წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
თუ სულიერი მშობლები ვართ ვინმესი, ანუ ნათლობის საიდუმლოს თანაზიარნი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თუ საქმის ვითარება არ გვაძლევს უფლებას მივიღოთ უშუალო მონაწილეობა ჩვენი ნათლულების აღზრდაში, ვალდებულები ვართ, ვილოცოთ მათთვის. მაგრამ ჩვენ არც ვლოცულობთ სათანადოდ და თუ ისინი ღმრთის მგმობელები გაიზრდებიან, ან თუნდაც ურწმუნონი, ამაში მშობლებთან ერთად ჩვენც ვიქნებით დამნაშავენი.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

უხმარ მონას იმათ ვუწოდებთ, რომელნიც მოინათლნენ, მაგრამ აღთქმანი, რომლებიც დადეს ნათლისღებისას, კეთილად არ დაიმარხეს. ხოლო უცხოსა და მტერს ღვთისას იმათ ვუწოდებთ, რომლებიც მოუნათლავნი არიან და ურწმუნონი, ან ბოროტად მორწმუნენი. ღვთისმბრძოლნი და მოწინააღმდეგენი კი ისინი არიან, რომელთაც არათუ მარტო საკუთარი თავიდან განუგდიათ შიში ღვთისა, არამედ ებრძვიან და ეწინააღმდეგებიან მათ, რომლებიც ღვთის ნებას აღასრულებენ.
წმინდა იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვის მიმართ ნათელ-იღე? - მამის მიმართ! კარგი. მაგრამ ეს იუდეველურიცაა. ძისა მიმართ! კარგი, ეს უკვე აღარ არის იუდეველური, მაგრამ კიდევ არც სრულყოფილია... სულიწმიდის მიმართ! - შესანიშნავია, ეს უკვე სრულყოფილია, მაგრამ უბრალოდ მხოლოდ მათ მიმართ და მათ მიერ ნათელ-იღე თუ მათი საერთო სახელით? - დიახ, მათი საერთო სახელით - ყოვლადწმიდა სამების სახელით ნათელ-იღე.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
წმინდა ილია მართალი

ბეჭდვა
1კ1