აკაკი წერეთელი - ქართულ ღვინოსა და სუფრაზე
აკაკი წერეთელი - ქართულ ღვინოსა და სუფრაზე
აკაკი წერეთელი თავის მოგონებებსა თუ ლექსებში ხშირად და სხვადასხვა კონტექსტით მოიხსენიებს ქართულ ღვინოს სუფრას თუ ტრადიციულ სასმისებს და, შეიძლება ითქვას, მათი ასეთი მრავალფეროვნებით წარმოჩენა მე-19 საუკუნის მწერლობაში განსაკუთრებულად მკაფიოდ სწორედ აკაკისთან გვხვდება. (ვკითხულობთ აკაკი წერეთელის "კახეთში მოგზაურობაში" (ტ.13, გვ. 310)).

აკაკი წერეთლის ნაკლებად ცნობილ ტექსტში "კახეთში მოგზაურობა" თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ ემოციებს აღძრავდა პოეტში ყველაფერი, რაც ღვინოს უკავშირდება. ჩვენს მკითხველებს ვთავაზობთ ამონარიდს ამ საინტერესო ტექსტიდან, რომელიც აკაკიმ უკვე სიბერეში დაწერა: "ერთხელ გრიგოლ გურიელმა მითხრა ოზურგეთში, რომ ერთ მოხუცს, ნაკაშიძეს, შენი ნახვა ენატრება და, თუ ნებას მომცემ, ცხენს გავუგზავნი – აქედან შვიდ ვერსტზეა – და ჩამოვაყვანიებო.

მართლაც, იმ ღამეს ვემოვიდა მოხუცი და სიამოვნებით შემომყურე და, თუმცა კი ლაპარაკით თავს არ გვაწყენდა. გავაბით საუბარი ჩვენებურ ლხინებ-შექცევაზე და მე მაშინ ის აზრი წარმოვსთქვი: რა სჯობს იმას, როდესაც მასპინძელი ისე მიგიღებს, როგორც შინაურს-მეთქი? მოხუცი ნაკაშიძე ყურს გვიგდებდა, არას ამბობდა და როცა გამოგვეთხოვა, დიდის მოწიწებითა გვთხოვა, რომ პარასკევს იმას ვწვეოდით. ჩვენც, რასაკვირველია, სურვილი ავუსრულეთ. მიგვიღო შინაურულათ, სადილზე სამარხვოს მეტი არა მოუტანია რა, მაგრამ იმ სამარხვოების ჭამას არა სჯობდა რა. დღესაც კიდევ პირში მაქვს მაშინდელი გემო...

სუფრაზე არც ტოლუმბაში, არც "მრავალჟამიერი" და არც სადღეგრძელოები, მაგრამ ისე კი გავმხიარულდით ყველა, რომ ძალდაუტანებლად შევზარხოშდით, თითქოს რაღაც უმანკო ძალა გვხიბლავდა ყველას. ნასადილევს, წასვლის დროს, მასპინძელი მიუბრუნდა გრიგოლ გურიელს და მადლი გადაუხადა: "ბატონიშვილო, ღმერთმა ნუ დაგივიწყოს, რომ გახსოვარ და ეს ყმაწვილი გამაცანი, – მე მეგონა, რომ ღვინის დაძალება და სმა ახალისებდა კაცს, ახლა გამოდის, რომ მხიარულება და სიამოვნება ასმევს თურმე კაცს ღვინოს. იცოცხლე, დღეს მე დაგიხვდებოდით, როგორც ჩვეულება მქონდა; ძროხასაც თავს გავაგდებიებდი და საკლავებსაც ბევრს მივაყოლებდი, მაგრამ თურმე სულ ტყუილი ხარჯი იქნებოდა, თქვენ ლობიო გრჩევნებიათ.

სხვა რომ ვინმე დამეპატიჟნა, ასი მანეთით ვერ გადავრჩებოდი და თქვენზე კი არ დამხარჯვია რა, მაგრამ, რავარც ვხედავ, არც თქვენ, სტუმრები, დამირჩით ნაკლებ ნასიამოვნები და მეც კმაყოფილი ვარ!... ახლა კი, ჩემო ბატონიშვილო, ეს შესაწირი, თქვენ რომ უფასო შკოლა გამართეთ, მისი იყოს, იმას ცოტას წაეხმარება და მეც მოგებაში ვარო...ეს უთხრა და ოცდახუთ მანეთიანი გადასცა. მას აქეთ ბევრი ლხინი დამვიწყებია, მაგრამ ეს კი საფლავის კარებამდი მიმყვება."


ბეჭდვა
1კ1