წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
როდესაც ქრისტე აღსდგა, ანგელოზი ციდან დაეშვა, მივიდა საფლავთან, შიშის ზარი დასცა მცველებს, ბეჭედი შემუსრა და ლოდი გადააგორა, შემდეგ კი ლოდზე დაჯდა და დედებს დაელოდა. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ, ანგელოზმა აუწყა ქრისტეს აღდგომა და უბრძანა, რომ ეს ამბავი მოციქულებისთვისაც გადაეცათ. წმინდა დედები პირველები იყვნენ, ვისაც უფლის სიყვარულისთვის, მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, რომ პატივი მიეგოთ ყოვლად წმინდა გვამისთვის, ქრისტეს აღდგომის ზუსტი და სარწმუნო უწყება მიეცა.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

აღსარება ღვთის იმხელა საიდუმლოებაა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება მასში. ის ღვთის ყველაზე დიდი წყალობაა დედამიწაზე.
ღირსი გაბრიელი

ბოროტებისგან მოკვდინებულ მოაზროვნე ბუნებას აღადგენს ქრისტე ყოველთა საუკუნეთა განჭვრეტის გზით (ე.ი. ეს ბუნება გააცნობიერებს მთელ ჟამს და ჩადენილ ცოდვათა გამო სინანულად მოიქცევა), ხოლო ქრისტეს მამა იმ სულს, რომელიც მოკვდა ქრისტეს სიკვდილით, აღადგენს თავისი ცოდნის გზით (ე.ი. ის სული, რომელიც ნათლისღებას ეზიარება საღვთო ცოდნის გზით, რაც მამისაგან ძის მიერ სულიწმინდაში მიემადლება მას, აღდგომილ მაცხოვართან ერთად იცოცხლებს საუკუნო ნეტარებით). აი, ესაა ის, რაც პავლესგან ითქვა: "თუკი ქრისტესთან ერთად მოვკვდებით, გვწამს, რომ მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ" (რომ. 6.8; შდრ. II ტიმ. 2.11).
წმინდა ევაგრე მონაზონი

ჩვეულებაცა და სამართალიც ითხოვს ჩვენგან ყოველი კვირა დღის პატივისცემასა და მის დღესასწაულობას, ვინაიდან ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ ამ დღეს მოგვმადლა ჩვენ მკვდრეთით აღდგომა. ამის გამო საღვთო წერილში ამ დღეს ეწოდება პირველი, როგორც ჩვენი ცხოვრების დასაწყისს, და მერვე, როგორც ურიების (იუდეველების) შაბათობაზე ზეაღსრულს.
წმინდა თეოფილე ალექსანდრიელი

ბეჭდვა
1კ1