წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისეცე მოგექცევა შენც ღმერთი.
ნეტარი ავგუსტინე

ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში ან მიწაში დავმალოთ, იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზე, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: "რასაცა გასცემ - შენია, რას არა - დაკარგულია". ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

* როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო, მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო, უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო?! მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი, გზა ცხოვრებისა, აი, ხიდი ცხონებისა, აი, გასაღები სამოთხისა!..
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ბეჭდვა
1კ1