წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ზეციური მამის ძენო და მისი სუფევის მემკვიდრენო, მისდიეთ, იჩქარეთ, იტირეთ, გიხაროდეთ, აცვრიეთ სიყვარულის ცრემლი. ჩაიძიეთ თქვენი გონებით მასში, ვინც თავისი სხეული ჩაფლა მიწაში, რათა ჩვენ ვეცხონებინეთ. ტკბილი იესო გარდამოხდა, რათა ჩვენ ავმაღლებულიყავით, მოკვდა და აღდგა, რათა ჩვენ აღვედგინეთ. გიხაროდეთ, იშვებდით, რადგან ღირსნი გახდით მისი ძეობისა, დატკბობისა მისი მარადიული სიკეთეებით და ჯერ კიდევ აქ თანასიხარულისა მის უსაზღვრო სიყვარულში.
იოსებ ათონელი (ისიხასტი)

ჩვენი სიყვარული - ქრისტეს ვნებებს, ჩვენი რწმენა მის აღდგომას, სასოება მის ამაღლებას ეფუძნება.

ქ რ ი ს ტ ე  ა ღ დ გ ა !

აღდგა წყარო ცხოვრებისა და ჭეშმარიტებისა, წყარო სილამაზისა და სიკეთისა.

ხარობს დღეს წმინდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული.

აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს აღდგომისა - სიცოცხლის მომნიჭებელმა უფალმა შემუსრა ჯოჯოხეთი და დაამარცხა სიკვდილი.

ქრისტე აღდგა!

გიხაროდეთ, დადგა ჟამი ზეიმისა!

* ჩვენმა სულმა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ყველა საფეხური უნდა გაიაროს, თვით ჯვარცმაც, რომ შემდეგ აღდგომილი და ამაღლებული იქცეს ღვთაებრივი სიყვარულის ტაძრად, სულიწმიდის სავანედ.

* აღდგომის საიდუმლოს აღქმა მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის საშუალებით ხდება. კარგად ამბობს ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი: "ეკლესია არის ჩვენი ზიარების საშუალება აღდგომილი ღმერთის ცხოვრებასთან".

* ყოველი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე სულიერი სიხარულის მომტანია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული მაინც სულ სხვაა; იგი ზეიმია ცისა და მიწისა, რადგანაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვგრძნობთ და განვიცდით.
ილია II

ბეჭდვა
1კ1