ღირსი გაბრიელის გამონათქვამები
ღირსი გაბრიელის გამონათქვამები
ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.

* ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.

* ჯერ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ გასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო.

* ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ.

* სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.

* როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.

* შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის.

* თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ, იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც.

* იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია.

* ღმერთის სახელს როცა ახსენებ, ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გადაისახო.

* გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.

* ნუ ზრუნავთ ხორცისათვის, იზრუნეთ სულისათვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.

* როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?

ბეჭდვა
1კ1