათ, სიტყვით განეკურნათ, სიტყვით ენუგეშებინათ, სიტყვით ერჩიათ და ემართათ, სიტყვით შეექმნათ ეკლესია. დაბოლოს, სიტყვით დაეცვათ თავი. რამეთუ უქადაგა და უწინასწარმეტყველა მათ მაცხოვარმა, არ შეშინებოდათ მჩაგვრელების და არ ეზრუნათ, თუ რა ეპასუხათ სამსჯავროზე: "არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაი" (მარკ. 13,11). და იყო კი შესაძლებელი ჩვეულებრივი ადამიანური ენით უდიდესი და სასიხარულო ამბის ხარება - რაც კი ოდესმე მისწვდენია კაცთა ყურს: ცნობა იმის შესახებ, რომ უფალი მოევლინა ადამიანებს მიწაზე და განუხვნა მათ კარნი უკვდავებისანი? განა ადამიანისაგან და მოკვდავი ადამიანური ბუნებისაგან იყო შესაძლებელი, დაღვრილიყო ეს ცხოველმოქმედი ბალზამი რომის იმპერიისა და სამყაროს მკვდარ სხეულზე? არა, არასოდეს. მხოლოდ ცეცხლოვანი სულიწმიდისაგან, რომელიც წმიდა მოციქულთა ბაგეებით აფრქვევდა მიწიერ წყვდიადში ზეციურ ნაპერწკლებს.
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

"ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და მწიგნობართა", - ასე აფრთხილებდა მაცხოვარი მოციქულებს. ნახე, რას ამბობს მოციქული პავლე: "მცირემან ცომმან ყოველივე შესვარული აღაფუვნის" (გალ. 5.9). თუ ფარისევლობის მცირედი ცომიც კი შეგეპარა გულში, შენს ყოველ საქმესა და სიტყვას ცუდ გემოს მისცემს. ამიტომ ეცადე, რომ ყოველი შენი საქმე იყოს გულწრფელი, განწმენდილი გონებიდან გამომდინარე, პირუთვნელი. "ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, - გვარიგებს იგივე მოციქული პავლე, - გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა" (კოლ.3.23). ყოველი საქმე გულითადად აღასრულე, ნუ გაურევ ნურც საქმეში, ნურცა სიტყვაში მზაკვრობასა და ფარისევლობას.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ბეჭდვა
1კ1